Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტომსკელ კაცზე, რომელმაც საავადმყოფოში მწოლიარე ბებიას ვერაფრით უშველა


სერგეი სამბორსკის ბებია, იულია ემელიაშინა ქალაქ ტომსკის ინფექციურ საავადმყოფოში
სერგეი სამბორსკის ბებია, იულია ემელიაშინა ქალაქ ტომსკის ინფექციურ საავადმყოფოში

როცა სერგეი სამბორსკიმ ციმბირის ქალაქ ტომსკის ინფექციური საავადმყოფოს ერთი პაციენტისგან შეიტყო, რომ მის 84 წლის ბებიას, რომელსაც ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა და კოვიდ-19-ის დახურულ პალატაში იმყოფებოდა, არ აჭმევდნენ და სათანადოდ არ უვლიდნენ, სასოწარკვეთამ მოიცვა.

სამბორსკი საავადმყოფოს თანამშრომლებს სთხოვდა, მიეცათ საშუალება, ბებიისთვის მოევლო, მაგრამ საავადმყოფოს აკრძალულ „წითელ ზონაში“ შეშვებაზე უარი უთხრეს.

ერთადერთი, რაც თავისი გამზრდელი ბებიის დასახმარებლად მოიფიქრა, ის იყო, რომ საავადმყოფოს თანამშრომლის დამცველი ტანსაცმელი გადაიცვა და „შეიპარა“ ბებიის, იულია ემელიაშინას, მოსანახულებლად. ფარულად შეიტანა საფენები ზრდასრულებისთვის, ნაწოლების საწინააღმდეგო საგანგებო გადასახვევები და ვენაში შესაყვანი საკვები. დახურულ ზონაში იოლად შეაღწია - „არანაირი დაცვა არ იყო“, უთხრა მან რადიო თავისუფლებას. პალატაში ნანახმა შეაძრწუნა.

„შევედი პალატაში და ვიკითხე, სად იყო პაციენტი“, იხსენებს ის. „ვუთხარი, რომ თერაპევტი ვიყავი სხვა განყოფილებიდან და შევედი. ჩემი ბებია შარდის და ფეკალიების გუბეში იწვა. პირში ამოღებინებული მასა ჰქონდა და ჟანგბადის ნიღაბი შუბლზე ეკეთა“.

მოგვიანებით სამბორსკიმ სოციალურ მედიაში გაავრცელა შოკისმომგვრელი ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ იწვა უგონოდ მყოფი ემელიაშინა სხეულზე ჩალურჯებებითა და ნაწოლებით, შარდით გაჟღენთილ ლეიბზე.

არც საავადმყოფოს და არც ჯანდაცვის რეგიონულ განყოფილებას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„წითელ ზონაში“ მესამე ვიზიტისას, ექიმმა მას დაწვრილებით დაუწყო გამოკითხვა, რისთვის შედიოდა იქ. ამხილეს და გარეთ გააგდეს.

„მაშინვე მივხვდი, რომ ბებიას გადასარჩენად მოსკოვში უნდა წავსულიყავი, - თქვა მან, - ტომსკის პროკურატურაში მისვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა“.

სერგეი სამბორსკი
სერგეი სამბორსკი

ტომსკის ინფექციური დაავადებების მე-2 საავადმყოფოს დირექტორი, ალექსანდრ ხოლოპოვი, ქალაქში ცნობილი ფიგურაა - ჯანდაცვის რეგიონული განყოფილების ყოფილი უფროსია. „მას ყველა იცნობს და ხოლოპოვს ხელს დააფარებდნენ“, თქვა სამბორსკიმ. „ჩემი ერთადერთი იმედი იყო ფედერალური პროკურატურა. პრეზიდენტთან მისვლაც მინდოდა. შევატყობინე საგამოძიებო კომიტეტს საავადმყოფოს მუშაობაში არსებული დარღვევების შესახებ“.

ხოლოპოვი ადრე, 2020 წლის ივლისში, მოხსნეს ჯანდაცვის რეგიონული საოლქო განყოფილების უფროსის თანამდებობიდან სკანდალის გამო, რომელიც ტომსკის მორგში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას მოჰყვა.

ფოტოსურათებზე, როგორც ჟურნალისტები ამტკიცებენ, აღბეჭდილი იყო გვამების მოსათავსებელი ტომრები მეორე ინფექციური საავადმყოფოს გარდაცვლილი პაციენტებით. ისინი არ იყვნენ კოვიდ-19-ის მსხვერპლად აღრიცხულნი.

თავის განცხადებაში ხოლოპოვის გათავისუფლების შესახებ, ტომსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ჟვაჩკინი ხოლოპოვის მისამართით წერდა, რომ „ექიმი პასუხისმგებელია ორგანიზაციული უწესრიგობისთვის ესოდენ მნიშვნელოვან დაწესებულებაში“.

თუმცა, მარტში, ჟვაჩკინმა აზრი შეიცვალა და ხოლოპოვი ტომსკის მე-2 ინფექციური საავადმყოფოს უფროსად დაასახელა. „ამ დაწესებულებას უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს პრაქტიკულ ჯანდაცვაში, რომელსაც აქვს უნარი, იტვირთოს პასუხისმგებლობა და რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს კოლეგებს შორის“, თქვა გუბერნატორმა. „ვფიქრობ, ხოლოპოვი აკმაყოფილებს მოთხოვნებს“.

სექტემბერში, თითქმის ერთი თვით ადრე, სანამ სამბორსკის ამბავი მოხდებოდა, ტომსკის მე-2 ინფექციური საავადმყოფოს ექიმებმა გამოაქვეყნეს ჟვაჩკინისადმი მიწერილი ღია წერილი, რომელშიც ხოლოპოვს ბრალს სდებდნენ საავადმყოფოს არასწორ მართვაში და გუბერნატორს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

ექიმები ამტკიცებდნენ, რომ ხოლოპოვმა პერსონალი მკვეთრად შეამცირა და მისმა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მართვის სფეროში, ძირი გამოუთხარა საავადმყოფოს სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

„ახლა ხოლოპოვი მთლიანად დაკავებულია საარჩევნო კამპანიით“, წერდნენ ექიმები და გულისხმობდნენ საპარლამენტო, რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებს სექტემბერში, „თავისი კანდიდატურის წამოწევით და თვითრეკლამით არის დაკავებული, ხოლო სხვა ყველაფერი თავის მოადგილეებს გადააბარა“.

The Two Faces Of RT: Russia's Competing COVID Narratives
please wait

No media source currently available

0:00 0:04:03 0:00

ის, რაც სამბორსკის და მის ბებიას შეემთხვათ, ტომსკის მეორე ინფექციური საავადმყოფოს ექიმების მტკიცებას ასახავდა.

„ხოლოპოვმა ისე წაიყვანა საქმე საავადმყოფოში, რომ იქ უბრალოდ აღარავინ მუშაობს“, უთხრა სამბორსკიმ რადიო თავისუფლებას. „არ აქვთ საფენები, წესიერი თეთრეული, არ ჰყავთ ექთნები, რომლებიც წამლების დროულ მიღებას მიაქცევენ ყურადღებას. არავინ არის, ვინც პაციენტებს აჭმევს“.

"საუბრისას" მათ ირიბად მიმანიშნეს, რომ ვიდეო, რომელიც საავადმყოფოში გადავიღე და რომელმაც ასეთი საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია, "დამონტაჟებული" იყო "ჯანდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მიზნით"
სერგეი სამბორსკი

„ბებიაჩემი თხევად დიეტაზე იყო, - განაგრძობს ის, - პირველ დღეს, როცა მივედი, ნორმის მეოთხედი ჭამა. ორი დღის შემდეგ, სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც საერთოდ არაფერი უჭამია, იმიტომ რომ ინტრავენურად კი არ კვებავდნენ, არამედ სითხეს კოვზით აძლევდნენ, რაც მას არ შეეძლო. ის ალბათ უბრალოდ შიმშილით გარდაიცვალა მას მერე, რაც "მამხილეს" და გამომაგდეს“.

სამბორსკი მოსკოვიდან ტომსკში 29 ოქტომბერს დაბრუნდა, მაგრამ ბებიის მონახულება ვერ შეძლო. ამის ნაცვლად, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ მოსთხოვა, წაეყვანა თავისი ნათესავი და ხელი მოეწერა განცხადებისთვის მკურნალობაზე უარის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ ბებია კვლავ პნევმონიის მკურნალობის პროცესში იყო და მაღალი სიცხე ჰქონდა. სამბორსკიმ უარი განაცხადა.

მომდევნო დღეს ემელიაშინას მდგომარეობა გაუარესდა. ის რეანიმაციაში გადაიყვანეს და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის საშუალებით ასუნთქებდნენ. იმავე დღეს, მოგვიანებით, გარდაიცვალა, საავადმყოფოს სამედიცინო დასკვნის თანახმად, „კორონავირუსის ინფექციის, პნევმონიის, გულისა და ფილტვების მწვავე უკმარისობის გამო“.
თუმცა, სამბორსკის უსიამოვნებები ჯერ წინ ჰქონდა.

ტომსკში მისი დაბრუნების შემდეგ, გამოაცხადეს, რომ ფედერალურმა პროკურორებმა საავადმყოფოს ხელმძღვანელობის საქმეზე გამოძიება დაიწყეს ეჭვის გამო „პროფესიულ გულგრილობაზე, რომელსაც ფატალური შედეგი მოჰყვა“. კვირას, 31 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, სამბორსკი საგამოძიებო კომიტეტის ტომსკის განყოფილებაში გამოიძახეს, რომ თავისი ამბავი განმეორებით მოეთხრო, როგორც მოწმეს.

„მე მზად ვიყავი ამისთვის“, თქვა მან და დაამატა, რომ ადვოკატი წაიყვანა თან, რადგან ადგილობრივი პროკურორებისგან მტრული დამოკიდებულება იყო მოსალოდნელი. „საბოლოოდ, მან ჩემი უფლებების დარღვევის ბევრ მცდელობას შეუშალა ხელი“, ამბობს სამბორსკი და იხსენებს, რომ პროკურორები სამი საათის განმავლობაში ერთსა და იმავე შეკითხვებს უსვამდნენ.

„"საუბრისას" მათ ირიბად მიმანიშნეს, რომ ვიდეო, რომელიც საავადმყოფოში გადავიღე და რომელმაც ასეთი საზოგადოებრივი აღშფოთება გამოიწვია, "დამონტაჟებული" იყო "ჯანდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მიზნით"“, თქვა მან.

დაახლოებით იმავე დროს, სამბორსკის თქმით, მან შეიტყო, რომ მის მშობლიურ ქალაქში „ვიღაც ჟურნალისტები“ ჩავიდნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს მის შესახებ ეკითხებოდნენ.

„მათი შეკითხვებიდან ჩანდა, რომ მათ ჩემზე რამე ცუდის გაგება სურდათ“, თქვა მან და დასძინა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მედიასაშუალება მას „ხმაურის“ ატეხვას აბრალებდა ბებიის ავადმყოფობისა და სიკვდილის გამო.

ამის მიუხედავად, სამბორსკიმ თქვა, რომ აპირებს გააგრძელოს თავისი ძალისხმევა და სისხლის სამართლის საქმე აღძრას ხოლოპოვისა და მკურნალი ექიმის წინააღმდეგ თავისი ბებიის გამო.

„მე მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ ადამიანის სიცოცხლე გადამერჩინა“, თქვა მან. „მან გამზარდა, დედას არ გავუზრდივარ. რისთვის მინდოდა "ხმაურის" ატეხვა?“. „დავკარგე სამუშაო, სადაც შემდუღებლად ვმუშაობდი, როცა ვიდეოს სკანდალი მოჰყვა“, დაამატა მან. „მათ ჩემი უფროსი გამოიძახეს და დაემუქრნენ, თუ არ მომხსნიდა. ახლა ბებიას საკუთარი ხარჯებით ვასაფლავებ. მისი გადარჩენა ვერ შევძელი“.

XS
SM
MD
LG