Accessibility links

logo-print

შვიდმილიარდიან მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მიწაზე გაფანტული, დაახლოებით, ერთი მილიონი იეზიდი ცხოვრობს. მათი ერთი ნაწილია საქართველოს იეზიდებიც - ჯერ არ ვიცით, რამდენი დარჩნენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. ვიცით 2002 წლის მოსახლეობის აღწერის სტატისტიკა, რომლის თანახმად, მათი რაოდენობა ქვეყანაში 19 000-ს აღემატებოდა. დღეს საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს აქვთ ერთი ადგილი თბილისში, - თავიანთი სამლოცველო და იეზიდთა სახლი, - სადაც თავმოყრა შეუძლიათ და სადაც საკუთარი იდენტობის, ენის, რელიგიის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე ზრუნავენ - გადარჩენაზე, რადგან რაც დრო გადის, ამ ხალხის ასიმილაციის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

უსუბოვები

ვარკეთილის დასახლების თითქმის ბოლოში ვართ. ორი წუთიც და გზიდან ხელმარცხნივ ტაძარი გამოჩნდება. არც ქრისტიანულ ეკლესიას ჰგავს, არც მუსლიმურ მეჩეთს, არც ებრაულ სინაგოგას - თუ დაინტერესდები, გაიგებ, გაიგებ, რომ აქ იეზიდების სახლი და სამლოცველოა. დიდი ხანი არ არის, რაც აშენდა. ტაძრის შესასვლელთან გაფენილ ხალიჩებზე სულ რამდენიმე ადამიანი ზის. ჰყვებიან ამ და სხვა ქვეყნების ამბებს. ერთმანეთს უზიარებენ. მერე სინზე შემოდგმული ჩაი და შაქრის ნატეხები მოაქვთ, ცხელი ჩაიდანი. ლაპარაკობენ. განიხილავენ. კრიალოსანს მარცვლავენ. სამშაბათობით კი, როცა ტაძარში ტრადიციული სამშაბათის ღვთისმსახურება იმართება, იქაურობა იეზიდებით ივსება, საქართველოს იეზიდებით. ისინი ერთად არიან. ეს ახლა მათი სახლია. სამშაბათს აქ თავის ოჯახთან ერთად მოვა ბორის უსუბოვიც. მაგრამ მანამდე ჩვენ მივალთ მასთან სახლში, ლილოში, სადაც ის თავის დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სახლშიც ის შეგვიძღვება:

„უსუბოვების ოჯახში ხართ. ჩვენ მურიდები ვართ, იეზიდების საერო შტო. ცოტა ჩაკეტილი ხალხი ვართ იეზიდები. დიდი ტრადიციები გვაქვს და ვცდილობთ ეს ტრადიციები დავიცვათ, არ ვუღალატოთ და შევინარჩუნოთ“.

ბორის უსუბოვი ყარსიდან წამოსული იეზიდების შთამომავალია, მისი დიდი პაპა, აგიტ უსუბოვი, თავიდან თელავში დასახლდა. ბორისი უკვე მეოთხე თაობაა:

„აგიტა, ბაილოზა, მამაჩემი იურა და მე. აჰა. მე უკვე მეოთხე თაობა ვარ საქართველოში. ჩემი შვილი კიდევ - მეხუთე“.

ყარსიდან სომხეთში, სომხეთიდან თელავში, თელავიდან კი თბილისში. ეს გზა, უსუბოვების ოჯახის მსგავსად, კიდევ არაერთმა იეზიდმა გაიარა. ადვილი არ ყოფილა. თავად ბორისი ბედს არ უჩივის, ოჯახური ბიზნესი აქვთ, აქაურ ბაზრობებსა და მაღაზიებს ჯინსებით ამარაგებენ. ბევრ იეზიდს დღეს ძალიან უჭირსო, გვეუბნება ბორისი:

„ბევრ რამეს მოკლებული ხალხი ვართ იეზიდები. ჩვენი ისტორიაც ამას გვიყვება - სულ დაჩაგრულები ვიყავით. არ გვაქვს ჩვენი მიწა, ჩვენი ტერიტორია, სადაც ჩვენი სახელმწიფო გვექნებოდა. თუ სახელმწიფო გვექნებოდა, ერიც გაძლიერდებოდა. დღეს ვინც საქართველოში ცხოვრობს, მათ 80 %-ს ძალიან უჭირს. მუშაობენ, მაგრამ მაინც უჭირთ“.

სტერი თუ გაქვთ-მეთქი, ვკითხე - იეზიდების ამ ტრადიციული ნივთის შესახებ წინასწარ ვიცოდი. როგორც აგვიხსნეს, ბევრლეიბიანი საწოლია, რომელსაც სტუმრის მოსვლის შემთხვევაში იყენებენ. სწორედ იქიდან გამოაძრობენ ხოლმე საპატიო სტუმრებისათვის ქვეშაგებს. სოფელში გვაქვსო, თქვა ბორისმა. აქ, თბილისში, ყველაფერი უფრო თანამედროვეა. ფერადი კაბებიც სოფლის სკივრშია - საუბარში მარინა ერთვება, ბორისის დედა:

უსუბოვების ოჯახი

უსუბოვების ოჯახი

„შავი და ლურჯი არ გვიყვარს, ცუდი ამბის ფერად ითვლება. მე ძალიან მიყვარდა წითელი და ვარდისფერი და მაქვს კიდეც ფერადი კაბები, ჩვენი, ტრადიციული. ოღონდ „დაჩაზე“ მაქვს წაღებული. თუ ახლო ნათესავის ქორწილში მივდივარ, ჩავიცვამ ხოლმე“.

ფერადები რატომ უყვართ, ამასაც თავისებურად ხსნიან:

„სამყარო როცა ფერადია, ის ლამაზია. ანუ ფერადი ნიშნავს მრავალფეროვნებას. მრავალფეროვნებას, მრავალრელიგიურობას. და ჩვენც ამ ფერადი სამყაროს ერთი პატარა ნაწილი ვართ - ამას გამოვხატავთ ამ ტანსაცმლითაც“.

ტრადიციებსა და წესებზე საუბარმა მარინას ძველი დრო გაახსენა. ჩაკეტილ, მკაცრ ოჯახში გაზრდილა, ეზოს გარეთ არ უშვებდნენ, სულ გრძელმკლავიანი სამოსი ეცვა, თმის შეღებვის ნებას ვინ დართავდა? მხოლოდ გათხოვების მერე შეუღებავს პირველად თმა, მოკლესახელოებიანი კაბაც მაშინ ჩაუცვამს პირველად. იეზიდების ოჯახში კაცია მთავარი. ამ აზრს მარინაც ეთანხმება:

ბორისი: „კი, კაცი მთავარია, საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს. შეიძლება თქვენ რაღაც ცუდად მოგეჩვენოთ ეს, მაგრამ ჩვენთან ასეა. ქალებსაც ვეკითხებით, ცოლებს, დედას, დას, მაგრამ საბოლოოდ მაინც კაცის სიტყვა წყვეტს“.

მარინა: „მე მომწონს კიდეც ეს. ისეთი დროა, კაცის სიმკაცრე საჭიროცაა“.

ბორისი

ბორისი

მამამთილის თანდასწრებით რძლები არ ლაპარაკობენ - ასე იეზიდები უფროსის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ. დუმს გულიკოც, ბორისის მეუღლე, რომელიც, მშობლების გადაწყვეტილებით, 17 წლისა გათხოვდა. იური აქ ოჯახის უფროსია და სანამ ის ამ ოთახში ზის, გულიკო ჩუმად იქნება. მხოლოდ მაშინ დაგველაპარაკება, როცა მამამთილი ოთახიდან გავა. პირველი შეკითხვაც დუმილის ამ წესს ეხება:

ჩუმად, ძალიან ჩუმად შემიძლია ვუთხრა, რომ ისადილოს, მოდი, საჭმელი ჭამე, ვეტყვი ან ხელით ვანიშნებ.

სწავლობდით?

კი, 129-ე სკოლაში ვსწავლობდი. 9 კლასი დავამთავრე. 17 წლისა უკვე ამათი რძალი ვიყავი.

სწავლის გაგრძელებაზე არ გიფიქრიათ? გინდოდათ გესწავლათ?

მინდოდა, მაგრამ მშობლებმა არ გამიშვეს.

კედელზე იეზიდების მთავარი სალოცავის, ლალიშის ტაძრის, ნახატი ჰკიდია - მკვეთრ ფერებში. მის გვერდით მაგიდაზე კი ფარშავანგის ფიტული დგას - ეს ოჯახის წმინდა ადგილია.

„ესეც - ჩვენი მთავარი სიწმინდე. მზის ამოსვლამდე ვლოცულობთ, მუხლის ჩოქზე ვდგებით და ისე. ღმერთს ვევედრებით, რომ ცუდი რაღაცებისგან დაგვიფაროს და სიკეთე მოგვცეს“.

საქართველოს იეზიდები

საქართველოს იეზიდები

იური, ბორისის მამა, ცოტას ლაპარაკობს. ქართული ისე კარგად არ იცის. მარინას ვეკითხებით ერთ ჩვეულებრივ დღეზე მათ ოჯახში:

„თენდება. დილით ადრე - ხან ექვსზე, ხან შვიდზე - ვდგები. მერე ბავშვებიც იღვიძებენ, სკოლისთვის ემზადებიან. მათ რომ გავისტუმრებთ, ჩვენც სამსახურში მივდივართ - ისინი თავის გზაზე, ჩვენ ჩვენსაზე. მერე საღამოს ისევ ერთად შევიყრებით მთელი ოჯახი. მე ძალიან მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ერთმანეთს პატივი სცენ და ერთად კარგად იცხოვრონ და ჩვენებურად „თვაყი“ ჰქონდეთ. ეს ნიშნავს გაგებას, სიძლიერეს ძმებს შორის“.

თავგადასავალი

დრუზების, ებრაელების, ინდუსების და კიდევ სხვა ხალხების მსგავსად,იეზიდებიც ეთნორელიგიური ხალხია, რაც იმას ნიშნავს,რომ მათ ეთნიკურობას სწორედ მათი რელიგია განსაზღვრავს. მათ ასე სწამთ - იეზიდი, რომელიც სარწმუნოებას იცვლის და იეზიდიზმს უარყოფს,იეზიდობას კარგავს.

იეზიდები კურმანჯიზე ლაპარაკობენ, რომელიც ქურთული ენის უდიდესი (ჩრდილოდასავლური) დიალექტია. მათი ისტორიული სამშობლო ჩრდილოეთ მესოპოტამიაა -დღევანდელი ერაყის ჩრდილოეთი ნაწილი, სირიის ჩრდილოეთი და თურქეთის აღმოსავლეთი მხარეები.

პირველი იეზიდები საქართველოში

საქართველოს იეზიდები

საქართველოს იეზიდები

კავკასიაში ისინი პირველად შუა საუკუნეებში გამოჩნდნენ, თუმცა მასობრივად ამ ტერიტორიაზე ჩამოსახლება მე-19 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყეს და ეს პროცესი მეოცე საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. პირველი ოფიციალური ურთიერთობა ქართველებსა და იეზიდებს შორის მეფე ერეკლე მეორის დროს დამყარდა. დღემდეა შემორჩენილი მიმოწერაც, რომელიც მეფე ერეკლესა და იეზიდთა ბელადს, ჩობან-აღას შორის გაიმართა.

„მეფე ერეკლეს ჩაფიქრებული ჰქონდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნა და რუსეთის დახმარებით ოსმალეთისგან გათავისუფლება. ის დახმარებას იეზიდთა ბელადს, ჩობან აღას, და ასურელებს სთხოვდა.ეს მაშინვე ვერ მოხერხდა, თუმცა შემდეგ, როდესაც სამხრეთ კავკასია რუსეთმა შეიერთა, ეთნორელიგიურმა უმცირესობებმა იმედის თვალით შეხედეს ამ პროცესს - რუსეთის მოსვლას მაშინდელი ოსმალეთის საზღვრებთან, სადაც ისინი იდევნებოდნენ. იფიქრეს, რომ ქრისტიანულ ქვეყანაში უფრო შემწყნარებელი ხალხი ცხოვრობდა და გადმოსახლება დაიწყეს“, - მოგვითხრობს დიმიტრი ფირბარი.

იეზიდების სულ ბოლო ნაკადი საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914-1918 წლებში, ჩამოსახლდა. საქართველოში სომხეთის გავლით ჩამოვიდნენ. ავლაბარში, მთაწმინდაზე, მეიდანზე დასახლდნენ. ადგილობრივმა თბილისელმა მოსახლეობამ ლტოლვილებს საცხოვრებლად სარდაფები და ნახევარსარდაფები დაუთმო.

„ვისაც უფრო გაუმართლა და თავისუფალი ფართი იპოვა, იქ შესახლდა. ნაწილი კახეთში წავიდა, მდიდარ ოჯახებში მოჯამაგირეებად მუშაობდნენ, მწყემსებად. თბილისში კი, უმეტესად, - მეკურტნეებად, მტვირთავებად. ჰამბალებს უწოდებდნენ“.

მეეზოვის პროფესია, როგორც ასოციაცია

საქართველოს იეზიდები

საქართველოს იეზიდები

იეზიდების დიდი ნაწილი ქალაქის დასუფთავების სამსახურში დასაქმდა. რადგან ბევრმა მათგანმა ქართული ენა არ იცოდა, განათლება კი ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო, იმ სამუშაოს მოჰკიდეს ხელი, რისი გაკეთებაც შეეძლოთ. დროის გასვლასთან ერთად ესეც შეიცვალა, გაჩნდნენ პირველი იეზიდი ინჟინრები, აგრონომები და ა.შ., თუმცა მეეზოვის პროფესიასთან ეს ეთნოსი მრავალი წლის განმავლობაში იყო გაიგივებული, რაც, როგორც დიმიტრი ფირბარიც გვეუბნება, ერთი მხრივ, უსიამოვნოც იყო:

„ადრე მეც რაღაც უარყოფითი განწყობა მქონდა, მაგრამ ასეთია ცხოვრება - არა მხოლოდ საქართველოში ხდება მსგავსი რამ, ასეთი სტერეოტიპები სხვადასხვა ეთნოსების მიმართევროპაშიც არსებობს, არსებობს თურქეთში ქართველების მიმართ... გავიდა დრო და დღეს ვხედავთ, რომ ქართველებიც ალაგებენ ქუჩებს“.

დიმიტრი მოგვითხრობს, რომ თბილისში მცხოვრები იეზიდებისა და სომხების ერთმა ნაწილმა მაშინ ორგანიზაციაც კი ჩამოაყალიბა. ეს იყო პირველიიურიდიულად რეგისტრირებული ორგანიზაციადა მას ერქვა „თბილისელ იეზიდთა ეროვნული საბჭო“.

მერე და მერე, უკვე საბჭოთა საქართველოს პერიოდში, იეზიდთა არაერთი ფოლკლორული ანსამბლი და თეატრალური ჯგუფი შეიქმნა. იეზიდურ ენაზე გადაცემებიც მზადდებოდა. იყო საგანმანათლებლო კლუბებიც. ენის დავიწყების საფრთხე მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა. იეზიდებისათვის დაწყებითი სკოლა იყო გახსნილი მეიდანსა და ნაძალადევის რაიონში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კულტურული კერები მალევე მოიშალა. დღეს საზოგადოებრივი რადიოს ეთერში იეზიდური ენა კვირაში ათი წუთის განმავლობაში ისმის. სწრაფი ასიმილაციის პროცესი დაწყებულია, რაც, დიმიტრი ფირბარის თქმით, დღემდე გრძელდება:

„იდენტობა იშლება. ენის დაკარგვის საფრთხე დგას. მე ვფიქრობ, ზედმეტად ინტეგრირებულებიც ვართ. დასაქმებას არ ვგულისხმობ, ცხადია. ეს მთელი ქვეყის პრობლემაა. ვგულისხმობ იმას, რომ ეს ინტეგრაცია ასიმილაციაში გადადის. ვკარგავთ ჩვენს რელიგიას, ენას და ეს კი ჩვენთვის იეზიდიზმის დაკარგვას ნიშნავს“.

დიმიტრი ფირბარი

დიმიტრი ფირბარი

ენის დავიწყებას ხელს ისიც უწყობს, რომ იეზიდები აღარ ცხოვრობენ ძველებურადერთად, კომპაქტურად. გაბნეულებმა თავი ისევ ერთად მოიყარეს სულ ცოტა ხნის წინ, 2015 წლის ივნისში, როდესაც ვარკეთილში, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, იეზიდთა სათემო ცენტრი და სამლოცველო გაიხსნა.

გეგმავენ, რომ ამ რელიგიურ-კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში, რომელსაც „იეზიდთა სახლი“ ჰქვია, ენის შემსწავლელი კურსების გარდა, რელიგიის ისტორიაც შეასწავლონ ახალგაზრდებს, სხვადასხვა ღონისძიებები და კონფერენციები ჩაატარონ და არამხოლოდ იეზიდებისათვის.დიმიტრი ფირბარი მოგვითხრობს, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მათ თითქმის ყველა ხელისუფლებას მიმართეს დახმარებისათვის - ენისა და,ზოგადად, იდენტობის გადასარჩენად საჭირო მხარდაჭერას ითხოვდნენ. იყო მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი - 1998 წელს გამოყოფილი მცირე დაფინანსება, როდესაც იეზიდების თეატრმა რამდენიმე სპექტაკლის დადგმა შეძლო, და 2009 წელს მაშინდელი ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ჩუქების შესახებ, სადაც ახლა იეზიდთა სამლოცველო დგას.

ცეკვის წრე

დიდი ხანი არ არის, რაც იეზიდთა სახლში საცეკვაო ჯგუფი „სიფანი“არსებობს. ცეკვის წრეს კულტურის სამინისტრო აფინანსებს. მეცადინეობები იეზიდთა სათემო ცენტრის დიდ დარბაზში შაბათს, კვირას და ორშაბათს აქვთ. დღეს შაბათია. ჯერ პატარების რეპეტიცია იწყება, შემდეგ მოზრდილების. 16 წლის ირაკლი ტეჯოიანიც ცეკვის გაკვეთილზეა მისული. ის, მურთაზ ბაბაიანი და კიდევ რამდენიმე ბიჭი იეზიდთა სახლის შესასვლელში არიან თავმოყრილნი.

„ქართულის გარდა, რა თქმა უნდა, იეზიდური ვიცი. კიდევ რუსული, ინგლისური და ცოტა გერმანული. სახლში უფრო ქართულად ვლაპარაკობთ ხოლმე. იეზიდურადაც. აქ როცა მოვდივარ, უფრო იეზიდურ ენაზე ვლაპარაკობ. როცა ვინმე ჩემიანს ვხვდები, ვცდილობ, რომ იეზიდურად ველაპარაკო, რომ ენა გავიტეხო, ქართულივით კარგად ვერ ვლაპარაკობ იეზიდურად“.

მურთაზ ბაბაიანიც თბილისელი იეზიდია, აქ დაბადებული და გაზრდილი.

საქართველოს იეზიდები

საქართველოს იეზიდები

მურთაზი: „ჩვენ ოჯახში უფრო იეზიდურად და რუსულად ვლაპარაკობთ, გარეთ - ქართულად. ახალმა თაობამ ქართული ენა უკეთესად იცის. თან, რაც ეს სამლოცველო გაიხსნა, ბევრი ადამიანი მოდის, გვეკითხება, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ, იგებენ ჩვენს შესახებ“.

ირაკლი: „ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი სარწმუნოება. მერე რა, რომ 21-ე საუკუნეა, ვცდილობთ ჩვენი წინაპრების მსგავსად ვიცხოვროთ. ჩვენ ასე გვასწავლეს - ისინი სწორედ თავიანთ რელიგიას შეეწირნენ. ბევრი მაგას ვერ ხვდება და იცვლის სარწმუნოებას, მაგრამ ეს მათი საქმეა. ჩვენ ვრჩებით ჩვენს სარწმუნოებაში, იეზიდები ვართ“.

ამასობაში ცეკვის გაკვეთილიც იწყება და მუსიკის ფონზე ხელიხელჩაკიდებულები სწორ ხაზზე დგებიან. მურთაზ ბაბაიანი დღეს ცეკვის მასწავლებელს ცვლის.

- ეს ხელის ხელზე ჩაჭიდება ამ ცეკვაში რისი სიმბოლოა?

- ერთად ყოფნას ნიშნავს. ამ ცეკვის გარდა სხვა ცეკვებიც არსებობს. მაგალითად, ქალაშო. ქორწილებში უფრო ერთფეროვნად ცეკვავენ ხოლმე და აქ უფრო მრავალფეროვან ცეკვებს ვასწავლით.

ამ ცეკვას ჯერ კიდევ ცეკვავენ ქორწილებში. იეზიდების ქორწილი თუ ერთხელ მაინც ნახე, აღარ დაგავიწყდება - ფერადი სამოსი, დოლი და ზურნა და ცეკვა წრეზე, ვაშლის სროლის ტრადიცია ჯერ კიდევ არის შემორჩენილი.

ერთი ასეთი ქორწილის ფოტო უსუბოვების საოჯახო ალბომშიც დევს - აქ მარინა ახალგაზრდაა. ბორისი ახლა სწორედ ამ ფოტოალბომს გვათვალიერებინებს. კომენტარებიც მას ეკუთვნის:

აი, ამ ფოტოზე იეზიდების ქორწილია, დედაჩემი ცეკვავს, ხედავთ?
ახლაც ასეთი ქორწილები აქვთ იეზიდებს, როგორც ადრე?
რაღაცები შეიცვალა, უფრო თანამედროვე გახდა, ადრე ასე იყო, რომ სანამ პატარძალს გამოიყვანდნენ, პატარა სუფრა უნდა გაეშალათ სახლში და ეცეკვათ. ზოგი იცავს ამ წესს, ზოგი აღარ... აი, ამ ფოტოზე ჩვენი ოჯახია: დედა, მამა, მე, ჩემი ძმა და ჩემი და.

მაგრამ ტრადიციების, დღესასწაულების, სხვა ყოფითი თემების გარდა, არის კიდევ ერთი თემა, რომელზეც საქართველოს იეზიდები დიდი გულისტკივილით ლაპარაკობენ - მათი მზერა ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიპყრობილი. დიმიტრი ფირბარიც ამბობს, რომ მათ არასოდეს დაავიწყდებათ 2014 წლის აგვისტოში ერაყელი იეზიდების თავს დატრიალებული უბედურება და როცა მას ვეკითხებით, რა არის დღეს იეზიდების ყველაზე დიდი პრობლემა, ის ამბობს:

„გადარჩენა. რადგან ის, რაც ერაყში 2014 წლის 3 აგვისტოს ერაყელ იეზიდებს დაატყდათ თავს, საშინელება იყო, სისასტიკე, რაზეც მსოფლიომ ხმა არ ამოიღო. არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს 21-ე საუკუნეში“...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG