Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომლის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, ამის მიუხედავად, პროგრამა ხშირად ფერხდება ფინანსური პრობლემების გამო. 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 470 მილიონი ლარი იყო, ხარჯმა კი 572 მილიონი ლარი შეადგინა. გარდა ამისა, დანახარჯი გაეზარდა საზოგადოების ყველაზე ღარიბ და სოფლად მცხოვრებ ნაწილს.

საქართველოს მთავრობის წევრები ხშირად შენიშნავენ ხოლმე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით საქართველოს მოქალაქეებს აღარ აქვთ იმის საჭიროება, რომ თავიანთი სახლები გაყიდონ ან დააგირაონ იმისთვის, რომ გაიკეთონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციები ან ჩაიტარონ ძვირად ღირებული მკურნალობა, თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს არსებული სისტემის მოდიფიცირებაზე, რათა ის გახდეს საჭიროებებზე ორიენტირებული:

„მათ, ვისაც მეტი საჭიროება აქვს მიიღოს უფრო მეტი და თვითონ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ჯანდაცვის უზრუნველყოფის საკუთარი შესაძლებლობები, მიიღონ შედარებით მოკრძალებული პაკეტი. მე, მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ მინისტრებს ნადმვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი“.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, შარშანდელთან შედარებით, წელს თითქმის 100 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 570 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე შენიშნავს, ხარჯები შემაშფოთებლად სწრაფად იზრდება: ექვს თვეზე გამოყოფილი 307 მილიონი ლარიდან, 18 აპრილის მონაცემებით, უკვე დახარჯულია 204 მილიონი ლარი.

„დარჩენილი 2,5 თვისთვის დარჩენილია 100 მილიონი ლარი, როცა 3,5 თვეში 200 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, ანუ პრობლემა არის ის, რასაც შარშანაც ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ აბსოლუტურად უკონტროლო გახდა ხარჯები. პროექცირება რომ გავაკეთოთ, წლის ბოლომდე საბიუჯეტო სახსრების მსგავსი ტემპებით ხარჯვის შემთხვევაში 125 მილიონ ლარამდე დააკლდება ამ პროგრამას, ანუ მეტი, ვიდრე შარშან დააკლდა“, უთხრა სერგო ჩიხლაძემ რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციურ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ისინიც კი, ვინც თავად ახერხებდა ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო პაკეტების შეძენას, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთნენ. შესაბამისად, სახელმწიფოს გაუჭირდა ფული მიზნობრივად ყველაზე ღარიბ ადამიანებზე მიემართა, რის დასტურადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მოიშველია მედიკამენტების შეძენასთან დაკავშირებული შემდეგი ოფიციალური მონაცემები:

„მოსახლეობას სოფლად ჯიბიდან გადახდები მეტი უწევს, ვიდრე ადრე და, თუ მოსახლეობას დავყოფთ ხუთ პირობით ნაწილად, ყველაზე უღარიბეს ნაწილს ასევე უწევს ჯიბიდან უფრო მეტის გადახდა. ანუ, თუ ადამიანი სოფლად ცხოვრობს და განსაკუთრებულად ღარიბია, მას ამ პროგრამით ყველაზე მეტად გაუუარესდა მდგომარეობა და გუუმჯობესდა ქალაქად მცხოვრებ მდიდარ მოსახლეობას. ჩვენ ამდენი ხანია სწორედ იმას ვამბობთ, რომ არ შეიძლება შეძლებული ადამიანები იღებდნენ უკეთეს მდგომარეობას საყოველთაო ჯანდაცვით და ეს ხდებოდეს სწორედ ღარიბი მოსახლეობის ხარჯზე“.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ვითარება დამძიმდა ქრონიკული დაავადებების მქონეებისთვისაც, რომელთა ღარიბ ნაწილს ასევე გაეზარდა ხარჯი, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ხარვეზია. ჯანდაცვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ პროგრამისა და სამინისტროს უმთავრესი პრობლემა კვალიფიციური ანალიზისა და დაგეგმვის დეფიციტია.

„სახელმწიფოს მიდგომა ასეთია: ყველას ყველაფერი ცოტ-ცოტა - მდიდარსაც, ღარიბსაც... აფინანსებენ 20-ლარიანს, 100-ლარიანს, შესაძლოა, 1000-ლარიან ოპერაციასაც, მაგრამ ის მომსახურება, რაც მართლა მძიმე ტვირთად აწვება ბენეფიციარს, მაგალითად, იგივე ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება და, მათ შორის, მედიკამენტოზური, აქ უკვე მაღალანაზღაურებად ადამიანსაც კი მძიმე ტვირთად აწვება დანახარჯი, მაგრამ ამას სახელმწიფო აღარ უფინანსებს აღარც მდიდრებს და აღარც ღარიბებს. ამიტომ შესაცვლელია მიზნობრიობა როგორც ბენეფიციარების, ასევე იმის, თუ რა დააფინანსოს. ცნობილია, რომ მედიკამენტების ხარჯი ყველას მძიმე ტვირთად აწვება, მაგრამ სახელმწიფო არავის არ უფინანსებს, მაშინ როცა აქაც შეიძლება დიფერენცირება და შემოსავლის მიხედვით განსაზღვრა, ვის დაუფინანსო“, უთხრა რადიო თავისუფლებას სერგო ჩიხლაძემ.

რადიო თავისუფლება კომენტარისათვის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ მინისტრი მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს პარლამენტში დანიშნულ საკომიტეტო მოსმენაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG