Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დგას პროკურორ ქირიას მკვლელობის უკან


რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებლის, გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას მეუღლე მრავალ კითხვის ნიშანზე ლაპარაკობს და დამოუკიდებელი ექსპერტიზის იმედი აქვს. მარინა ნიკოლოზაშვილი გამორიცხავს გამოძიების ვერსიას, თითქოს მისმა მეუღლემ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ (პაატა) ქირია მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. როგორ უკავშირებს გამოძიება ერთმანეთს მოკლულ პროკურორსა და მის სავარაუდო მკვლელს?

„თბილი და არაჩვეულებრივი“ – ასე ახასიათებს ბიძინა კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზაშვილი ნათესაურ ურთიერთობებს პროკურორ ვახტანგ (პაატა) ქირიას ოჯახთან და, ეჭვების მიუხედავად, ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი დასკვნების გამოტანისგან:

„ექსპერტის დასკვნა ჯერ არ დადებულა, პროკურატურის დასკვნა ჯერ არ დადებულა, ამიტომ კორექტულობას იჩენს ჩემი ოჯახიც... კითხვები, რა თქმა უნდა, არის და ამიტომ ველოდებით დასკვნას... გვინდა ჯერ, რომ რაღაც პერიოდი მოვითმინოთ... რაც შეეხება მის (ბიძინა კუჭავას) თვითმკვლელობას, მის (ბიძინა კუჭავას) ქმედებას ქირიასთან მიმართებით, საერთოდ უარვყოფ ამას... არ მჯერა, რა თქმა უნდა“.

მარინა ნიკოლოზაშვილი დეტალებს არ აკონკრეტებს იმ ეჭვებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული დასკვნისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს მიმართა. წინასწარი ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სხეულზე ძალადობის კვალი აღენიშნება. გარდაცვლილის ოჯახისგან მიღებული შეთავაზება მაია ნიკოლეიშვილმა რადიო თავისუფლებასთანაც დაადასტურა. შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი:

„გარეგნული დაზიანებების შესახებ რაც იქნება, მაშინვე შემიძლია ვთქვა, მაგრამ, ალბათ, საჭირო გახდება ასევე მანქანის დათვალიერება. ვნახოთ, იცით... რომ ვნახავ, რა არის დაზიანებები, შეიძლება კიდევ სხვა რამეც გახდეს საჭირო. მოვილაპარაკებთ (ოჯახთან), ვნახოთ“.

გამოძიების ინფორმაციით, რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა, რომელსაც ბრალად ედება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობა, 17 იანვარს "მერსედესის" მარკის ავტომანქანით ორ პირთან ერთად გადაადგილდებოდა საბურთალოდან ორთაჭალის მიმართულებით. სამართალდამცველებმა ეს ავტომანქანა გააჩერეს და, შს სამინისტროს ცნობით, „პოლიციელების დანახვისთანავე, ბიძინა კუჭავამ ამოიღო მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და თავის არეში ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ადგილზევე გარდაიცვალა“.

ამ ეტაპზე გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული დანაშაულის სავარაუდო მოტივი, თუმცა გახმაურდა კონკრეტული დეტალები, რომლებზე დაყრდნობითაც გამოძიებამ ერთმანეთთან დააკავშირა სავარაუდო მკვლელი ბიძინა კუჭავა და მოკლული ვახტანგ ქირია. ქირიას ცხედარი 16 იანვარს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მე-7 კვარტალის 24-ე კორპუსის ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში აღმოაჩინეს. გამოძიების თანახმად, „მას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო თავის არეში - ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები“. იქვე გამოიკვეთა დანაშაულის დაფარვის მცდელობის კვალიც, რაზეც 17 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ ილაპარაკა:

„სისხლის კვალის მოსასპობად აბაზანაში დამაგრებული იყო მასის ასაწევად საჭირო ე. წ. ტალი, ხოლო ვახტანგ ქირიას სხეულს ემჩნეოდა მისი დანაწევრების საწყისი ეტაპისათვის დამახასიათებელი კვალი. იქვე იყო ე. წ. „ბალგარკა“, რომელსაც ასევე ემჩნეოდა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლის კვალი და დიდი საგნების გადასატანად საჭირო გორგოლაჭებიანი ჩანთა... პარალელურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ ბინა, რომელშიც ვახტანგ ქირიას ცხედარი აღმოჩნდა, ნაქირავები ჰქონდა 1962 წელს დაბადებულ ბიძინა კუჭავას და იქ არსებული დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ნივთებიც რამდენიმე დღით ადრე მის მიერვე იყო შეძენილი ე. წ. ელიავას ბაზრობაზე“.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, „ბიძინა კუჭავას ტანსაცმლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა, სავარაუდოდ, ადამიანის სისხლით დასვრილი, ვახტანგ ქირიას კუთვნილი ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, ხელთათმანები, 3 ცალი მობილური ტელეფონი და სხვა“. ვიდრე ცხედარს იპოვიდნენ, გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, რადგანაც პროკურორი ქირია 13 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა მისი ცხედრის აღმოჩენის შემდეგ საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბიძინა კუჭავასთან კარგ ნათესაურ კავშირს ვახტანგ ქირიას ნათესავებიც ადასტურებენ და, როგორც მედიის წარმომადგენლებს უთხრა მისმა ნათესავმა, რუსუდან პაჭკორიამ, საქმეში კუჭავას გამოჩენამ ყველა დააბნია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG