Accessibility links

logo-print

როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას?


ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

რიგის სამიტამდე ორი კვირით ადრე საქართველოში ოპტიმისტური განწყობა გააჩინა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებამ, რომ უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა ამ ეტაპზე სკეპტიციზმის საფუძველს არ იძლევა. თუმცა, როგორც სამიტის დეკლარაციის ტექსტის პროექტის მხილველი პირები ირწმუნებიან, საქართველო უვიზო მიმოსვლის ნებართვის მიღებას რიგის სამიტზე არ უნდა მოელოდეს. რა ფაქტორები აფერხებს პროცესებს და ამ მხრივ რა პერსპექტივები არსებობს?

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, საქართველომ „უმაღლეს დონეზე“ განახორციელა მოსამზადებელი რეფორმები და ევროკომისიის შეფასებებს, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გამოქვეყნდეს, იმედიანად უნდა დაველოდოთ. საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობა გვატყობინებს ასევე, რომ 5 მაისს ბერლინში, ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ილაპარაკა ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პერსპექტივაზე, რაც დიდწილად ევროკომისიის შეფასებებზეა დამოკიდებული:

„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდება პროცესი - იქნება ეს დამატებითი სამუშაოები, დამატებითი გეგმა გაწერილი თუ ა.შ. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას“.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენად მოსალოდნელია, უვიზო მიმოსვლის უფლება საქართველოს უშუალოდ რიგის სამიტზე მიანიჭონ და არც ის უთქვამს, რომ საქართველო რიგაში ასეთ უფლებას ვერ მიიღებს. თუმცა, მთლიანობაში, სკეპტიკოს ქვეყნად მიჩნეული, გავლენიანი გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებებმა ბევრს იმედიანი მოლოდინის გრძნობა გაუჩინა.

თუმცა საკითხი უკვე ჩავარდნილად მიაჩნიათ მათ, ვისაც სამიტის დეკლარაციის პროექტი აქვს ნანახი. ეს დოკუმენტი საქართველოს სურვილს რომ ვერ დააკმაყოფილებდა, ამას ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს იტყობინებოდა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელიდან. 6 მაისს კი „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია დეკლარაციის ტექსტის შესახებ, რაც მოწმობს, რომ უკრაინა და საქართველო რიგის სამიტზე ვერ მიიღებენ უვიზო მიმოსვლის ნანატრ უფლებას და რომ ამ ქვეყნებს რეფორმირების პროცესის გაგრძელება მოეთხოვებათ, რათა, მოლდავეთის მსგავსად, მიაღწიონ მიზანს. ამავე წყაროს ცნობით, დოკუმენტში არც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზეა ლაპარაკი.

საქართველო დგას სწორ, შედეგზე ორიენტირებულ გზაზე, ხოლო დანარჩენი პროცესში გამოჩნდება – ამ შინაარსის კომენტარით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„დარწმუნებული ვარ, რიგის სამიტზე ეს იქნება დადასტურებული, რომ ჩვენ აღებულ ვალდებულებებს ვასრულებთ პირნათლად და იმ გზაზე ვდგავართ, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს“,– განაცხადა 6 მაისს დავით უსუფაშვილმა.

თუმცა მხოლოდ პროგრესის დაფიქსირება არ დააკმაყოფილებს ოპოზიციურ ფლანგს და, როგორც, მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, როცა მისი გუნდის წევრები მართვის სადავეებთან იყვნენ, სულ სხვა მოლოდინი არსებობდა:

„ჩვენ გვქონდა თავიდან ბოლომდე გაწერილი ასე, რომ 2015 წელს რიგის სამიტზე უნდა მიგვეღო უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება და ევროპული პერსპექტივა, რაც საფუძველს ჩაუყრიდა 2016 წლის დასაწყისში – ადრეულ გაზაფხულზე მაინც – ამ მიმოსვლის დაწყებას ჩვენი თანამოქალაქეებისათვის“.

რიგის სამიტზე საქართველო მართლაც ვერ მიიღებს უვიზო მიმოსვლის უფლებას, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც ასევე წაკითხული აქვს რიგის სამიტის დეკლარაციის არასაჯარო ტექსტი, სადაც ცვლილებების შეტანა აღარ არის მოსალოდნელი. თუმცა საქმე არც ისე ცუდად არის, რადგან სასურველი შედეგი მხოლოდ რამდენიმე თვით დაიგვიანებს:

„2016 წელს ამოქმედდება, ზუსტად არ ვიცით, როდის... მგონია, რომ 2015 წლის ბოლოს აგვინთებენ მწვანე შუქს, ანუ გადაწყვეტილებას მიიღებენ და შემდეგ დაახლოებით 6 თვე უნდა, რომ ძალაში შეიყვანონ... უბრალოდ, ჩვენ გვინდოდა, რომ ეს რიგის სამიტზე მომხდარიყო...“

რაც შეეხება პროცესის შეფერხების მიზეზებს, „როიტერის“ ინფორმაციით, ევროპელებმა ძალისხმევა რუსეთის ზედმეტად გაღიზიანების თავიდან ასაშორებლად შეასუსტეს. მართალია, კახა გოგოლაშვილი საერთო კონტექსტზე რუსეთის უარყოფით გავლენას ხედავს და ეს არც უკვირს, მაგრამ პროცესის შეფერხების მთავარ მიზეზად ის მაინც უკრაინის ფაქტორს თვლის. კერძოდ, ანალიტიკოსის აზრით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება, ხოლო უკრაინისთვის უარის თქმა წამგებიანი იქნებოდა ევროკავშირის პოლიტიკისთვის და სწორედ ამიტომ მიმართავს ბრიუსელი ასეთ პოლიტიკურ ტაქტიკას. შესაბამისად, კახა გოგოლაშვილი მოელის, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლის უფლებას ახლო მომავალში მოკრძალებული ფორმით, ზედმეტი ზარ-ზეიმის გარეშე მიანიჭებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG