Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკურორტო ზონა ნაგვის ურნების გარეშე


განმუხური
განმუხური
საკურორტო ზონიდან – ანაკლია-განმუხურიდან – საყოფაცხოვრებო ნარჩენები არავის გააქვს. მოსახლეობა ამბობს, რომ სოფლები დაბინძურებულია, რადგან არ არის ნაგვის ურნები და არც ტერიტორიაა გამოყოფილი, სადაც მოქალაქეები ნარჩენების გადაყრას შეძლებენ. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ნაგვის მოშორება საკუთარი ძალებით უწევთ. ზოგი ნაგავს წვავს, ზოგიც მდინარეში ყრის.

„არ არის ტერიტორია, სადაც ნაგვის გადაყრას შევძლებთ. რაღაც ადგილი ხომ უნდა იყოს ამისთვის გამოყოფილი? ჩვენთან ეს არ არის.“

„ეზოებში ორმოები გვაქვს გათხრილი და იქ ვყრით ნაგავს.“

„პატარა ღელე გაედინება ჩემთან ახლოს და იქ ვყრით“, – ამბობს საკურორტო ზონაში მცხოვრები მოსახლეობა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაზიდვის სამუშაოებს ა.ა.ი.პ. „ზუგდიდდასუფთავება“ აწარმოებს, რისთვისაც მას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს მილიონ სამასი ათასი ლარი გამოეყო.

„ზუგდიდდასუფთავების“ დირექტორი ნუგზარ მოლაშხია აცხადებს, რომ მის სამსახურს ნაგავი მხოლოდ იმ ობიექტებიდან გააქვს, რომლებსაც გამგეობასთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. მისი თქმით, ანაკლიაში ნაგვის გატანის შესახებ ხელშეკრულება სასტუმროებსა და პატრიოტთა ბანაკს აქვს დადებული, განმუხურში კი სამხედრო ნაწილს.

„ზოგიერთი ქალაქის გარეუბანს ჩვენ ვერ ვწვდებით. ყველგან არა გვაქვს ურნები. არიან ოჯახები, სადაც საყოფაცხოვრებო ნაგავი არ რჩებათ. პური და ყველი ახლა არავის რჩება, ყველა ჭამს; რაც მორჩებათ, იმას ზოგიერთი ოჯახებში მარხავს, სოფლებში ბევრგან ასე აკეთებენ. ძირითადად ნაგავი გაგვაქვს ქალაქებიდან, მის შემოსასვლელ-გასასვლელიდან. როცა სტუმარი მოდის, მას კარგად უნდა დახვდე. იწმინდება ასევე მთავარი მაგისტრალები, ზუგდიდიც სულ ეს არის“, – განაცხადა ნუგზარ მოლაშხიამ.
სასტუმროებში დაბინავებული ტურისტებისგან საყოფაცხოვრებო ნარჩენები მუდმივად გაგვაქვს, ასევე ბულვარიდან და სანაპირო ზოლიდან. მოსახლეობის ნაგავთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს...
ბადრი მესხი

რაც შეეხება საკურორტო ზონის სანაპირო ზოლს, მისი დასუფთავებისთვის მოსაკრებელს „ზუგდიდდასუფთავებას“ შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი“ უხდის. აღნიშნული შპს ანაკლია-განმუხურში სანაპირო ზოლის გაშენების სამუშაოებს ახორციელებს. „ანაკლია-განმუხური რესორტის“ დირექტორის, ბადრი მესხის განმარტებით, სანაპირო ზოლის მთლიანად მოწესრიგებას „ზუგდიდდასუფთავება“ ყოველდღიურად უზრუნველყოფს.

„სასტუმროებში დაბინავებული ტურისტებისგან საყოფაცხოვრებო ნარჩენები მუდმივად გაგვაქვს, ასევე ბულვარიდან და სანაპირო ზოლიდან. მოსახლეობის ნაგავთან ჩვენ კავშირი არ გვაქვს“, - განაცხდა ბადრი მესხმა.

რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ტერიტორიის განსაზღვრას, „ზუგდიდდასუფთავების“დირექტორის ნუგზარ მოლაშხიას თქმით, ნაგავსაყრელები „ძვირი სიამოვნებაა“, რომელთა მოწყობაც დიდ თანხებს მოითხოვს.
XS
SM
MD
LG