Accessibility links

logo-print

გაზეთი „იზვესტია“ იმის შესახებ წერს, თუ რატომ არ მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს და რატომ მიულოცა ქართველ და უკრაინელ ხალხებს. გაზეთი ციტირებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის კომენტარს, რომლის მიხდვითაც, მიზეზი ქვეყნებს შორის „ჯეროვანი დონის დიალოგის“ უქონლობაა.

„ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში რუსეთი არასოდეს ყოფილა იმ ნეგატიური მოვლენების ინიციატორი, რომლებსაც ადგილი აქვს. რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა თბილ ურთიერთობებს თავის მეზობელ, ფაქტობრივად, მოძმე ქვეყნებთან“.

დმიტრი პესკოვმა რუსულ გამოცემას ისიც უთხრა, რომ კრიზისული ურთიერთობა ქვეყნების მთავრობებს შორის არ ასახულა ამ ქვეყნებში მცხოვრები ხალხებისადმი არსებულ კეთილ დამოკიდებულებაზე.

გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებისგან გასხვავებით, ფაშიზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავი მიულოცა როგორც დესეთეს ქვეყნების, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკების პრეზიდენტებს.

9 მაისის დღესასწაულს გამოეხმაურა გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგიც“. სტატიაში, რომლის სათაურია „არაღიარებულთა აღლუმი“, საუბარია იმაზე, თუ როგორ იზეიმეს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შექმნილმა თვითაღიარებულმა ქვეყნებმა და, მათ შორის, სამხრეთ ოსეთმა, რომლისადმი მიძღვნილ ქვეთავს ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული: „’გრადები’ ამიერკავკასიაში“. სტატიიდან ირკვევა, რომ 9 მაისს ცხინვალში გამართულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მეოთხე სამხედრო ბაზისა და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ქვედანაყოფებმა, 900 სამხედრო მოსამსახურისა და 30 საბრძოლო ტექნიკის სახით. აღლუმზე ნაჩვენები იქნა ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები, ჰაუბიცები და „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემები.

გაზეთი „კომერსანტი“ კი მკითხველს შეახსენებს, რომ რუსეთი პირველ ადგილზეა ქართული ღვინის იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში. ეს ინფორმაცია ეყრდნობა საქართველოს ღვინის სააგენტოს მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც 2016 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტმა რუსეთში შეადგინა 6 მილიონი ბოთლი, რაც 84 პროცენტით მეტია შარშან ამავე პერიოდში იმპორტირებულ 3 მილიონ 200 ათას ბოთლზე.

რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზეა უკრაინა, 1,5 მილიონი ბოთლით, მესამეზე -ყაზახეთი, 1,3 მილიონი ბოთლით, მეოთხეზე - ჩინეთი, 780 ათასი ბოთლით და მეხუთეზე - პოლონეთი, 680 ათასი ბოთლით. საერთო ჯამში, 2016 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოდან 30 ქვეყანაში გატანილი იქნა 11,5 მილიონი ბოთლი ღვინო - 45 პროცენტით მეტი, ვიდრე შარშან, როცა რუსული რუბლის ვარდნის გამო მკვეთრად - 58 პროცენტით - შემცირდა ქართული ღვინის ექსპორტი.

“ნებაყოფლობითი სიღარიბის წელი“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „კომერსანტმა“ კიდევ ერთი სტატია, რომელშიც რუსეთის ეკონომიკაში შექმნილი პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების შესახებაა საუბარი. საქმე ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა 2016-2019 წლების მაკროეკონომიკური განვითარების პროგნოზი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია რეცესიის დაძლევა და მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5 პროცენტით გაზრდა, თუმცა ამისათვის უნდა შემცირდეს ხელფასები 2016-2017 წლებში.

სტატიის თანახმად, გეგმა ასევე ითვალისწინებს რეალური შემოსავლების შემცირებას 2,8 პროცენტით 2016 წელს, ხოლო 2017 წელს - 0,3 პროცენტით. ამასთან, კიდევ უფრო ხისტი უნდა იყოს პენსიების შემცირების მასშტაბი: 4,8 პროცენტი 2016 წელს და 2 პროცენტი 2017 წელს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს ღარიბთა რაოდენობის გაზრდას 13,1 პროცენტიდან 13,9 პროცენტამდე, თუმცა 2019 წელს ეს მაჩვენებელი კვლავ შემცირდება 2015 წლის დონემდე. რუსეთის ფედერაციის ეკონიმიკური განვითარების სამინისტროს გეგმა ასევე ითვალისწინებს ინვესტიციების მოზიდვის ტემპის გაზრდას მთლიანი შიდა პროდუქტის 3,8 პროცენტიდან 24 პროცენტამდე 2019 წლისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG