Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშობაო ეპისტოლის აქცენტები


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საშობაო წირვაზე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საშობაო წირვაზე
საქართველოს პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე 7 იანვრის ღამით სამების საკათედრო ტაძარში გააცნეს მართლმადიდებელ მრევლს. წლევანდელ ეპისტოლეში აქცენტი, მართლმადიდებლური ხედვით, ოჯახურ ტრადიციებზე დაისვა. საუბარი შეეხო ასევე სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვების თემას, რასაც სოციალურ ქსელებში ბავშვთა უფლებების დამცველთა კრიტიკა მოჰყვა.
მინდა დავიჯერო, რომ ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია იმისთვის, რომ არ შექმნას დამატებითი სტიგმა და არ გარიყოს ისეთი ბავშვები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით იყვნენ გაჩენილები და, მოგეხსენებათ, ასეთი ბევრია დღეს საქართველში...
ანდრო დადიანი

ასოციაცია „მომავლის იმედის“ წარმომადგენელი თამარ ხაჭაპურიძე ერთადერთი იყო, ვინც სოციალური ქსელის მიღმა, რეალურ სივრცეში, ტრადიციულ საშობაო ალილოზე, პლაკატით ხელში, გააპროტესტა პატრიარქის საშობაო ეპოსტოლის ერთი ნაწილი, სადაც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებულ და სუროგატი დედების მიერ გაჩენილ ბავშვებზე იყო საუბარი:

„მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება გახდეს მშობელი საკუთარი გენეტიკური შვილის და არავის აქვს უფლება განასხვაოს სინჯარის მეთოდით და სქესობრივი აქტის შედეგად დაბადებული ბავშვები ერთმანეთისგან“.

„ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამოწვევები ჰქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამორჩეულია მეგაგამოწვევებით“, - აღნიშნულია საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევად მიჩნეულია აბორტი და ერთი სქესის წყვილთა შორის ქორწინება. ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ, არაოფიციალური მონაცემებით, წლის განმავლობაში მილიონამდე აბორტი კეთდება და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინაა. ეპისტოლეში პატრიარქი შეეხო ასევე ხელოვნური განაყოფიერების გზით და სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვების თემას. ეპისტოლის ტექსტი არქიდიაკონმა მამა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა:

„შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა“.


პატრიარქის ეპისტოლეს ეს აბზაცი ბავშვთა უფლებების კონვენციის დებულებების საწინააღმდეგოდ მიაჩნია ანა აბაშიძეს, ხელმძღვანელს ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. მისი სიტყვებით, ამ შინაარსის განცხადება ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ დებულებებს და საქართველოს კანონმდებლობასაც; ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, - ფსიქოლოგიური ძალადობა, - რომელიც აჩენს ახალ სტიგმას ბავშვთა ერთი კონკრეტული ჯგუფის მიმართ:

„ყველაზე დიდი მწუხარება რაზეც შემიძლია გამოვთქვა, ეს არის, რომ, გუშინდელ ეპისტოლიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გამოიყო ბავშვთა ეს ჯგუფი, რომელზეც, ჩემი ღრმა რწმენით და საერთაშორისო მიდგომებიდან გამომდინარე, აუცილებლად დაიწყება დისკრიმინაციული დამოკიდებულება, აუცილებლად დაიწყება ბავშვთა შორის ერთმანეთის ჩაგვრა, ე. წ. ბულინგი. ისედაც, ბულინგისთვის არ არის აუცილებელი იყოს რაიმე განსაკუთრებული საფუძველი და ეს ორი შემთხვევა ადვილად იჩენს ხოლმე თავს განსაკუთრებით ბავშვებში და
ანა აბაშიძე
ანა აბაშიძე
თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად უნიათოა სახელმწიფო ბავშვების უფლებების დაცვის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ რიგებს შეემატა კიდევ ერთი საფუძველი, თუ როგორ შეიძლება პოტენციურად დაირღვეს ბავშვის უფლებები“.

ანა აბაშიძე პირადად იცნობს სამ ოჯახს, სადაც ბავშვები სუროგატი დედის დახმარებით გაუჩდათ. ანა ამბობს, რომ ამ ოჯახების ბედნიერების გაგება ადვილი უნდა იყოს მათთვისაც, ვისაც შვილი ჰყავს ოჯახში.

ორგანიზაცია „ევრი ჩაილდის“ საქართველოს ოფისის დირექტორი ანდრო დადიანი კი იმედიანად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ საზოგადოებრივ განწყობებზე პატრიარქის ეპისტოლე უარყოფითად ვერ აისახება:

„მინდა დავიჯერო, რომ ქართული საზოგადოება საკმარისად მომწიფებულია იმისთვის, რომ არ შექმნას დამატებითი სტიგმა და არ გარიყოს ისეთი ბავშვები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით იყვნენ გაჩენილები და, მოგეხსენებათ, ასეთი ბევრია დღეს საქართველში“.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, ერთი მხრივ, ფიქრობს, რომ ამგვარმა ტექსტმა შესაძლოა გარკვეული სტიგმა მართლაც გამოიწვიოს, მეორე მხრივ კი, მისი შეფასებით, კრიტიკულად განწყობილებს ავიწყდებათ, თუ ვინ აკეთებს ამგვარ განცხადებას, რომ ეს არის ეკლესია, რომელსაც თავისი იდენტობა აქვს, რაც გამოხატულია მის მრწამსსა და მართლმადიდებლურ თეოლოგიაში, რაც სხვაგვარი დამოკიდებულების შესაძლებლობას არ ტოვებს:

„პრობლემა არის ჩვენი სიყვარული საზრისის მონოპოლიისა, რომ ერთი საზრისი უნდა არსებობდეს ქვეყანაში და ყველა სხვა უნდა განიდევნოს. ეს დაავადება სჭირს ჩვენს საზოგადოებაში არა მხოლოდ რელიგიურ წრეებს, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ, ლიბერალურ წრეებსაც - მათაც ვერ წარმოუდგენიათ მათგან განსხვავებული საზრისის არსებობა ქვეყანაში“.
დაუბრუნეთ იმ ოჯახებს, რომლებშიც იზრდებიან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ან სუროგატი დედის დახმარებით გაჩენილი შვილები, რწმენა, რომ ეს ბავშვები ღვთის საჩუქარი არიან და არა ღვთის რისხვა...
ზურაბ ჯაფარიძე

ზაზა ფირალიშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა თავად საზოგადოებაშია, რომელსაც ახასიათებს ავტორიტეტიან პირთა გამონათქვამების სიყვარული. მისი სიტყვებით, „საზრისის მონოპოლიაა ის, რაც ამახინჯებს ქრისტიანობასაც და ლიბერალიზმსაც“. ამასთან, ზაზა ფირალიშვილი იმედოვნებს, რომ, ამგვარი განცხადების მიუხედავად, ეკლესია იზრუნებს შესაძლო უარყოფითი სოციალური შედეგების პრევენციაზეც.

ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, პატრიარქმა მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა და ყურადღება ოჯახის სიწმინდეზე გაამახვილა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ პატრიარქს წერილობით მიმართა, შობის დღესასწაული მიულოცა და მოუწოდა:

„დაუბრუნეთ იმ ოჯახებს, რომლებშიც იზრდებიან ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ან სუროგატი დედის დახმარებით გაჩენილი შვილები, რწმენა, რომ ეს ბავშვები ღვთის საჩუქარი არიან და არა ღვთის რისხვა. კარგი იქნება, თუ მისცემთ მათ მონათვლის საშუალებას მშობლების სურვილის შემთხვევაში და არ გარიყავთ ეკლესიიდან“.

ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის გზით დაბადებულ „სრულიად არაჩვეულებრივ“ ბავშვებს განსაკუთრებთ მიულოცა შობა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერის საკითხებში თამარ ჩუგოშვილმაც.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG