Accessibility links

logo-print

საზაფხულო საბავშვო ბაღები დაკავებული მშობლების შვილებისთვის


ერთ-ერთი საბავშვო ბაღი თბილისში

ერთ-ერთი საბავშვო ბაღი თბილისში

თბილისში საზაფხულო საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწყო, რეგისტრაცია 28 ივნისამდე გასტანს, ბაღები კი ივლისის განმავლობაში იმუშავებენ. სულ, თბილისის მასშტაბით, 25 ე.წ. მორიგე ბაღი 9 ათასამდე აღსაზრდელს მიიღებს. ნინო ხარაძე გიამბობთ მეტს საზაფხულო ბაღების თაობაზე.

სამი შვილის დედა ნინო მეფარიშვილი შარშან ზაფხულის განმავლობაში ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებდა, შემთხვევით, თავისი ბავშვების ბაღის პედაგოგისგან შეიტყო საზაფხულო ბაღების არსებობის შესახებ და შანიძის ქუჩაზე მდებარე 128-ე საბავშვო ბაღში დაარეგისტრირა 5 და 3 წლის შვილები. ნინო ამბობს, რომ საზაფხულო ბაღები ძალიან მოსახერხებელია განსაკუთრებით იმ მშობელობითვის, ვინც დასაქმებულია, ასევე დიასახლისი დედებისთვისაც, რომლებიც, საოჯახო საქმეებიდან გამომდინარე, შვილებთან სრულფასოვან ურთიერთობას ვერ ასწრებენ.

„ორი შვილი მივიყვანე იმიტომ, რომ ოჯახური პირობების გამო, ვერ გავდიოდი ქალაქიდან. დიასახლისს იმდენი საქმე აქვს, რომ ბავშვს მაინც ვერ აქცევს იმდენ ყურადღებას, სულ საქმე აქვს დედას, რაღაცას რომ შეგეკითხებიან, პასუხობ, რომ – მერე, ახლა არ მცალია და ბაღში კი მთელი დღე ბავშვებით არიან დაკავებულები, დილით წავიყვანდი და საღამოს ექვს საათზე ვაკითხავდი წამოსაყვანად, მთელი დღის განმავლობაში ბავშვები იყვნენ ეზოში, სიგრილეში და სიმწვანეში“.

რეგისტაცია დღეს დილით 10 საათზე დაიწყო, 8 ათასი ვაკანტური ადგილია და შუადღის 2 საათისთვის უკვე რეგისტრირებულია 4 ათასამდე აღსაზრდელი...

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 10 ივნისს დაიწყო და 28 ივნისამდე გასტანს, ამბობს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა. ბაღების მომსახურება უფასო იქნება და იმავე განრიგით იმუშვებენ, როგორც მთელი წლის განმავლობაში. მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის მასშტაბით, შერჩეული 25 საბავშვო ბაღი იმ ნიშნით გამოიჩა, რომ მათ კეთილმოწყობილი ეზოები აქვს, – აღნიშნავს თემურ თორდინავა.

„შარშან 14 ბაღი შევარჩიეთ, წელს ეს რიცხვი გავზარდეთ 25-მდე, დავიცავით რაიონული პრინციპი და გავითვალისწინეთ ის უბნები, სადაც წინა წლებში არ ყოფილა საზაფხულო ბაღები და მოთხოვნა იყო ძალიან მაღალი. რეგისტაცია დღეს დილით 10 საათზე დაიწყო, 8 ათასი ვაკანტური ადგილია და შუადღის 2 საათისთვის უკვე რეგისტრირებულია 4 ათასამდე აღსაზრდელი“.

საზაფხულო ბაღში ბავშვის დასარეგისტრირებლად საჭიროა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსვებ-გვერდზე, რომლის მისამართია kids.org. ge – ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის შევსება. სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას ინფორმაციით, საზაფხულო ბაღებში რეგისტრაციისთვის არ იმოქმედებს აღასაზრდელთა დიფერენცირებული მიღების წესი. ყველა მსურველს, მათ შორის, იმათაც, ვინც საერთოდ არ დადიოდა ბაღში ან კერძო ბაღში დადიოდა, შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს.

დებულების მიხედვით, ბაღი დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობს, ჩვენი ბაღი 9-ის ნახევრიდან 7-ის ნახევრამდე მუშაობს და ზაფხულშიც ასე ვიმუშავებთ...

გლდანის მე-5 მიკრო რაიონში მდებარე 205-ე საბავშვო ბაღის დირექტორი ია პატეიშვილი ამბობს, რომ უკვე 10 წელია, მათ ბაღში საზაფხულო ჯგუფებს სხნიან, ბაღში 16 ჯგუფია, თუმცა, ამჯერად, 12 იმუშავებს. მსურველთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, ჯგუფებიც დაემატება. ია პატეიშვილის თქმით, აღმზრდელებიც და პედაგოგებიც დაინტერესებულნი არიან ზაფხულის განმავლობაში ბაღის მუშაობით.

„დებულების მიხედვით, ბაღი დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობს, ჩვენი ბაღი 9-ის ნახევრიდან 7-ის ნახევრამდე მუშაობს და ზაფხულშიც ასე ვიმუშავებთ, თანამშრომლების დაინტერესება იმაში მდგომარეობს, რომ ზაფხულში ისინი ორმაგ ხელფასს იღებენ, იმიტომ, რომ დარჩნენ და დაიტვირთონ. ამიტომ ზაფხულში მუშაობის სურვილი ყველას აქვს“.

ბაღები ივლისის განმავლობაში იმუშავებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG