Accessibility links

საქართველოს საფრთხეები თურქეთში ვერშემდგარი გადატრიალების სარკეში


ჯერ ისევ ვარაუდები და ეჭვები უკავშირდება თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობას, რომელმაც 16 ივლისს, სხვადასხვა წყაროს ცნობით, 200–მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საერთაშორისო თანამეგობრობა იმედოვნებს, რომ ევროპის დიდი სახელმწიფო, ნატოს წევრი თურქეთი, მალე აღადგენს კონსტიტუციურ წესრიგს და ცხოვრებას მშვიდობიანად გააგრძელებს. ინტერესი არ ცხრება, მაგრამ ჯერ ისევ პასუხგაუცემელია შეკითხვები: ვინ შეიძლება იდგეს მომხდარის უკან, ვის აძლევდა ხელს ეს და ვინ იხეირებს მოვლენათა ამგვარი განვითარებით? ვერშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების გარშემო მსჯელობა და კამათი გრძელდება საქართველოშიც: როგორ გამოიყურება ეს მოვლენები რუსეთის სამეზობლოდან და რა საფრთხეები ემუქრება საქართველოს თურქეთში ვითარების გამწვავების შემთხვევაში?

წამყვანი უცხოური ტელეკომპანიები რამდენიმე საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმით, პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ თურქეთში (და, კერძოდ, სტამბოლსა და ანკარაში) მიმდინარე მოვლენებს: ტანკებით ჩახერგილ ქუჩებს, გადაკეტილ ხიდებს, სროლას, აფეთქებას, დაჭრილ და დაშავებულ ადამიანებს. ვრცელდებოდა შემაშფოთებელი ცნობები ადამიანების დაღუპვის ათობით ფაქტთან დაკავშირებით, რაც ვითარების გამწვავებისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ზრდიდა. ნელ-ნელა გაირკვა, რომ თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას ამბოხებული სამხედროების მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა, რომელიც პირველ ეტაპზე წარმატებით დაეუფლა სტრატეგიულ ობიექტებს და ხალხს თურქეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერით აუწყა: ქვეყანას ჩვენ ვაკონტროლებთ და მუშაობას ვიწყებთ ახალი კონსტიტუციის მისაღებადო.

თუმცა ყველაფერი ბევრისთვის ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო – ვიდრე 16 ივლისს, გამთენიისას, პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოანი მარმარისიდან სტამბოლში ჩავიდოდა და სამხედრო გადატრიალებას ჩაშლილად გამოაცხადებდა, მობილური ტელეფონით „სიენენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან ხალხს ქუჩებში გამოსვლისა და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. ხალხი, მართლაც, გამოვიდა ქუჩაში და, ბევრის აზრით, ერდოანის ხელისუფლება სწორედ ხალხმა გადაარჩინა.

თურქეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას...

სამხედრო გადატრიალების მცდელობა ჯერ ისევ პროცესში იყო, როდესაც დასავლეთის ცალკეულმა ლიდერებმა თუ საერთაშორისო სტრუქტურებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს: მათ შორის იყო აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი თუ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 16 ივლისს კი,განცხადება გაკეთდა ევროკავშირის სტრუქტურებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით. ერთობლივი განცხადების ტექსტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გაახმოვანა:

„თურქეთი ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას. ჩვენი მოწოდება მიმართულია თურქეთის კონსტიტუციური წესრიგის სწრაფად აღდგენისკენ. ჩვენ კვლავაც ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენათა განვითარებას და კვლავაც ვაგრძელებთ კოორდინაციას ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოსთან“.

სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმეს საქართველოშიც. „ძალიან მნიშვნელოვანია, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას არ შეექმნას საფრთხე“, – აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 ივლისს, გამთენიისას,უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ. განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა:

„დარწმუნებული ვარ, რომ დესტაბილიზაცია იქნება დაძლეული უახლოეს მომავალში და ჩვენი სტრატეგიული მეგობარი ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. მე მინდა დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება არავითარი საფრთხე“.

თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ობიექტურად, გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სტაბილურობა და ის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ის ზოგადად მაინც დასავლური პოლიტიკის ჩარჩოებში მოქმედებს...

უკვე ცხადია, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში კრახით დასრულდა. მომხდარს დაბალი რანგის სამხედროების მიერ გადადგმულ გაუთვლელ ნაბიჯად მიიჩნევს პოლიტოლოგი გია ნოდია და, როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ყველაფრით ყველაზე მეტად პრეზიდენტი ერდოანი იხეირებს. ეს იმიტომ, რომ სამხედროთა აჯანყებამ პრეზიდენტი „მტრებთან ბრძოლის“ მანდატით აღჭურვა, ხოლო ხალხის მასშტაბურმა მხარდაჭერამ მეტი ლეგიტიმაცია შესძინა პრეზიდენტის სამომავლო ქმედებებს, რასაც ის გამოიყენებს არა მხოლოდ სამხედროების წინააღმდეგ, არამედყველას წინააღმდეგ, ვინც მას დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე უკვე დაკავებულია სამი ათასამდე სამხედრო პირი, მათ შორის – გენერლები. გია ნოდიას არ გაჰკვირვებია, რომ პრეზიდენტმა ერდოანმა უკვე გაიშვირა თითი აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენისკენ, თუმცა პოლიტოლოგს ნაკლებად ჰგონია, რომ გიულენს ასეთი გაუაზრებელი, წინასწარვე მარცხისთვის განწირული ნაბიჯი გადაედგა.

ლტოლვილების ნაკადთან დაკავშირებულ სიძნელეებსა და მოსალოდნელ ეკონომიკურ პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ, გია ნოდიასთვის ცხადია, რომ თურქეთში სიტუაციის არევა-გამწვავება ბევრ სხვა პრობლემას შეუქმნიდა საქართველოს:

„თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, ობიექტურად, გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სტაბილურობა და ის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ის ზოგადად მაინც დასავლური პოლიტიკის ჩარჩოებში მოქმედებს და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, თურქეთში კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი“.

გია ნოდიასგან განსხვავებით, ზაალ ანჯაფარიძე არ ეთანხმება ვარაუდს, რომ რუსეთს ხელს აძლევდა არეულობა თურქეთში. როგორც ანალიტიკოსმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თვითმფრინავის ჩამოგდების ცნობილი ამბის შემდეგ, მოსკოვმა უკვე დაალაგა ურთიერთობები ანკარასთან და რუსეთს ამ ეტაპზე ძალიანაც ხელს აძლევს თურქეთის ამჟამინდელი ხელისუფლება. მაგრამ თუკი თურქეთში სიტუაცია აირეოდა და დაიძაბებოდა, რუსეთის ხელისუფლება შესანიშნავად ისარგებლებდა ამით და საფრთხე საქართველოსაც შეექმნებოდა:

„თუ, ვთქვათ, პუჩისტები მიაღწევდნენ თავიანთ მიზანს, რუსეთი, რა თქმა უნდა, ისარგებლებდა ამით და იტყოდა: აი, ჩვენი საზღვრების მახლობლად მოიმატა საფრთხეებმა და, შესაძლოა, თავისი შეიარაღებული ძალები შავი ზღვის რეგიონში გაეძლიერებინა და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცნობთ რუსეთის მოქმედებების ხელწერას: მას შეუძლია რომელიმე რეგიონში კონფლიქტების ხელოვნურად ინიცირება და მერე უკვე იქ მშვიდობისმყოფლის როლში მოვლინება ან იმის განცხადება, რომ კონფლიქტი მიდის ჩვენი საზღვრების სიახლოვეს და ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად იძულებული ვართ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები გამოვიყენოთ“.

ამ კონტექსტში ზაალ ანჯაფარიძე იხსენებს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს, მუქარისშემცველ განცხადებას, რომ სირიის მსგავსი შეიარაღებული კონფლიქტები შესაძლოა აღმოცენდეს გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის – ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაშიც და რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი იტოვებს უფლებას შესაბამისად იმოქმედოს საფრთხეების წინააღმდეგ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG