Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთე/რთ-ის ჟურნალისტების შევიწროება ბაქოში


აზერბაიჯანის პროკურატურამ დალუქა რადიო თავისუფლების ბაქოს ბიურო
აზერბაიჯანის პროკურატურამ დალუქა რადიო თავისუფლების ბაქოს ბიურო

(ვაშინგტონი -- 27.12.14) როგორც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტები იტყობინებიან დღეს, პოლიცია მათ მიმართ ინდივიდუალურ დევნას ახორციელებს, სახლებში აკითხავს და დაკითხვაზე მიჰყავს ისინი მას შემდეგ, რაც გუშინ ბაქოს ბიუროს წინააღმდეგ რეიდი განხორციელდა.

რეიდის ფარგლებში, - რომელიც ბიუროს იურისტთა თანახმად, „აზერბაიჯანული სტანდარტებითაც კი უპრეცედენტოა“, - 27 დეკემბერს, საღამოს, პოლიციამ სახლებში მიაკითხა ბიუროს სულ ცოტა ოთხ წარმომადგენელს და მათ დაკითხვისთვის პროკურატურაში წაყოლა მოსთხოვა. კიდევ რვა ჟურნალისტი ორშაბათისთვის დაიბარეს დაკითხვაზე.

„ამ ადამიანებს ძალითა და მუქარით მიათრევენ პროკურატურაში“, თქვა ერთ-ერთმა ადვოკატმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის საჯაროდ გაცხადება არ ისურვა მისი პირადი უსაფრთხოების დასაცავად. „მათ კვირის ბოლოს იძახებენ საშუალებას არ აძლევენ ჰყავდეთ იურიდიული დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ, აზერბაიჯანის კანონით, მოწმეს ჩვეულებრივ ტელეფონით ან ოფიციალური უწყებით იძახებენ, რათა ადვოკატს საშუალება ჰქონდეს, ჩაერთოს საქმეში“.

რთე/რთ-ის მთავარმა რედაქტორმა და ერთ-ერთმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ნენად პეიჩმა დაგმო პოლიციის მოქმედება და თქვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება „ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დაშინებას ეწევა“.

ერთ შემთხვევაში პოლიციას კარი გაუღო ჟურნალისტის დედამ, რომელსაც უთხრეს, რომ რთე/რთ-ის ბიურო დახურულია და რომ მისი ქალიშვილი მათ უნდა წაჰყვეს „გასაუბრებისთვის“. გარდა ჟურნალისტებისა, პოლიციამ ბიუროს დამლაგებელ ქალსაც მიაკითხა სახლში.

თანამშრომლებს, რომლებმაც მათ დაკითხვაზე ადვოკატის დასწრება მოითხოვეს, უთხრეს, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათ ძალით წაიყვანენ პროკურატურაში. ბიუროს ადვოკატს, რომელმაც მოითხოვა, დაცულ იქნეს მისი კლიენტების უფლება მოლაპარაკება იქონიონ დაცვასთან, საქმის მთავარი გამომძიებელი იკბალ ჰუსეინოვი ადვოკატობის უფლების ჩამორთმევით დაემუქრა.

პარასკევს პოლიციის რეიდზე კომენტარი გააკეთა მმართველი იენი აზერბაიჯანის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სიავუშ ნოვრუზოვმა და თქვა, რომ ეს ეროვნული უშიშროების საკითხია. ადგილობრივ ინტერნეტპორტალ Media Forum-თან საუბარში მან თქვა: „შემოწმება უნდა ჩატარდეს ყველგან, სადაც უცხოური დაზვერვისთვის და სომხური ლობისთვის მუშაობენ“.

მსგავსი პროცესის ფარგლებში, ბაქოს სასამართლომ გუშინ მოისმინა და უკუაგდო გამომძიებელი ჟურნალისტის, რთე/რთ-ისთვის მომუშავე ხადიჯა ისმაილოვას სააპელაციო განაცხადი. ისმაილოვა საპატიმროში რჩება მას მერე, რაც მას 5 დეკემბერს ორი თვით პატიმრობა მიესაჯა კოლეგის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG