Accessibility links

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათწლეულის შემდეგ რუსეთი კვლავაც თავს იწონებს ჯანდაცვის სისტემით, რომელიც სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს რუსეთის ყველა და ნებისმიერი ასაკის მკვიდრს. ქაღალდზე მართლაც ასეა. მაგრამ რეალურად, რუსეთში ხშირად უწევთ ფულის გადახდა მომსახურებაში, რომელიც წესით, უფასო უნდა იყოს.

წელს, თებერვალში, მოსკოველი სვიატ კოზლოვი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების მანქანაში, რომლითაც კლინიკაში გააქანეს, უკვე სუნთქვა შეწყვიტა. „ეს იყო კლინიკური სიკვდილი. მაგრამ იქ სუპერპროფესიონალი ექიმების გუნდი მუშაობს. მათ გამომიყვანეს ამ მდგომარეობიდან და გადავრჩი“, იხსენებს კოზლოვი. იმას, რომ ბედმა გაუღიმა და დროზე ჩავარდა კარგი ექიმების ხელში, ის შემდეგ გარემოებას უმადლის: „მოსკოვი და ასეთი დიდი ქალაქები ბედნიერების ერთგვარი ოაზისებია, სადაც გიმკურნალებენ - თუ იქ ხარ ჩაწერილი. მაგრამ მოსკოვს რომ გასცდები, ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს, თითქოს ხალხია, მაგრამ, რაღაცნაირად, ბოლომდე არ არის ხალხი... რადგან არა აქვთ ისეთივე უფლებები, როგორც ხალხს მოსკოვში“.

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათწლეულის შემდეგ, რუსეთის კონსტიტუცია კვლავინდებურად უზრუნველყოფს მოქალაქეებს უფასო სამედიცინო მომსახურებით. მაგრამ ბევრი ამბობს, რომ სინამდვილეში ვითარება სხვაგვარადაა: მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს საშუალება, ფული გადაიხადოს მაღალი ხარისხის კერძო კლინიკებში მაშინ, როცა დანარჩენები, ანუ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, თითქმის ყოველგვარ დაცვას არიან მოკლებული, თუ ქრთამი არ მისცეს სამედიცინო პერსონალს.

ბევრ რეგიონში საავადმყოფოები საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობას სჯერდება, კონდიციონერებიც კი არა აქვს ზაფხულის სიცხეში პაციენტებისათვის შვების მოსაგვრელად.

აი, რას ამბობს მოსკოველი ნატალია - ექთანი ოფთალმოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტში - ფასიან და უფასო მკურნალობაზე: „ძირითადად, უფასოდ ტარდება პროცედურები, რომლებიც კაცს, პრინციპში, არ ჭირდება. ხოლო დანარჩენი პროცედურები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებლია, ისინი მაინც ფასიანია“.

ეს არის სერიოზული პრობლემა ქვეყანაში, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლებით, ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა მთელს მსოფლიოში: ნომერი პირველი მწეველთა რაოდენობით, და მეოთხე - ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის მოხმარებით. მამაკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა 59 წელს არ აღემატება და მოსახლეობის რაოდენობა იკლებს მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა, რომ შეაჩერებს ამ ტენდენციას.

რუსეთში დემოგრაფიული დაღმასვლის შეჩერებას ემსახურება ჯანდაცვის მოდერნიზების სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც წელს დაიწყო და 15 მილიარდი დოლარით ფინანსდება.

მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტში, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოდ არის აღიარებული, დირექტორი, ანზორ ხუბუტია ქების სიტყვებს არ იშურებს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის მისამართით. მისი განკარგულებით დიდი ფული გამოიყო, რამაც ინსტიტუტისთვის უახლესი აღჭურვილობის შეძენის საშუალება მოგვცაო: „რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, იმკურნალოს იქ, სადაც სურს. დავუშვათ, ცხოვრობს მაგადანში - შეუძლია, ჩამოვიდეს მოსკოვში და იმკურნალოს ნებისმიერ კლინიკაში“.

მაგრამ ხუბუტიას ამ განცხადებას ბევრი არ ეთანხმება- პაციენტთა უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სავერსკის შეფასებით, იმ თვალსაზრისით, მიუწვდება თუ არა ხელი რიგიან მკურნალობაზე, სულ უფრო მატულობს განსხვავება შეძლებულებსა და ღარიბებს შორის. შეძლებული რუსები საზღვარგარეთ მკურნალობენ მაშინ, როცა პენსიონერებსა და უნარშეზღუდულ პაციენტებს გრძელ რიგებში ლოდინი უწევთ და ლამის „მათხოვრობა“ სამედიცინო დახმარების მისაღებად. „დაფინანსების გაზრდას მართლაც ყველა აღიარებს. ჯანდაცვისთვის ფული არის. მაგრამ ეს გაუმჯობესებას არ ხმარდება. საერთოდ არ არის გაუმჯობესება, ხალხის შეფასებით“, ამბობს სავერსკი.

იმის მაგივრად, რომ სისტემური პრობლემების მოგვარებაზე ეზრუნათ ჯანდაცვის ზოგადი კონცეფციის შემუშავებით, განხორციელდა ცალკეული რეფორმები, რომლებმაც ახალი წინააღმდეგობები წარმოშვა. პაციენტებს მართლაც აქვთ უფლება, იმკურნალონ რუსეთის ნებისმიერ კუთხეში, არადა, ძალაში რჩება ძველი სისტემა, რომლის მიხედვითაც, ექიმმა უნდა უმკურნალოს კონკრეტულ რაიონში მცხოვრებ პირებს. კიდევ ერთი რეფორმით, რუსეთის მოქალაქეს მოეთხოვება სამედიცინო დაზღვევის შეძენა, რაც ეწინააღმდეგება უფასო სამედიცინო მომსახურების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას. ზოგადად, განაგრძობს სავერსკი, ჯანდაცვის ხარისხი არათუ არ გაუმჯობესებულა, პირიქით, გაუარესდა. თუ გასული საუკუნის 70-ან წლებში საბჭოთა კავშირი მსოფლიოში 22-ე ადგილს იკავებდა ხარისხითა და ხელმისაწვდომობით, ახლა რუსეთს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეიტინგით, 130-ე ადგილი ეკუთვნის.

შეფასებას, რომ ჯანდაცვის ხარისხი უარესდება, როგორც ჩანს, რუსეთის რიგითი მოქალაქეებიც იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ირკვევა ბოლოდროინდელი გამოკითხვით, რომელიც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა დამოუკიდებელმა ორგანიზაცია „ლევადას ცენტრმა“. აღმოჩნდა, რომ რუსეთში გამოკითხულების 60-მდე პროცენტია უკმაყოფილო სამედიცინო მომსახურებით. ყველაზე სამწუხარო ის არის, მოსახლეობის ორი მესამედი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში რიგიან სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებსო, ამბობს „ლევადას“ ცენტრის თანამშრომელი, მარინა კრასილნიკოვა. „ლევადას“ გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ რესპონდენტების ნახევარზე მეტი ავადმყოფობის დროს თავს არიდებს ექიმთან მისვლას. ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის მხრივ რუსეთში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG