Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 1 თებერვალი


„თბილისში იმედი აქვთ, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია გაზეთმა „იზვესტიამ“, რომელიც ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის წინ. გამოცემის თანახმად, დიპლომატები შეხვედრის მსვლელობისას განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს და გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს. სტატიის მიხედვით, ზურაბ აბაშიძემ მიანიშნა, რომ ვიზების საკითხში ბურთი რუსეთის მხარესაა და დაამატა, რომ რუსეთში შესვლის რეჟიმის გამარტივებას საქართველოს მოქალაქეები აღიქვამდნენ სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად: „სავიზო რეჟიმის შემდგომი პერსპექტივა უნდა განსაზღვროს რუსეთის მხარემ, ეს მისი პრეროგატივაა, და ჩვენ არ შეგვიძლია თავს მოვახვიოთ მას რაიმე სახის გადაწყვეტილებები. რაც შეეხება საქართველოს მხარეს, ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წლიდან გავაუქმეთ სავიზო მოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისათვის და მათ შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე დაყონ მთელი წელი. ამგვარი კომფორტული სავიზო რეჟიმი იქნა შემოღებული მრავალი ქვეყნის მოქალაქეებისათვის და ამან, სხვა ფაქტორებთან ერთად, მოგვიტანა დადებითი შედეგები: შარშან საქართველოს ეწვია ტურისტების რეკორდულად მაღალი რაოდენობა და მათ შორის 1 მილიონი რუსეთიდან იყო“.

„იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თბილისი ნამდვილად არ აპირებს სავიზო საკითხების მიბმას მთავარ პრობლემასთან - დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხთან.

„იზვესტია“ მკითხველს სთავზობს ასევე გრიგორი კარასინის - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - პოზიციას საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თაობაზე. კარასინის თქმით, საქართველო იყო ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორი და ამ საკითხის პოზიტიურად შეცვლის ვადებიც მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული.

„ჩინეთმა ბაქოს, თბილისსა და ანკარას გადაჰკრა“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, სატრანსპორტო დერეფანი აღმოსავლეთ-დასავლეთი 2017 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, რისთვისაც აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა გააძლიერეს მუშაობა რკინიგზის ბაქო-თბილისი- ყარსის მონაკვეთზე. გადაკვრაში კი სტატიის ავტორმა იგულისხმა ჩინეთის მიერ სატვირთო შემადგენლობის პირდაპირი გადაყვანა ჩინეთიდან დიდ ბრიტანეთში რუსეთის ტერიტორიის გავლით.

ეს იყო ჩინეთიდან პირველი სატვირთო მატარებელი, რომელმაც თითქმის 12 ათასი კილომეტრი გაიარა და 18 დღის შემდეგ ჩავიდა ლონდონში. მატარებელმა, სახელად „აღმოსავლეთის ქარი“, გზად გაიარა ყაზახეთი, რუსეთი, ბელორუსია, პოლონეთი, გერმანია, ბელგია და საფრანგეთი, საიდანაც დიდ ბრიტანეთში შევიდა ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალი გვირაბით. 34-ვაგონიანმა შემადგენლობამ, ჯამში, 68 სატვირთო კონტეინერი გადაიტანა. წინასწარი გაანგარიშებით, პირველ თვეებში რეისები განხორციელდება კვირაში ერთხელ. ევროპიდან ჩინეთში მატარებელი ჩაიტანს ხე-ტყეს, ხორცის ნაწარმს, ღვინოსა და სხვა პროდუქციას. „ამ ცნობამ, რასაკვირველია, აიძულა ბაქო, თბილისი და ანკარა გაეაქტიურებინათ მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მონაკვეთზე“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, საქართველომ თავისი წილი სამუშაოებისა თითქმის დაასრულა, ასეთივე ვითარებაა რკინიგზის თურქეთის მონაკვეთზეც. რუსული გამოცემა იმოწმებს თურქეთის პრემიერ-მინისტრს, ბინალი ილდირიმს, რომლის თქმითაც, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება 2017 წლის პირველ მეოთხედში. ექსპერტების პროგნოზით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი პირველ ეტაპზე წლის განმავლობაში 5 მილიონ ტონა ტვირთს გაატარებს, უახლოესი წლების განმავლობაში კი ტვირთბრუნვა 17-20 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG