Accessibility links

logo-print

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს მოსახლეობა რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს, მათგან ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, ხოლო - 12 საინიციატივო ჯგუფმა. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მეექვსედ იმართება და მოსახლეობა, ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხიელ სააკაშვილის შემდეგ, მე-4 პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 73 საარჩევნო ოლქში 3 537 719-ს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში იმუშავებენ სპეციალური მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების არჩევნებში მონაწილეობას. წელს პირველად, ყველა საარჩევნო უბანზე მხედველობაშეზღუდული ამომრჩევლები სპეციალური ჩარჩო ფორმის დახმარებით, დამოუკიდებლად შეძლებენ ხმის მიცემას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას უზრუნველყოს მშვიდი ვითარება და აღმოფხვრას ყოველგვარი ექსცესები არჩევნების მიმდინარეობისას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მიერ მიღებულია უსაფრთხოების ზომები. "არჩევნების დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ინიციატივით შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელიც კოორდინაციაში იქნება ცესკოსთან და უზრუნველყოფს მართლწესრიგს არჩევნების დღეს. ყველა რეგიონალურ დანაყოფში შემუშავებულია კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღეს პოლიცია იმოქმედებს კანონთან სრულ შესაბამისობაში. პოლიცია იქნება ურთიერთკოორდინაციაში საარჩევნო შტაბთან", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
XS
SM
MD
LG