Accessibility links

logo-print

„საყდრისი-ყაჩაღიანი, ნგრევა კანონის სახელით“


საყდრისის შესახებ საიას ანგარიშის წარდგენა

საყდრისის შესახებ საიას ანგარიშის წარდგენა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის განადგურების საქმეზე რიგით მეორე კვლევა დაასრულა, სახელწოდებით „საყდრისი-ყაჩაღიანი, ნგრევა კანონის სახელით“. კვლევაში, რომლის პრეზენტაციაც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, საია ასკვნის, რომ, მთელი რიგი საეჭვო გარემოებების გამო, 2013-2015 წლებში საყდრისი-ყაჩაღიანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აუცილებლად უნდა გახდეს ობიექტური გამოძიების საგანი სამართალდამცავი ორგანოებისათვის.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თანახმად, საყდრისი-ყაჩაღიანის შემთხვევამ ნათლად და ცალსახად აჩვენა, რომ საეჭვო გარემოებებში, კანონმდებლობის მოთხოვნების გვერდის ავლით, შეიძლება მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც, ეკონომიკური თუ სხვა ბუნდოვანი საინვესტიციო ინტერესების სახელით, საფრთხეს შეუქმნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, შენარჩუნებას და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. როგორც კვლევის ავტორმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა სულხან სალაძემ განაცხადა, შესწავლის ძირითადი საგანი ამჯერად სახელმწიფო უწყებების ქმედებათა კანონიერება იყო. კვლევამ კი დაადასტურა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე მსჯელობის დროს გადაწყვეტილებები მიიღეს ფორსირებულ რეჟიმში და ამ პროცესში დაირღვა ადმინისტრაციული წარმოების არაერთი წესი. საყდრისი-ყაჩაღიანისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის შემდეგ, კვლევის მიხედვით, კანონდარღვევებით წარიმართა მომდევნო პროცესებიც - კერძოდ, კომპანია „RMG-Gold”-ის მიერ 13 დეკემბერს არქეოლოგიური ობიექტის აფეთქება, 30-31 დეკემბერს „RMG-GOLD”-ისთვის ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება და სხვა.

“ერთ-ერთი მიზანი, ჩვენ რატომაც გვინდა, რომ დავა ბოლომდე გაგრძელდეს სასამართლოში, არის სწორედ ის, რომ სასამართლომ თქვას, რომ დიახ, უკანონობას ჰქონდა ადგილი. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს არის ძალიან მაღალი ტიპის დოკუმენტი, თუ კანონიერ ძალაში შევა ეს გადაწყვეტილება, შემდგომში რომ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ის გარემოება, რომ უკანონო იყო აფეთქება, თვითონ ფაქტი, უკვე საფუძველია კონკრეტული პირების პასუხისმგებლობისა, ბუნებრივია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება ამისთვის“, - თქვა სულხან სალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, ორივე არის დამნაშავე და ეს დანაშაული აუცილებლად გამოაშკარავდება ან ამ მოწვევის პარლამენტში, ან მომავალში, ან ამ ხელისუფლების დროს, ან მომავალი ხელისუფლების დროს...

დეპუტატ ნინო გოგუაძის თქმით, საამისოდ პოლიტიკური ნება რომ არ არსებობს, ამას პარლამენტის მაგალითიც ადასტურებს. მისი აზრით, მსოფლიოში პირველი ოქროს მაღაროს, საყდრისი-ყაჩაღიანის, განადგურება ეკონომიკური თუ საინვესტიციო ინტერესების მომიზეზებით, საზოგაგოების მხრიდან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს:

“პარლამენტმა ჯერ მხარი დაუჭირა საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას და შემდეგ იგივე უმრავლესობამ, ბრძანების შესაბამისად, უარი თქვა ამ კომისიაზე. ასე რომ, საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა, ორივე არის დამნაშავე და ეს დანაშაული აუცილებლად გამოაშკარავდება ან ამ მოწვევის პარლამენტში, ან მომავალში, ან ამ ხელისუფლების დროს, ან მომავალი ხელისუფლების დროს“.

ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ საყდრისი-ყაჩაღიანის ნგრევის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს საშემოდგომო სესიაზე კიდევ ერთხელ დააყენებს. თავის მხრივ, კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მარინე მიზანდარი, რომელმაც თანამდებობა საყდრისი-ყაჩაღიანზე მთავრობასთან შეუთავსებელი პოზიციის გამო დაკარგა, ფიქრობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აქვს, იმის მიუხედავადაც კი, რომ ძეგლი განადგურებულია:

“საბრძოლო ობიექტები ბევრია. ძველი თბილისით დავიწყოთ - ვთქვათ, იგივე მირზა-შაფის ქუჩის განაშენიანების პრობლემით, „თბილისი-პანორამას“ პროექტით და ასე შემდეგ. დღევანდელი სახელმწიფო ხედვა გულისხმობს იმას, რომ ინვესტიციის მოზიდვის საბაბით შეიძლება განადგურდეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რაც არის სრულიად დაუშვებელი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ კვლევის შედეგების წარდგენა იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი საზოგადოებისთვის იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევის თანახმად, 2014 წლის 12 დეკემბერს კულტურის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩაატარეს: ობიექტი ააფეთქეს სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებით უნებართვოდ; კვლევის ავტორებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ RMG-GOLD”-ს ლიცენზიის გაგრძელების გარანტია წინასწარ ჰქონდა მიცემული და გადაწყვეტილება 2014 წლის ბოლოს მხოლოდ იურიდიულად გაფორმდა და სხვ.

ამ მიგნებების საპასუხო არგუმენტები კვლევის პრეზენტაციის დარბაზში არ გაჟღერებულა, ვინაიდან ოფიციალური სტრუქტურებისა და RMG-ის წარმომადგენლები, მიწვევის მიუხედავად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ სხდომას არ დასწრებიან. დარბაზში დასმულ შეკითხვებს შორის კი იყო შემდეგიც:

“დაახლოებით ასეთი სისწრაფის პროცესი ჩვენ მეორედაც ვნახეთ. ეს იყო „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით. იმ შემთხვევაში ჩვენ კარგად ვიცოდით, ვისი ინტერესი იყო და ვინ არის ეს უხილავი თუ უკვე იქ ხილული ხელი და ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. კვლევის შემდეგ გამოჩნდა თუ არა სადმე, ვისი ინტერესია?“

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ფიქრობს, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ კვლევა ამჯერად ამ მიმართულებით უნდა წარმართოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG