Accessibility links

logo-print
არასაპარლამენტო პოლიტიკური უმცირესობა პრინციპულად მოითხოვს თვითმმართველი ქალაქების მერის საარჩევნო ბარიერის 50 %-მდე აწევას, მაშინ როცა მმართველი კოალიცია არსებული ბარიერის 30 %-დან 40 %-მდე გაზრდასაც დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. ოპოზიცია ამჟამინდელ ხელისუფლებას იმასაც შეახსენებს, რომ თავის დროზე თავადაც ბარიერის აწევის მომხრენი იყვნენ. ვის და რატომ სურს ბარიერის გაზრდა?
საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დღეს უცხოელ დიპლომატებს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აცნობდნენ. მათ შორის ერთ-ერთ სადავო საკითხად არასაპარლამენტო უმცირესობას მერებისა და გამგებლების არჩევნებისთვის დაწესებული 40 და, შესაბამისად, 33% -იანი ბარიერი მიაჩნია.

როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვეფხვაძე, ამბობს, კოდექსში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა:

„’ქართული ოცნება’ ტოვებს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებს და არაფრის შეცვლა არ უნდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ეს საკრებულოების არჩევნებს შეეხება. მეორე - ეს არის ბარიერის თემა და „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა და ცდილობს შეინარჩუნოს ის პირობები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა - დაბალი საარჩევნო ბარიერის პირობებში ერთმა მართოს ქვეყანა და მესამე - ეს არის საარჩევნო სიები. მათ ჯერ კიდევ 6 თვის წინ კანონში ჩაწერეს, რომ არჩევნები უნდა ჩატარებულიყო ბიომეტრიული პარამეტრებით შემდგარი სიით და ეს სია არ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“.

ეს არის ის, რომ უმრავლესობამ მართოს უმცირესობა. 50+1 ნიშნავს, რომ ვარ უმრავლესობაში და, შესაბამისად, უნდა ავიღო უპირატესობა უმცირესობაზე და როცა მაქვს 33 ან 40%, ეს იმას ნიშნავს, რომ ვარ უმცირესობაში, მაგრამ სურვილი მაქვს ვმართო უმრავლესობა...
ბიომეტრიული საარჩევნო სიის საკითხი ინტერფრაქციული ჯგუფისა და უცხოელი დიპლომატების შეხვედრაზეც დაისვა, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც საარჩევნო ბარიერზე ისმება. როგორც არასაპარლამენტო, 10 პოლიტიკური პარტიის ერთობლივ შეხვედრაზე ითქვა, ცინიკურია ხელისუფლების იმ წარმომადგენლების მხრიდან 40%-იან ბარიერზე საუბარი, რომლებიც 50 %-იანი ბარიერის გამო 2010-11 წლებში საპროტესტო აქციებით იმუქრებოდნენ. როგორც „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე, ამბობს, 50 პროცენტიანი ბარიერი იმის გარანტიას იძლევა, რომ მერი უმრავლესობის მიერ იქნება არჩეული:

„ეს არის ის, რომ უმრავლესობამ მართოს უმცირესობა. 50+1 ნიშნავს, რომ ვარ უმრავლესობაში და, შესაბამისად, უნდა ავიღო უპირატესობა უმცირესობაზე და როცა მაქვს 33 ან 40%, ეს იმას ნიშნავს, რომ ვარ უმცირესობაში, მაგრამ სურვილი მაქვს ვმართო უმრავლესობა. ეს არის ამ ხელისუფლების სურვილი, მორგებული ამ ხელისუფლების რეიტინგზე, როგორც ჩანს“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის რეიტინგზე მორგებულს უწოდებს „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც ხელისუფლების მცდელობას დააწესოს მერის ასარჩევად 40 %-იანი ბარიერი.

თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ 50 % იყოს, მაშინ მმართველი ძალა ყოველთვის ეცდება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გამოხშიროს და ვიღაცები გადმოიბიროს, რომ პირველივე ტურში 50 %-ით დაამთავროს და, თან, მეტ-ნაკლებად ვინც ავტორიტეტულია, მასთან იმუშაოს...
ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის ზვიად ძიძიგურის თქმით კი, იმ ფონზე, როცა საერთოდ არავითარი საარჩევნო ბარიერი არ არსებობდა, თბილისის გარდა, სხვა თვითმმართველ ქალაქებში და ახლა საკმაოდ მაღალი ბარიერი წესდება, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებს დგამს. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატის გია ვოლსკის სიტყვებით კი, კარგია 50 %-ანი ბარიერი, მაგრამ ამჯერად 40-ც კმარა. ამასთან, ასეთი მაღალი ბარიერი პარტიებს შორის გარიგებისა და პოლიტიკური კორუფციის გაჩენის რისკს ბადებს. გია ვოლსკისვე სიტყვებით, 50 %-იანი ბარიერის დაწესებით შესაძლოა მეორე ტურის მაღალი ალბათობა გაჩნდეს, რაც ხელისუფლებისთვის დამატებითი ხარჯი იქნება:

„თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ 50 % იყოს, მაშინ მმართველი ძალა ყოველთვის ეცდება, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციიდან გამოხშიროს და ვიღაცები გადმოიბიროს, რომ პირველივე ტურში 50 %-ით დაამთავროს და, თან, მეტ-ნაკლებად ვინც ავტორიტეტულია, მასთან იმუშაოს. გარდა ამისა, ვთქვათ, მივიდა მეორე ტურზე და არის არასაპარლამენტო ან ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც თუ შეიკვრება, რაღაცა შანსი გაუჩნდება. აი, ამ ე. წ. შეკვრას აუცილებლად მოჰყვება პოლიტიკური კორუფცია და გარიგებები“.
არასაპარლამენტო ოპოზიცია სწორედ რომ კოალიციის სახით გეგმავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და გულწრფელ გაკვირვებას გამოთქვამს, რატომაა კოალიციის შექმნა პოლიტიკური კორუფცია, როცა თავად „ქართული ოცნება“ კოალიციური გზით მოვიდა ხელისუფლებაში. ამის შესახებ დღეს მამუკა კაციტაძე ლაპარაკობდა.

საარჩევნო კოდექსზე, რომელმაც, თავის მხრივ, თვითმმართველობის არჩევნების საკითხიც უნდა მოაწესრიგოს, მუშაობა თებერვლის დასაწყისში დასრულდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. არასაპარლამენტო ოპოზიციისგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“ არსებული 30 %-იანი ბარიერის დატოვების მომხრეა.
არასამთავრობო სექტორი კი ხელისუფლებას 50 %- იანი ბარიერის დაწესებისკენ მოუწოდებს, რაც მეტ ლეგიტიმაციას შესძენს არჩეულ თანამდებობის პირს. ამასთან, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია ამბობს, ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი სულ ცოტა ხნის წინ შექნა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოდექსში, ბარიერის საკითხის გარდა, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა ვერ მოესწრება.
XS
SM
MD
LG