Accessibility links

logo-print

რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ საგონებელში ჩააგდო მედიის შესახებ ახალმა კანონმა


არცთუ ისე დიდი ხნის წინ ყოფილ ავეჯის ქარხანაში მდებარე გამოცემა „ვედომოსტის“ ახალი ამბების განყოფილებაში ყველაფერი ხალისიანად გამოიყურებოდა. რამდენიმე ჟურნალისტი მობილური ტელეფონით საუბრობდა, კომპიუტერთან შეჯგუფებული თანამშრომლები ხმადაბლა უამბობდნენ ერთმანეთს ანეკდოტებს, სხვები კი, ნომრის ჩაბარებისათვის განკუთვნილი დროის მოლოდინში, ფართო, ღია ტიპის დარბაზში იკრიბებოდნენ .

მაგრამ ამ კვირაში სამუშაო განწყობამ გაუარესება დაიწყო. ამის მიზეზია სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც მედიის უცხოელ მფლობელს ავალდებულებს კუთვნილ აქციათა 20 პროცენტზე მეტი გაყიდოს. ასეთი რეგულაციით, რასაც 26 სექტემბერს სახელმწიფო სათათბირომ თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი, რუსი კანონმდებლები ცდილობენ „საინფორმაციო ომისაგან“ დაიცვან საკუთარი მოქალაქეები.

„ცხადია, ყველა დათრგუნვილია. რადგან გარდა იმისა, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც თავისთავად არის უაზრო, მავნე და ჩვენდამი უნდობლობის დემონსტრირებას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, სერიოზულ გაუგებრობას იწვევს. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწევა ჩვენს გამოცემას ერთი წლის შემდეგ, ვის ხელში აღმოჩნდება. ცხადია, ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია ენთუზიაზმის, იმედისა და კარგი განწყობის შენარჩუნება“, უთხრა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ტატიანა ლისოვამ რადიო თავისუფლებას.

გაზეთი „ვედომოსტი“, რომლის აქციათა 100 პროცენტსაც უცხო მესაკუთრე ფლობს, ერთ-ერთია იმ მედია-ჰოლდინგში, რომელშიც შედის ჟურნალი „ფორბსი“ და პოპულარული ტაბლოიდი „GQ”. 15 წლის განმავლობაში, რაც „ვედომოსტი“ გამოდის, გამოცემამ საგამოძიებო ჟურნალისტიკის მასალებით, მწვავე საავტორო და დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით სანდო და საქმიანი მედიაორგანიზაციის რეპუტაცია მოიპოვა რუსეთის ჩრდილოვან მედიალანდშაფტში. წელს „ვედომოსტი“ რუსული მედიის ლიდერი გახდა - რუს მულტიმილიარდერ ვლადიმირ ევტუშენკოვის დაპატიმრებისა და კომპანია „ბაშნეფტის“ ხელში ჩასაგდებად წარმოებული ბრძოლის შესახებ გამოქვეყნებული მასალებით.

ამ მასალების გამო „ვედომოსტის“ ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. გაზეთი და მისი რედაქცია არაერთი მაღალი ტრიბუნიდან დაადანაშაულეს მოვლენების ტენდენციურ გაშუქებაში, რასაც ტატიანა ლისოვა კატეგორიულად არ ეთანხმება და „შეურაცხყოფად“ მიიჩნევს.

„ეს, პირველ ყოვლისა, ადამიანებისათვის არის დამამცირებელი, ეს შეურაცხყოფას აყენებს მკითხველებს. დიახ, ზოგჯერ ჩვენ ვწერთ საკამათო თემებზე და ბევრი მკითხველი ჩვენ არ გვეთანხმება. მაგრამ ჩვენი მიზანი არ არის მათი გადარწმუნება, ჩვენი მიზანია მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, გარკვეული იდეები მსჯელობისათვის და, ბოლოს და ბოლოს, მივაწოდოთ მათ თემა კამათისათვის“.

როგორც ზემოთ ითქვა, რუსი კანონმდებლების მიერ 26 სექტემბერს ერთსულოვნად დამტკიცებული კანონპროექტი, მისი ავტორების აზრით, მიზნად ისახავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას, მაგრამ იგი შემუშავდა იმ ფონზე, როდესაც რუსეთში მედიისა და ინტერნეტის მუშაობა იკრძალება.

რუსი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ, კანონპროექტის თანახმად, რუსეთის მედიის საქმიანობის რეგულაცია დასავლურ სტანდარტებზე გადადის, ხოლო მედიის მომხმარებლები დაცული იქნებიან უცხოელი ინვესტორებისგან, რომლებსაც პოლიტიკოსები „მეხუთე კოლონას“ უწოდებენ. კრიზისი უკრაინაში და ყბადაღებული „ეროვნული უსაფრთხოება“ სამართალდამცველებს გზას უხსნის ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე გაატარონ სადამსჯელო ზომები:

„საკმარისია იმის თქმა, რომ ეს უსაფრთხოებას უკავშირდება და თითქოს შენ საკუთარი ქვეყნის ინტერესს იცავ და ნებისმიერი, ვინც არ გეთანხმება, წინააღმდეგი აღმოჩნდება ამ უსაფრთხოების. მე საერთოდ არ ვეთანხმები აზრს, რომ მედიაში უცხოელი ინვესტორების მონაწილეობა რაიმენაირად მაინც უპირისპირდებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას“, უთხრა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ტატიანა ლისოვამ რადიო თავისუფლებას.

თავდაპირველად, როგორც სერიოზული გამოცემა, „ვედომოსტი“ იძულებული გახდა შეემცირებინა ფორმატი და დამსგავსებოდა ტაბლოიდს იმისათვის, რომ ხელმომწერთა რაოდენობა გაეზარდა. დღეს გაზეთი 75-ათასიანი ტირაჟით გამოდის და სერიოზულ კონკურენციას უწევს გაზეთ „კომერსანტს“, რომლის მფლობელიც კრემლთან დაახლოებული ოლიგარქი ალიშერ უსმანოვია. ინტერნეტის საშუალებით კი გაზეთ „ვედომოსტის“ყოველთვიურად 4 მილიონი ვიზიტორი ეცნობა.

თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კანონპროექტს ხელს მოაწერს, ეს ნიშნავს რომ გაზეთი “ვედომოსტი“ დაკარგავს თავის დასავლელ მფლობელს, რომელიც გარანტი იყო სარედაქციო დამოუკიდებლობისა, რაც გაზეთს იცავდა რუსულ მედიაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკისაგან, როდესაც ჟურნალისტები იძულებულნი არიან ისე გააშუქონ მოვლენები, რომ არც მწვადი დაწვან და არც შამფური.

XS
SM
MD
LG