Accessibility links

„ლუკაშენკოს სურს მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავალი იყოს“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომელშიც საქართველოში ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტია შეჯამებული. თბილისსა და ბათუმში საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელორუსიის განსხვავებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უფრო პოზიტიური შინაარსის მატარებელია, ვიდრე ნეგატიურისა. სტატიაში მოტანილია ფრაგმენტი ბელორუსიის პრეზიდენტის გამოსვლიდან: „ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი როგორც ბელორუსიის მონაწილეობიდან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან“. ამასთან, ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ თბილისისა და მინსკის ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით არ შემოიფარგლება და რომ იგი მზადაა იკისროს შუამავლის როლი რუსეთსა და საქართველოს შორის. სტატიის ავტორის ვარაუდით, ლუკაშენკო, საქართველოსთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებით, ასევე ცდილობს დასავლეთთან არსებული რთული ურთიერთობის ნორმალიზებას. საქმე ისაა, რომ ახლოვდება რიგის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი, საქართველო კი ამ ინიციატივის აქტიური წევრია.

გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ კი რუსეთში „ქართველთა კავშირისა“ და მისი ხელმძღვანელის მიხეილ ხუბუტიას შესახებ წერს. გაზეთის ცნობით, რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ შემოწმების შედეგად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სრულიად რუსეთის ქართველთა კავშირი“. შემოწმებამ აჩვენა, რომ გაცხადებული 46 რეგიონალური განყოფილებიდან რეალურად არსებობს მხოლოდ 34 და მათი დიდი ნაწილი, როგორც წესი, - მხოლოდ ქაღალდზე. ასევე შემოწმდა რეგიონალური ფილიალების წევრთა სიები და აღმოჩნდა, რომ სიების დიდი ნაწილიც ფიქტიურია. შესაბამისად, ორგანიზაციის ხელმძღვანელს მოუწევს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრა, თუმცა, სტატიის ავტორის აზრით, ორგანიზაცია, დიდი ალბათობით, შეიცვლის დასახელებას და ის აღარ იქნება „სრულიად რუსეთის ქართველთა კავშირი“, რომელიც ზუგდიდში დაბადებულმა ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ 2007 წელს დააარსა. „კომსომოლსკაია პრავდა“ მკითხველს აქვე აცნობს ქართველი ბიზნესმენის მნიშვნელოვან კარიერულ ეტაპებს. კერძოდ, ხუბუტიამ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოსკოვში გახსნა იარაღის პირველი მაღაზია „კოლჩუგა“, რომელიც მოსკოვის მაშინდელი მერის, იური ლუჟკოვის, კეთილგანწყობის შედეგად, მსხვილ სავაჭრო ქსლად იქცა, რასაც მალევე მოჰყვა მოსკოვის ცენტრში მაღალლიკვიდური ობიექტების მიღება.

„პროკურატურა ოპერა „ჯალილის“ ნახვას აპირებს“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიას. სტატიიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის თათარსტანის რესპუბლიკის პროკურატურაში სარჩელი შეუტანია ადგილობრივ დეპუტატს კომუნისტური პარტიიდან ჰაფიზ მირგალიმოვს, რომელიც აღუშფოთებია თათარსტანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლში სვასტიკის გამოყენებას და საბჭოთა წყობასა და ნაციზმს შორის პარალელის გავლებას. სარჩელში საუბარია იმაზე, რომ, ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანია დასმული ჰიტლერსა და სტალინს შორის. მომჩივანი განსაკუთრებით აღუშფოთებია შემდეგ სცენას: ერთ მხარეს - სტალინი, ნამგალი და ურო, საპირისპირო მხარეს კი - ჰიტლერი და სვასტიკა, ხოლო მათ შორის - საკონცენტრაციო ბანაკების პროექცია, დარაჯებითა და ძაღლებით. დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან მიიჩნევს, რომ ამგვარი უკონტროლო შემოქმედება ძირს უთხრის რუსეთის ისტორიულ როლს დიდ სამამულო ომში.

სტატია მთავრდება სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის მიხეილ ფანჯავიძის კომენტარით, რომლის მიხედვითაც, დადგმაში საგანგებოდაა გამოკვეთილი როგორც გერმანული, ასევე საბჭოთა სახელმწიფო მანქანის ნეგატიური როლი, რადგანაც ორივე სისტემა დაუნდობლად ანადგურებდა ადამიანებს. „კომერსანტის“ ცნობით, თათარსტანის პროკურატურა დეპუტატის სარჩელს 30 დღეში განიხილავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG