Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნიდან გაუშვებლობის შეზღუდვა გადაიხედება


გაგრძელდება მუშაობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივაზე, რაც, ბევრის აზრით, ქვეყნიდან გასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვას აწესებს. ინიციატივას, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, გაუმართლებლად და სახიფათოდ მიიჩნევს არასამათავრობო სექტორი. ინიციატორები, რომლებსაც ოპონენტები თანაგუნდელებშიც ჰყავთ, პროექტის გადახედვას გეგმავენ.

საკანონმდებლო ცვლილებები გამიზნულია „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონის მე-10 მუხლისთვის. ამ მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უარი შეიძლება ეთქვას საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე, პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე ან საზღვრის გადაკვეთაზე 2 შემთხვევაში: 1. თუკი ის იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; 2. თუ ის წარმოადგენს ყალბ ან ძალადაკარგულ საბუთს.

ინიცირებული რედაქციის თანახმად, უკვე არსებულ ორ პუნქტს ემატება მესამეც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეს ქვეყნის დატოვების ნება შესაძლოა არ დართონ ”სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე“.

არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი და თუკი ადამიანი ძებნაშია, გასაგებია, რომ მისი გადაადგილება შეზღუდულია... და სხვა რა შემთხვევაში შეიძლება, რომ ასეთი ჩანაწერით ნორმალურ, ცივილიზებულ პირობებში ქვეყნის უსაფრთხოებაზე იფიქრო, მე არ ვიცი...
დავით დარჩიაშვილი
კანონში ამგვარი ჩანაწერის გაჩენის პერსპექტივას სრულიად არადემოკრატიულად და ადამიანის უფლებებთან აბსოლუტურად შეუსაბამოდ მიიჩნევენ ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტები. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა, მაგალითად, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ასეთი საკანონმდებლო ინიციატივა მას საბჭოთა დროს ახსენებს და რომ შესაძლებელია კანონის ბუნდოვანი განმარტებები საქართველოში ბოროტად გამოიყენონ:

”არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი და თუკი ადამიანი ძებნაშია, გასაგებია, რომ მისი გადაადგილება შეზღუდულია... და სხვა რა შემთხვევაში შეიძლება, რომ ასეთი ჩანაწერით ნორმალურ, ცივილიზებულ პირობებში ქვეყნის უსაფრთხოებაზე იფიქრო, მე არ ვიცი”.

”სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს ენიჭება ზედმეტად ფართო დისკრეცია, რაც ქმნის ადამიანის უფლებების შეზღუდვის გაუმართლებელ რისკებს. მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მოქალაქის თავისუფალი მიმოსვლისათვის დამატებითი ბარიერების შექმნა და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის ნათელი სამართლებრივი ინსტრუქციის გარეშე”, - ვკითხულობთ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ 28 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც
ეწინააღმდეგება კანონპროექტის ინიციატორების პოზიციას იმის თაობაზე, რომ, შემოთავაზებული ცვლილებით, კანონი შესაბამისობაში მოდის და აზუსტებს კონსტიტუციის 22-ე მუხლის შინაარსს.

ამ მუხლის თანახმად, ამა თუ იმ მოქალაქის ქვეყნიდან გასვლის უფლება შესაძლოა შეიზღუდოს მხოლოდ ”კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ახალი ინიციატივა კი არ აკონკრეტებს, არამედ ბუნდოვანს ხდის და ის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება კიდეც კონსტიტუციის მოთხოვნებს:

როდესაც მოქალაქე გადის ქვეყნიდან, მან უნდა იცოდეს რა შემთხვევაში შეიძლება ის არ გაუშვან - უნდა იყოს ზუსტი და ამომწურავი ჩამონათვალი. ამას სამართლის ენაზე ჰქვია, რომ კანონი არის განჭვრეტადი და ნათელი...
თამარ კორძაია
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების უფლება დაცული იყოს. ეს ნორმა კი, რა თქმა უნდა, ამ უფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. რეალურად, თუკი რაიმე ფორმით შეეზღუდება მოქალაქეს გადაადგილება, ეს უნდა იყოს კანონით განსაზღვრული კონკრეტულად. ანუ ზოგადი ნორმების შემოღება ამ მიმართულებით აბსოლუტურად დაუშვებელი იყო”.

ეკა გიგაურის თქმით, კანონში მსგავსი ცვლილება გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილება შემოგვთავაზებდა კონკრეტულ მიზეზებს, რაც შეიძლება გამხდარიყო ამა თუ იმ პირის ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის საფუძველი.

ინიციატორი კოლეგებისგან მეტ კონკრეტიკას მოელის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის წევრი, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი თამარ კორძაიაც. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ კონსტიტუციაში - უზენაეს კანონში -გათვალისწინებული მოთხოვნების დაკონკრეტება უნდა ხდებოდეს სხვა კანონებში, რომლებიც კონსტიტუციის ნებასა და სულისკვეთებას უნდა შეესაბამებოდეს. სადავო კანონპროექტი კი არაფერს აკონკრეტებს და საკითხს ბუნდოვნად ტოვებს:

”როდესაც მოქალაქე გადის ქვეყნიდან, მან უნდა იცოდეს რა შემთხვევაში შეიძლება ის არ გაუშვან - უნდა იყოს ზუსტი და ამომწურავი ჩამონათვალი. ამას სამართლის ენაზე ჰქვია, რომ კანონი არის განჭვრეტადი და ნათელი. მე, როცა ქვეყანას ვტოვებ, შემიძლია ვიცოდე და გათვლილი უნდა მქონდეს - რა შემთხვევაში ვერ დავტოვებ”.

ერთი სიტყვით, თანდათან სულ უფრო მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატების - ირინა იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის - საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარლამენტის ბიურომ წინა კვირაში დაარეგისტრირა. თუმცა ხმაური, გარკვეულწილად, შეაჩერა ირინა იმერლიშვილის მიერ ორშაბათს გაკეთებულმა განცხადებამ. მართალია, კონსტიტუციასთან შეუსაბამოს ვერაფერს ხედავს, მაგრამ რადგანაც არასამთავრობო სექტორს გაუჩნდა შეკითხვები ადამიანის ფუნდამენტური უფლების - გადაადგილების თავისუფლების - შესაძლო შეზღუდვასთან დაკავშირებით და დაინახეს შანსი იმისა, რომ რომელიმე ჩინოვნიკმა შეიძლება სამომავლოდ ბოროტად ისარგებლოს კანონის ამ ნორმით, დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის საქართველოს მოქალაქის ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელოს მუშაობა. კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელება რომ იგეგმება, ეს ჩვენთან საუბრისას უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამაც დაადასტურა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG