Accessibility links

logo-print

რუსეთის უკმაყოფილება ჟენევის 36-ე რაუნდის წინ


გაეროს შტაბბინა ჟენევაში

გაეროს შტაბბინა ჟენევაში

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ხაზზე, ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების აკრძალვა – საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საკითხების წამოწევას აპირებს ქართული მხარე საერთაშორისო მოლაპარაკებათა 36-ე რაუნდზე, რომელსაც ჟენევა 14–15 ივნისს უმასპინძლებს. წინასწარ გაკეთებული განცხადებების თანახმად, კვლავაც საგანგებო ყურადღების ცენტრში რჩება ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება, რომელიც ძველებურად სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ, ერთი მხრივ, თბილისს და, მეორე მხრივ, მოსკოვს, ცხინვალსა და სოხუმს.

განცხადებაში, რომელიც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ჟენევის 36-ე რაუნდის დაწყებამდე გამოაქვეყნა, რანდენიმე ადგილზეა ნახსენები გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ამბავი. ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ქართული მხარე უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს და სამართლიან მართლმსაჯულებას ითხოვს:

„ქართული მხარე დააყენებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე. წ. „მესაზღვრეების“ მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის საკითხს და მოითხოვს ბრალდებული პირის სასწრაფოდ დაკავებასა და გადმოცემას, რათა დამნაშავე წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ბრალდებულის დაკავებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს შესაძლო პროვოკაციისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. იმედია, რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი სოხუმში გააცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ღონეს მიმართავენ, ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებისა და ქართული მხარისათვის ჩაბარების მიზნით“.

საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“ და ამ ჭრილში კიდევ ერთხელ წარმოჩნდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გადაუდებელი აუცილებლობა.

პირველ რიგში, ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს უარზე – მოაწეროს ხელი ძალის არგამოყენების იურიდიულად დამავალდებულებელ დოკუმენტებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან; ვლაპარაკობთ ასევე მუდმივ მუქარაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან...

ყველასათვის ნათელია, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა დღის წესრიგში რჩება ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც კვლავაც უცვლელი და პრინციპული პოზიცია აქვს თბილისს. საქართველოსთვის ცხადია, რომ „ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ“ ახლა რუსეთის მხარემ უნდა გადადგას იგივე ნაბიჯი, როგორც მას ამისკენ მუდმივად მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობა, თუმცა მოსკოვი ამ მოწოდებებს არ იზიარებს და ამ საკითხშიც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების მოკავშირედ რჩება.

ეს სამეული კვლავაც დაჟინებით მოითხოვს ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი ხელშეკრულების თბილისთან გაფორმებას. ეს მოთხოვნა მუდმივია და ის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმაც გაიმეორა 23 მაისს, როცა ის ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს მასპინძლობდა. ხაზი გაესვა მოსკოვისა და მისი მფარველობით მოქმედი ცხინვალისა და სოხუმის შეშფოთების კიდევ ერთ საგანს – საქართველოსა და ნატოს დაახლოებას:

„პირველ რიგში, ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს უარზე – მოაწეროს ხელი ძალის არგამოყენების იურიდიულად დამავალდებულებელ დოკუმენტებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან; ვლაპარაკობთ ასევე მუდმივ მუქარაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და საქართველოსა და ნატოს ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე, რასაც ჩვენ განვიხილავთ საფრთხედ მთელი რეგიონისთვის“.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ჟენევის მოლაპარაკებათა 36-ე რაუნდის ფარგლებში „მწვავედ დადგება ასევე საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ე. წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნების აღმართვის გაგრძელების საკითხი, რომლის ბოლო შემთხვევაც 6 ივნისს სოფელ ავლევში დაფიქსირდა.“თუმცა, თუკი რუსეთის საგარეო უწყების იფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, 10 ივნისის კომენტარით ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ განხილვა უშედეგოდ დასრულდება. ქართული მხარის (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) შეშფოთებას ზახაროვამ „საინფორმაციო პროვოკაცია“ უწოდა:

„ასეთი განცხადებები, ასეთი ბრალდებები ახალი არ არის – სამწუხაროდ, ეს უკვე ტრადიციაა (არასაუკეთესო ტრადიცია), რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების წინ რეგიონში სიტუაციის გამწვავებას ისახავს მიზნად. ამჯერად ასეთი კონფრონტაციული განცხადებები გაისმა ჟენევის დისკუსიების (14–15 ივნისს დაგეგმილი) მომდევნო რაუნდის მოახლოების ფონზე“.

ანალიტიკოსები ისევ არ მოელიან დევნილთა საკითხის წარმატებით განხილვას ჟენევის მოლაპარაკებათა 36-ე რაუნდის ფარგლებში და, მით უმეტეს, 7 ივნისის შემდეგ, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისევ დაამტკიცა საქართველოს მიერ ყოველწლიურად ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის უფლებას ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მოსკოვი ფიქრობს, რომ ქართული მხარე ამ რეზოლუციებით საკითხის პოლიტიზებას ცდილობს და ამით არის განპირობებული მათი უარი დევნილთა შესახებ საუბარზე ჟენევის ფორმატში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG