Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების ნაწილი მზად არის გაუაზრებლად შეასრულოს პატრიარქის სურვილი


საპატრიარქო
საპატრიარქო

უხერხული სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ განმარტა, რომ კათალიკოს-პატრიარქის განცხადება პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით მხოლოდ ემოციური ფონით იყო განპირობებული და ეს არ იყო საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნა. ბევრი თვლის, რომ საპატრიარქოს ამგვარმა განმარტებებმა არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო ხელისუფლება, რომლის ერთი ნაწილი მზად იყო შეესრულებინა პატრიარქის სიტყვებში ასახული სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის კონსტიტუციის შეცვლა იყო საჭირო. რა პროცესები და სიმპტომები გამოავლინა ბოლო დღეების მოვლენებმა?

"ვფიქრობ, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები... და, ალბათ, ხელისუფლება დააყენებს ამ საკითხს" – ეს განცხადება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გააკეთა 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში, პატიმრების მონაწილეობით დადგმული სპექტაკლის („ჩემი მძევალი ანგელოზები“) დასრულებისას და მრავლისმთქმელი პროცესებიც ამის შემდეგ დაიწყო.

იმის გარდა, რომ განცხადების მოსმენისას პატრიარქის გვერდით იდგა და თანხმობის ნიშნად თავს უკრავდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოდნავ მოგვიანებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართველი ერის სულიერი წინამძღვრის რჩევა „ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია“. ამას მოჰყვა პრემიერის პრესსამსახურის ცნობა, რომელშიც უკეთ არის განმარტებული ირაკლი ღარიბაშვილის დამოკიდებულება ამ კონკრეტული საკითხის მიმართ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია. შესაბამისად, უწმინდესის თხოვნის საფუძველზე, მთავრობის მეთაური საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაწყების თხოვნით მიმართავს“, – ვკითხულობთ 5 დეკემბერს პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრეცელებულ განცხადებაში.

ილია მეორე
ილია მეორე

კათალიკოს-პატრიარქის სიტყვები აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა სასჯელაღსრულების მინისტრისთვისაც, თანამდებობის პირისთვის, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული პატიმრების ცხოვრებასთან. ილია მეორის განცხადებას კახა კახიშვილი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა:

„ერის წინამძღვარია. მასზე ბრძენი ადამიანი, არ ვიცი ახლა ვინ არის... ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება... ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო“.

მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის მიერ მოთხოვნილი უფლებამოსილება საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, ამ მოთხოვნის შესრულების მიზანშეწონილობაზე, დადებით მხარეებსა თუ შესაბამისი პროცედურების დაწყების აუცილებლობაზე გასულ დღეებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კიდევ არაერთმა წარმომადგენელმა ილაპარაკა და მათ შორის იყვნენ, მაგალითად: ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ელისო ჩაფიძე თუ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მცდელობები წყალში ჩაიყარა მას შემდეგ, რაც, საპატრიარქოს განმარტების თანახმად, პატრიარქი სულაც არ ითხოვდა იმას, რის მიცემასაც მისთვის ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი ასე იოლად აპირებდა.

6 დეკემბერს, გვიან საღამოს, საპატრიარქომ განმარტა, რომ ილია მეორის მიერ რუსთაველის თეატრში გაკეთებული განცხადება ემოციურმა ფონმა განაპირობა და ის პატიმრების მიმართ მხარდაჭერის ჩვენებას ისახავდა მიზნად.

„ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა“, – იტყობინება საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება.

თუ ეს გაკეთდებოდა, კონსტიტუციურ პრობლემებს წავაწყდებით და დავარღვევთ იმ პრინციპს, რასაც ეწოდება სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა...
თეა წულუკიანი

ეს განცხადება ბევრმა უკან დახევად აღიქვა იმის გათვალისწინებით, რომ მას წინ უძღოდა სხვადასხვა სახის მწვავე პროტესტი სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლების ოპონენტებისა თუ თავად ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდანაც. პროტესტის ტალღამ გადაუარა სოციალურ ქსელ ფეისბუქსაც: ბევრი შფოთავდა იმის გამო, რომ ხელისუფლება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს არ უფრთხილდება და თეოკრატიას უჭერს მხარს.

მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს განმარტებები გამოქვეყნდა, წინა პლანზე წამოიწია ხელისუფალთა სხვა შინაარსის განცხადებებმა. მაგალითად, როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა 7 დეკემბერს, სასულიერო პირისთვის – პატრიარქისთვის – პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამის გაკეთება არ იქნებოდა მართებული:

„თუ ეს გაკეთდებოდა, კონსტიტუციურ პრობლემებს წავაწყდებით და დავარღვევთ იმ პრინციპს, რასაც ეწოდება სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფა და ერთმანეთისგან დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ საერო სახელმწიფო და, აქედან გამომდინარე, ეს ინიციატივა, ალბათ, ვერ შეისხამდა ხორცს“.

იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას აეწონ–დაეწონა, ვთქვათ, რა შედეგების მომტანი იყო ასეთი ცვლილება, რომ ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც სჭირდებოდა იმდენი ხმა, რამდენიც პარლამენტში არა აქვს უმრავლესობას...
ია ანთაძე

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ჟურნალისტი ია ანთაძე არ მიეკუთვნება მათ რიცხვს, ვინც ერთმნიშვნელოვნად ფიქრობს, რომ ხელისუფლებისგან განებივრებულ საპატრიარქოს უკან დახევა საზოგადოების დიდი ნაწილის მწვავედ უარყოფითი რეაქციის გამო მოუხდა და ამიტომ სახელმწოფოს ინტერესებისთვის შეუსაბამო მოთხოვნა ემოციური ფონით გაამართლა. ია ანთაძე არ გამორიცხავს, რომ ძალიან ემოციური სპექტაკლისშემდეგ პატრიარქმა 5 დეკემბერს მართლაც ემოციური განცხადება გააკეთა, რადგანაც პატიმრების გათავისუფლების დიდი სურვილი გაუჩნდა. მაგრამ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი თვლის, რომ შეწყალების უფლების მინიჭება „პრაქტიკულად დაანგრევდა მართლმსაჯულების სისტემას“, რადგანაც ძნელად წარმოსადგენია, რომ პატრიარქმა ვინმეს უარი უთხრას შეწყალებაზე. ამასთან, ია ანთაძე ბოლო დღეებში გამოვლენილ სიმპტომებს შორის ხელისუფლების მთელი რიგი წარმომადგენლების ქმედებათა გაუაზრებლობას გამოყოფს:

„იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას აეწონ–დაეწონა, ვთქვათ, რა შედეგების მომტანი იყო ასეთი ცვლილება, რომ ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც სჭირდებოდა იმდენი ხმა, რამდენიც პარლამენტში არა აქვს უმრავლესობას და რომ უმცირესობა არ დათანხმდებოდა, სავარაუდოდ, იმიტომ რომ სახელმწიფოებრიობისთვის იყო საშიში ეს იდეა და თვითონ პატრიარქისთვისაც არ იყო მომგებიანი, მათ (ხელისუფლების წარმომადგენლებმა) დაიწყეს საუბარი იმაზე, რისი გაკეთებაც არ შეეძლოთ, რაც არ გააჩნდათ... სიმპტომატურად გამოავლინა ამ შემთხვევამ ის, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც საკმაოდ სწრაფ რეჟიმში ისეთ გადაწყვეტილებებს ახმოვანებენ და ისეთ თემებზე გამოთქვამენ თავიანთ პოზიციებს, რომლებიც, პრინციპში, უტოპიურია“.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლისთვის, იურისტ თამთა მიქელაძისთვის ბოლო დღეების მოვლენები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უდიერად ექცევა ხელისუფლება საქართველოში სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს და როგორ იოლად შეუძლია მას სახელმწიფოს არსებით ინტერესზე უარის თქმა.

„ჩვენ დავინახეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ ადვილად თმობდნენ დემოკრატიული სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს, რომელიც საეკლესიო და პოლიტიკური ხელისუფლებების გამიჯვნას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, ეფუძნება უნივერსალური სახელმწიფოს იდეას, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური სივრცე ყველასთვის, განსხვავებული ჯგუფებისთვის იმისთვის, რომ მან ყველა ადამიანის უფლებების დაცვა თანასწორად მოახერხოს და იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს სახალხო სუვერენიტეტი, ანუ ლეგიტიმურობა სწორედ ხალხისგან, როგორც პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყაროსგან, და არა რელიგიური სუბიექტებისგან“, – უთხრა თამთა მიქელაძემ რადიო თავისუფლებას.

თამთა მიქელაძის თქმით, პატრიარქისთვის პატიმართა შეწყალების უფლების მინიჭება იქნებოდა დამაზარალებელი თვით მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომლის ინტერესებსაც სინამდვილეში კი არ ეწინააღმდეგება, არამედ იცავსსეკულარული ჩარჩო. ის ფიქრობს, რომ, თუკი ეკლესია პოლიტიკაში გაერევა, დროთა განმავლობაში ეს საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას გამოიწვევს და ხალხის მხრიდან მის მიმართ გაუცხოება მოხდება. შესაბამისად, ეკლესიამ უნდა გაიაზროს, რომ სეკულარიზმის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში ის შეიძლება მწვავე კრიზისის წინაშეც აღმოჩნდეს.

ბოლო დღეების დისკუსიებთან დაკავშირებით 7 დეკემბერს განმარტებები გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც და აღნიშნა, რომ საპატრიარქო ისედაც ფლობს მნიშვნელოვან ქმედით ბერკეტებს პატიმართა შეწყალების პროცესში.

„საპატრიარქო წარმოდგენილია შეწყალების სახელმწიფო კომისიაში და ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან, როდესაც ინდივიდუალურ საჩივრებს ვიხილავთ, როდესაც შეწყალების საკითხებს ვიხილავთ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს და, მე ვფიქრობ, საპატრიარქოს აქვს შესაძლებლობა იმ არსებულ კომისიაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და, მე ვფიქრობ, რომ თუკი რაიმე ხარვეზზეა საუბარი ამ პროცესში, ალბათ, იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ როგორ გაუმჯობესდეს უკვე არსებული კომისია... სხვა პარალელური სტრუქტურების შექმნა, რა თქმა უნდა, სცილდება ყოველგვარ ლოგიკას და მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ მხრივ რაიმე დისკუსიის წარმართვა“, – თქვა უჩა ნანუაშვილმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG