Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის იმედი საქართველოში


საქართველო საუდის არაბეთიდან ინვესტიციებს ელოდება და ეს იმედი გააჩინა არაბული სამყაროს ყველაზე მსხვილმა ბიზნესმენმა, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა, რომელიც თბილისს 10 ივნისს, პრემიერ–მინისტრის მოწვევით სტუმრობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს სათანადოდ მომზადების აუცილებლობა 11 ივნისს, მთავრობის სხდომაზეც შეახსენა. ექსპერტების შეფასებით, საუდის არაბეთთან დაკავშირებული მოლოდინი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პირველი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია.

ჯერჯერობით, მოლოდინი რიცხვებში არ კონკრეტდება, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაიმედებულია, რომ საუდის არაბეთის პრინცი დანაპირებს შეასრულებს:

„ისეთი მსოფლიოში ცნობილი, გამორჩეული ბიზნესმენები, როგორიც არის საუდის არაბეთის პრინცი, გამოხატავს ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ და მე მინდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ მისი ვიზიტი იყო საკმაოდ ძლიერი გზავნილის შემცველი და მიმაჩნია, რომ ჩვენ დროულად უნდა დავიწყოთ... პრინცი აპირებს, რომ უახლოეს მომავალში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად კონკრეტულ პროექტებზე დაიწყებს მუშაობას“.

საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას რომ ფიქრობს, თითქმის 23 მილიარდი დოლარის მფლობელმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა ეს ოთხშაბათს, პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა. „მოუთმენლად ველოდებით გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას ამ დიდებულ ქვეყანაში“, – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა, რომელსაც 11 ივნისს პრეზიდენტმა საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა და გულითადი მადლობაც გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

საბოლოო ჯამში, წლიურ ჭრილში არ უნდა იყოს ისეთი საგანგაშო მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკმაოდ გააქტიურებულია – ტურისტების მოზიდვის კუთხით...
შოთა გულბანი

სასტუმროების ბიზნესი, გართობის ბიზნესი, კომუნიკაციებისა და სოფლის მეურნეობის სექტორები – ასეთია საუდის არაბეთის პრინცის ძირითადი ბიზნესინტერესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და, შესაბამისად, საქართველოც, უპირველეს ყოვლისა, ამ მიმართულებებით მოელის ინვესტიციებს. ამ მოლოდინმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლების შემცირების ფონზე. „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვერსტიციების მოცულობა 175 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ2015 წლის პირველ კვარტალში მაჩვენებელი 34%-ით არის შემცირებული, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით.

პირველი კვარტლის მაჩვენებლების საფუძველზე შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა არ ღირს, არ იქნება სამართლიანი – უთხრა „რადიო თავისუფლებას“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა გულბანმა. ის ვარაუდობს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება:

„საბოლოო ჯამში, წლიურ ჭრილში არ უნდა იყოს ისეთი საგანგაშო მაჩვენებელი იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკმაოდ გააქტიურებულია – ტურისტების მოზიდვის კუთხით. თბილისში ჩატარებული EBRD-ის ფორუმიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შედგა დიალოგი ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს შორის, რასაც მოჰყვება ბიზნეს-ურთიერთობები, რაც შემდგომში ინვესტიციებად გარდაიქმნება. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს“.

მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ კანონების ხშირი ცვლილება, გამკაცრება და, მითუმეტეს, ცვლილებების განუხილველად მიღება, ეს არის ყველაზე დამაზიანებელი ბიზნესგარემოსთვის...
გიგლა მიქაუტაძე

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების სავარაუდო ფაქტორებს, შოთა გულბანი უმთავრეს ფაქტორად რეგიონში კონფლიქტების არსებობას მიიჩნევს. თუმცა, ასევე, განსაკუთრებით აღნიშნავს მთავრობის ვალდებულებას, რომ იაქტიუროს და დააინტერესოს მსხვილი ინვესტორები, როგორც ეს საუდის არაბეთის პრინცის შემთხვევაში მოხდა.

გარე ფაქტორებს ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორი გიგლა მიქაუტაძე, თუმცა, როგორც ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, თუკი ინვესტორების მოზიდვა სურს, რეგიონში არსებულ არასტაბიულურობას საქართველომ შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა უნდა დაუპირისპიროს, რასაც ქვეყანა ზოგ შემთხვევაში ვერ ახერხებს. გიგლა მიქაუტაძე განსაკუთრებით აღნიშნავს სავიზო რეჟიმის გამკაცრების პრობლემას:

„ეს იყო, ალბათ, რბილად რომ ვთქვათ, ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ვითომ გამოასწორეს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია გამოსწორება, სხვა საკითხია... მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ კანონების ხშირი ცვლილება, გამკაცრება და, მითუმეტეს, ცვლილებების განუხილველად მიღება, ეს არის ყველაზე დამაზიანებელი ბიზნესგარემოსთვის“.

გიგლა მიქაუტაძის შეფასებით, საგადასახადო გარემო საკმაოდ კარგია საქართველოში და კიდევ უფრო გაუმჯობესებაზეც არის ლაპარაკი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ინვესტორთა დასაინტერესებლად. ამ კუთხით, ის აუცილებლობად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან საკანონმდებლო საკითხებს კერძო სექტორთან დიალოგის ფონზე უნდა წყვეტდეს და ბიზნესმენებს უსიამოვნო ფაქტის წინაშე არ უნდა აყენებდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG