Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაში განხილვის მთავარი თემა ბაჩო ახალაიას დაკავება და მის მიმართ წაყენებული ბრალდებებია.

”ბაჩო ახალაიას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება” - ასეთი სათაურით იბეჭდება სტატია ”ვერსიაში”. სათაურში გამოთქმული პროგნოზი ახალაიას მიმართ პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო წაყენებულ ბრალდებას ეფუძნება. გარდა ამისა, სტატიაში ჩამოთვლილია ის ბრალდებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გაისმის ბაჩო ახალაიას მიმართ. ”ვერსიის” ავტორი წერს: ”ეს გახმაურებული საქმეების მხოლოდ ნაწილია, რასაც გამოძიების ენაზე ჭორი, მონაყოლი ან სხვა უფრო შესაბამისი ეპითეტი შეეფერება, მაგრამ აიყვანო მკვლელი, გამაუპატიურებელი, ავხორცი, ბუნტის ხელოვნურად მომწყობი, პატიმრების მწამებელი და ა.შ. ყოვლად უსუსური, სასაცილო, აბსოლუტურად არაფრისმთქმელი ბრალდებით, გაგდებული თანამშრომლების ჩვენების საფუძველზე, ეს მართლაც არასერიოზულია!”

ამავე გაზეთში ლალი მოროშკინასთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”კი, ერთი მე ავჩანგლე ფხაკაძე და მეორე ახალაიაა პოლიტპატიმარი. მეტიც, ანალოგიურად უნდა მოხდეს მისი ძმის და მამის დაპატიმრებაც და, ვფიქრობ, მათ პირდაპირი გზა აქვთ იქ მოსახვედრად”, - აცხადებს მოროშკინა.

”ახალ თაობას” უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ეუბნება: ”მთავარი ის არის, რომ თვითონ ხელისუფლებამ არ გააკეთა სწორად, როდესაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ არსებობს უამრავი სამხილი, არსებობს უამრავი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი და ამ დროს ასეთი მარტივი, შედარებით მსუბუქი დანაშაულის გამო არის ის პატიმრობაში”, - ამბობს ნანა კაკაბაძე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც 2006 წლის ციხის ბუნტის შესახებ სხვადასხვა პირის მიერ მიცემულ ჩვენებებსაც იხსენებს.

”რეზონანსის” ერთ-ერთი ავტორი წერს: ”ბაჩო ახალაიას დაბრუნებასა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოსვლას წინ ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკება და უსაფრთხოების გარანტიის მიღება უძღოდა, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობა” თამაშგარე მდგომარეობაში იყო. სწორედ ამიტომ არიან ახლა შეშინებულები და უმცირესობის უკლებლივ ყველა წევრი გამოდის და იცავს ახალაიას, რათა ”პირი არ მოაღოს” და ზედმეტი არ ილაპარაკოს”.

”უიკენდის” დღევანდელ ნომერში დიდი ადგილი ეთმობა მოსაზრებებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობის შესახებ. ერთ-ერთია ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის სტატია - ”რა უნდა ბიძინა ივანიშვილს?”. ავტორი თვლის, რომ ”ყველაზე მთავარ კითხვას - დაიწყებდა თუ არა ახალი პრემიერ-მინისტრი რევანშიზმს და პოლიტიკურ რეპრესიებს, უკვე გაეცა პასუხი. თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ახალი ხელისუფლება ახალაიას პირველი შესაძლებლობისთანავე დაიჭერდა. მაგრამ თითქმის ვერავინ იფიქრებდა იმასაც, რომ მისი დაჭერის საბაბი ასეთი, ცოტა არ იყოს, კომიკური იქნებოდა. და მას, უტრირებულად რომ ვთქვათ, ვაშლის ჭრისათვის დააპატიმრებდნენ”. ასევე ”უტრირებულად” ეკა კვესიტაძე ”ვაშლის ჭრაზე დასწრებასა და ყურის აწევას” ასახელებს გენშტაბის ყოფილი უფროსისთვის წაყენებულ ბრალდებას. ”ვის ეპარება ეჭვი, რომ ჯარში ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა ერთხელ მაინც არავის მიუყენებია. ან ვის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ნებისმიერ სამსახურში შეიძლება 5 ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც იტყვის, რომ მას მისმა უფროსმა თავში წამოარტყა”.

ჟურნალ ”არსენალში” დღეს თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”ვიცი, რომ ძალიან ბევრი, ძალიან ღირსეული სამხედრო მოსამსახურე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსვხერპლი გახდა, მაგრამ ყველა საქმე ინდივიდუალურად იქნება შესწავლილი და შემდგომ განხილული. რა თქმა უნდა, სასამართლოს ფუნქციებში ვერ ჩავერევით, მაგრამ ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც თავის დროზე სხვადასხვა მიზეზით სამსახურიდან დათხოვილი ამა თუ იმ სამხედრო მოხელის საქმეს შეისწავლისო”, - განუცხადა ირაკლი ალასანიამ ”არსენალს”.
XS
SM
MD
LG