Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს საქართველოში დიპლომატები არ ჰყოფნის


ხალხის რიგი შვეიცარიის საელჩოსთან, თბილისში
ხალხის რიგი შვეიცარიის საელჩოსთან, თბილისში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს გაზარდოს თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან გახსნილ რუსეთის ინტერესთა სექციაში, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის თქმით, ვერ აუდის რუსეთის ვიზებზე საქართველოს მოქალაქეების გაზრდილ მოთხოვნას.

2015 წლის 23 დეკემბრიდან რუსეთმა გაამარტივა ვიზების გაფორმების წესები: საქართველოს მოქალაქეს რუსეთში წასვლა ისეთი პირის მიწვევითაც შეუძლია, რომელიც მისი ნათესავი არ არის. ფორმდება ნებისმიერი ჯერადობის კერძო ვიზები, ასევე საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები. საინტერესოა, რამ განაპირობა რუსეთის ვიზებზე მოთხოვნის გაზრდა და ამას რა პოლიტიკური ან ეკონომიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

ქართველი პარტნიორები ჯერჯერობთი მზად არ არიან უარი თქვან თავიანთ ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, - ვგულისხმობ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, - მაგრამ იმედი მაქვს, რომ პრაგმატიზმი გაიმარჯვებს...
სერგეი ლავროვი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან, წვიმიან ამინდშიც კი რიგები დგას. რუსეთის ვიზის მიღების მსურველი მოქალაქეების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაამარტივა ვიზების გაფორმების წესები. რიგში მდგომ 23 წლის გიორგის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. შესაბამისად, მისი ნათესავებისგან განსხვავებით, მას რუსეთში გასამგზავრებლად ვიზა არ სჭირდება:

„ცხადია, ვიზის აღება მე არ მჭირდება. ვეხმარები ბებიას. რა თქმა უნდა, რიგში დგომა გვიწევს. პირობები არცთუ ისე კარგია. წვიმის დროს თავზე გვაწვიმს, როცა ცხელა, ვიხარშებით აქ. ხალხი კი ყოველთვის ბევრია - როცა უნდა მოხვიდე, სულ დგანან. 60 დოლარი ღირს ვიზა, თუ არ გეჩქარება და ერთ კვირას დაიცდი. თუ ერთ დღეში გინდა, მაშინ 110 დოლარი ღირს. ადრე მარტო ახლო ნათესავს რომ შეეძლო „მოსაწვევის“ გამოგზავნა, ახლა ასე არაა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიგიწვიოს და ამან შეიძლება მართლა იმოქმედოს ვიზების რაოდენობის გაზრდაზე“.

გიორგის თქმით, რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა რაოდენობა თვალშისაცემადაა გაზრდილი, რასაც ადასტურებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი ვადიმ გორელოვი, რომელმაც რადიო „სპუტნიკისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, თუ 2013 წელს დღეში 70-მდე ვიზა გაიცემოდა, ახალ პირობებში ეს მაჩვენებელი 350-ზე ნაკლები არაა. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შვეიცარიაში ყოფნისას განაცხადა, რომ საჭიროა ინტერესთა სექციაში თანამშრომელთა რაოდენობა გაიზარდოს:

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

„ქართველი პარტნიორები ჯერჯერობთი მზად არ არიან უარი თქვან თავიანთ ცალმხრივ გადაწყვეტილებაზე, - ვგულისხმობ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, - მაგრამ იმედი მაქვს, რომ პრაგმატიზმი გაიმარჯვებს. სამაგალითოდ გამოდგება გადაწყვეტილება, მოგვეხსნა შეზღუდვების უმეტესობა ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებაზე. რამდენიმე თვეა, რაც გავცემთ თითქმის ყველა ძირითადი სახის ვიზას. ტურისტულის გამოკლებით, ყველა სხვა ვიზა გაიცემა, მათ შორის, არანათესავის მიწვევის საფუძველზეც. შედეგად, მკვეთრად გაიზარდა ვიზების მიღების მსურველთა რაოდენობა, რის გამოც გვსურს დახმარება ვთხოვოთ ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებს, რომ შევძლოთ თბილისში კონსულის ფუნქციის მქონე ჩვენი თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა ერთი-ორი საშტატო ერთეულით, რაც ასევე შეუწყობს ხელს ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას“.

სერგეი ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ამჟამად საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია, რაც, მისივე განმარტებით, შესაძლებელი გახდა ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსკოვისა და თბილისის მიერ ურთიერთშემხვედრი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, თუმცა, როგორც საქართველოს ლიბერალური აკადემიის ანალიტიკოსმა გოგიტა ღვედაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 2015 წლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთი, მართლაც, მეორე ადგილზეა, მაგრამ მისი წილი არ აღემატება 8 პროცენტს. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, გოგიტა ღვედაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირთან საქართველოს დაახლოებამ და კიდევ:

„რუსეთის მხრიდან ვიზების საკითხის წამოწევა მნიშვნელოვნად უკავშირდება რუსეთის „რბილი ძალის“ გავლენას და მოახლოებული არჩევნების ფონზე ამას აქვს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დატვირთვა. რუსეთი კონკურენციაშია დასავლეთთან და მას არ უნდა, რომ ბოლომდე დაკარგოს ის მიმზიდველობა, რომელიც აქვს ქართული საზოგადოების ნაწილში. ეს კონკურენცია გამოიწვია იმან, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და რუსეთი ხედავს, რომ თუ ის არ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, დაკარგავს ზემოქმედების ბერკეტებს“.

ბუნებრივია, გვექნება ამ საკითხზე საუბარი ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებთან. დამატებითი დეტალებია საჭირო იმისათვის, რომ ვიცოდეთ უფრო კონკრეტულად, რაზე იყო საუბარი. შევისწავლით ამ საკითხს და მას შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას...
დავით ზალკალიანი

რუსეთის ვიზების მიღების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა 2016 წლის 1 იანვრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ამოქმედდა რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული ახალი რეგულაცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის გათვლებით, 2016 წელს საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული რუსეთის ვიზების რაოდენობა შესაძლოა გაორმაგდეს.

„წინა წლებში 20-22 ათასი ვიზა გაიცემოდა წლიურად. წელს, პირველი თვეების დინამიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება მართლა ბევრად მეტი იყოს რუსეთში წამსვლელთა რიცხვი. ამასთან, უახლოესი ნათესავის მიწვევა აღარ არის საჭირო, არც რუსეთის საგარეო უწყების ჩართვა არაა საჭირო... ასე რომ, შედარებით მარტივად გაიცემა ვიზები, ვიდრე ადრე იყო. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ საკონსულო საქმიანობის ზრდასთან იყოს დაკავშირებული რუსეთის საგარეო უწყების მოთხოვნა“, უთხრა ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს საგარეო უწყება. მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის კომენტარი:

„ბუნებრივია, გვექნება ამ საკითხზე საუბარი ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებთან. დამატებითი დეტალებია საჭირო იმისათვის, რომ ვიცოდეთ უფრო კონკრეტულად, რაზე იყო საუბარი. შევისწავლით ამ საკითხს და მას შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG