Accessibility links

logo-print
დღეს, 11 საათზე, ამოიწურა ვადა, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ დვანის მოსახლეობას ოკუპირებულ ზოლში დარჩენილი სახლების დასაცლელად და დემონტაჟისთვის მიეცა. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ რუსი მესაზღვრეები მათ ინვენტარისა და ნივთების გასატანად დროს კიდევ ერთი დღით გაუხანგრძლივებენ. დვანელების მხარდაჭერისა და მცოცავი ანექსიის ფაქტის გასაპროტესტებლად კი სოფელში ამჯერად ჟურნალისტები ჩავიდნენ.

ჟურნალისტთა საპროტესტო აქცია სოფელ დვანში საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცეული სამი სახლის - მეკარიშვილების, კორაშვილებისა და მახათაშვილების სახლების - ნგრევის პირობებში გაიმართა. აქცია სადემარკაციო ხაზების გასწვრივ მიმდინარეობდა; მოშორებით კი, თავიანთ კარ-მიდამოში დაზარალებულები მეზობლების დახმარებით სახლებს შლიდნენ და სამშენებლო მასალისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მავთულხლართების მიღმა გატანას ჩქარობდნენ.

“თან დაიწვა მაგათგანა. დასანგრევი დავანგრიეთ და თან ველოდებით, ოჩერედში ვართ ტრაქტორზე, რო გავიტანოთ რამე, ბლოკი და რკინა თუ იქნება რამე კიდე. ქვეითა მაქ ოთხი ვენახი მე აქეთა, ეს მეხუთე მაქვს ეზო და სულ ყველაფერი ჰყვება იქეთ. სულ ყველაფერი“, უთხრა ტელეკომპანია „იმედს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა, აკაკი კორაშვილმა.

სახლების დემონტაჟს შორიდან ადევნებდნენ თვალყურს რუსი მესაზღვრეები, რომელთა დაკვირვების ობიექტი, ჟურნალისტ ლაშა ბერულავას თქმით, ჟურნალისტთა მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციაც გახდა.
“ამწუთას აქ, მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობენ რუსი ოკუპანტები და არ მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული საზღვრის განახლების სამუშაოები, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი თვალყურს გვადევნებენ სპეციალური მოწყობილობებით. ამისთვის წამოღებული გვაქვს სპეციალური ტრანსპარანტები როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე. შესაბამისად, მათთვის ცნობილი გახდება ამ აქციის არსი. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ვუთხრათ რუს ოკუპანტებს, რომ დიციც, დვანიც, ოქუმიც, სოხუმიც და ჭუბურხინჯიც საქართველოა და ოკუპანტების ადგილი აქ არ არის“.

მე ვაპროტესტებ ჩემი ქვეყნის ოკუპაციას, იმ მცოცავ ანექსიას, რომელიც ახლაც გრძელდება, ამ წუთებშიც და მაინტერესებს, სად არიან ის კუნთმაგარი ბიჭები, 17 მაისს რომ დარბოდნენ, ვიღაცებს რომ ურტყამდნენ, სხვისი უფლებების შესახებ რომ ლაპარაკობდნენ...
ჟურნალისტების აქცია, რომელშიც 100-ზე მეტმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა, სოციალური ქსელების საშუალებით დაიგეგმა. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აქციას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის კარნახით შეუერთდა:

“მე ვაპროტესტებ ჩემი ქვეყნის ოკუპაციას, იმ მცოცავ ანექსიას, რომელიც ახლაც გრძელდება, ამ წუთებშიც და მაინტერესებს, სად არიან ის კუნთმაგარი ბიჭები, 17 მაისს რომ დარბოდნენ, ვიღაცებს რომ ურტყამდნენ, სხვისი უფლებების შესახებ რომ ლაპარაკობდნენ. აქ უნდა იდგეს დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე. ის მცოცავი ანექსია, რაც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება, არის ჩვენი დღევანდელი აქციის მთავარი ობიექტი და მთავარი სამიზნე. ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები, ვაპროტესტებთ იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე“.

ქართული მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციის შემდეგ მოსახლეობასაც შეხვდნენ. მანამდე კი ახალი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამართული აქციით შეეცადნენ, ერთი მხრივ, რუსი ოკუპანტების მიერ ქართული სოფლების სიღრმეში სასაზღვრო-სადემარკაციო ხაზების გავლების ფაქტი გაეპროტესტებინათ, მეორე მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მიექციათ.

“მიგვაჩნია, რომ მოძრაობა, პროტესტის დაფიქსირება, არასოდეს არ არის ზედმეტი, არასოდეს არ არის გვიან, იმიტომ რომ ხელისუფლებას ხალხმა მიანიჭა მანდატი, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოგვარებულიყო და ამ მანდატის განსახორციელებლად გვინდა ვუთხრათ ჩვენს ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი ქმედითი ღონისძიება გამოიყენოს. ერთხელ იქნება გადმოწევა საზღვრის, ორჯერ თუ ათასჯერ, რამდენჯერაც იქნება, იმდენჯერ უნდა გაიგზავნოს საპროტესტო ნოტა, ყოველ წუთს უნდა გამოიხატოს პროტესტი“, ამბობს ჟურნალისტი მარიკა ბოჭორიძე.

დიცი

დიცი

ჟურნალისტთა აქცია, როგორც „ხელისუფლების მიერ მართული პროვოკაცია“, მანამდე მოექცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადღების ცენტრში, სანამ გაიმართებოდა. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 27 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს ესაუბრა და საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის გაღვივებაში დაადანაშაულა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გრიგორი კარასინმა ფილიპ ლეფორის ყურადღება მიაპყრო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ იმ ცნობას, რომლის თანახმადაც, სოფელ დვანში ჟურნალისტთა მასობრივი საპროტესტო მარში იგეგმებოდა. ამრიგად, გრიგორი კარასინმა აქციის ორგანიზატორად პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლება მიიჩნია და მოუწოდა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსა და ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, ყველა ღონე იხმარონ,საქართველოს ხელისუფლების იმ ახალი სახიფათო წამოწყების აღსაკვეთად, რომლებიც რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ვნებს.

დვანში ჟურნალისტების აქციას, თავის მხრივ, გამოეხმაურა ასევე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური საკითხების დარეგულირების საქმეში, მურატ ჯიოევი. საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ჯიოევმა წერილობით მიმართა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს და მათ შესაბამისი ზომების მიღება სთხოვა. ჯიოევის წერილის თანახმად, მსგავსი აქციები, რომლებიც ბოლო დროს ხშირად იმართება, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენაა მიმართული.

დვანში მიმდინარე პროცესებისა და ჟურნალისტთა საპროტესტო აქციის კომენტირებისას საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ტემპერატურის აწევა და დაძაბული სიტუაციების შექმნა დვანში, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, მხოლოდ რუსეთს სჭირდება და, შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღშფოთება და პროტესტი ისეთ ქმედებებში არ გადაიზარდოს, რასაც შემდგომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG