Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ დაპირებული ქონება საპრივატიზაციოდ გამოიტანა


ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკის სამინისტრო

ხელისუფლებამ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ობიექტების პრივატიზაციის პროცესი აქტიურად დაიწყო და უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საპრივატიზაციოდ ორი, ერთი შეხედვით საკმაოდ საინტერესო საინვესტიციო პერსპექტივის მქონე, ობიექტი გამოიტანა, კერძოდ, პირველი ივნისიდან უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ჭანტურიას ქუჩა #12-ში მდებარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობას 6 მილიონ აშშ დოლარად ყიდის.

ეკონომიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ქონების მიმზიდველობა მაღალი იქნება, რადგან – აღნიშნული მდებარეობს დედაქალაქის ცენტრში, ტურისტულად აქტიურ ზონაში. მისგან 300 მეტრის დაშორებით განთავსებულია კინოთეატრი, მუზეუმები. ნახევარი კილომეტრის რადიუსში მდებარეობს თბილისის მაღალი კლასის სასტუმროები. ასევე სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები.

უძრავი ქონების მიწის საერთო ფართი შეადგენს 4 ათას 210.00 კვ.მ-ს, ხოლო მასზე განთავსებული შენობის ფართი 11 ათას 271.52 კვ.მ-ია. აუქციონი გამოცხადდა შემდეგი პირობებით: საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი ფასი შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს. მყიდველი ვალდებული იქნება, 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში ააშენოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მოახდინოს. მყიდველს ასევე ევალება, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, უზრუნველყოს გამყიდველის მიერ განსაზღვრული პირებისათვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობა. მყიდველი ასევე ვალდებულია, საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2015 წლის 26 ივნისს, 17:00 საათზე. რაც შეეხება იმას, თუ სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო, რა დაჯდება ახალი შენობის მშენებლობა და/ან რემონტი, ამ დრომდე უცნობი რჩება.

ამ საპრივატიზაციო ობიექტამდე ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ გასაყიდად გამოიტანა კიდევ ერთი ობიექტი – წყნეთის სამთავრობო აგარაკები. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა აღნიშნული, ობიექტის ფასი 21,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წყნეთის აგარაკების ტერიტორიაზე საკურორტო კომპლექსის განთავსება იგეგმება. ეკონომიკის მინისტრი აზუსტებს, რომ ეს ტერიტორია აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული საზოგადოებრივი დანიშნულებისათვის და არ უნდა იყოს ერთი ინვესტორის პირადი ქონება. „ეს არის მთავარი პირობა, რომ უნდა იყოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და უნდა განთავსდეს დასასვენებელი კომპლექსი. თუმცა, როგორი იქნება და რა ტიპის, ამას, ალბათ, ინვესტორებთან ერთად განვსაზღვრავთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

აღნიშნული ორი ობიექტის გაყიდვის ინიციატივა ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის შექმნის აუცილებლობის საპასუხოდ გამოხატა. ივარაუდება, რომ საპრივატიზაციო ქონების გასხვისებისა და ტურისტული სეზონის დადგომამ ლარის კურსზე დადებითი ზეგავლენა უნდა მოახდინოს და მისი გამყარება გამოიწვიოს. რამდენად გამართლდება ეს პროგნოზი და რამდენად მდგრადი იქნება იგი დროში, ამას მიმდინარე ზაფხული გვაჩვენებს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ პრივატიზაცია, მართლაც, შეიძლება იყოს ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, თუმცა, ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შემოსავალი ეკონომიკურ ზრდაზე მიიმართოს და არა ისევ სოციალურ დანახარჯებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ნაბიჯის ეფექტიანობა ძალზე მოკლევადიანი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG