Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის გაუარესების რისკი საქართველოში


საქართველოს მაჩვენებელი 28 ერთეულით გაუმჯობესდა ”2014 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში”, – ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის ყოველწლიურ ანგარიშში, - სადაც წინა წლის მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშში დასახელებულია ყველაზე მშვიდობიანი და ყველაზე არამშვიდობიანი ქვეყნები, ძალადობისა და კონფლიქტების ტენდენციები და შეჯამებულია ძალადობის ზეგავლენა ეკონომიკაზე. საქართველოს, სადაც სამშვიდობო მაჩვენებლების განსაკუთრებული გაუმჯობესება შეინიშნება, ვხვდებით ჩამონათვალში იმ ქვეყნებთან ერთად, სადაც სიტუაციის გაუარესებაა მოსალოდნელი.

ახალი ანგარიშის თანახმად, კვლავაც გრძელდება ბოლო 7 წლის ტენდენცია, რომლის მიხედვითაც მშვიდობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება მსოფლიოში. თუმცა ასევე შეიძლება ითქვას, რომ, შარშანდელთან შედარებით, წლევანდელ ანგარიშში 162 ქვეყანის მაგალითზე შეფასებული მდგომარეობა მხოლოდ უმნიშვნელოდ არის გაუარესებული. ძირითადად ეს გაუარესება გლობალური ტერორისტული საქმიანობის, საომარი კონფლიქტებისა და დევნილების/ლტოლვილების გაზრდილი ნაკადის სათვალავზე მოდის. ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყნების ჯგუფში ერთიანდება: სამხრეთ სუდანი, ავღანეთი და სირია, ხოლო ყველაზე მშვიდობიანი ქვეყნების სამეულს ისლანდია, დანია და ავსტრია წარმოადგენენ.

გლობალური მშვიდობის ინდექსში ესა თუ ის ქვეყანა რამდენიმე ათეული სპეციფიკური ინდიკატორისა თუ ფაქტორის მიხედვით ფასდება - იქნება ეს ტერორისტული თავდასხმების პოტენციალი, შეიარაღება და სამხედრო სფეროს დანახარჯები, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა, მოქალაქეების დაცულობისა და უსაფრთხოების ხარისხი თუ კრიმინოგენული სიტუაციის ანალიზი.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ ყველაზე მასშტაბური გაუმჯობესება აჩვენა და შარშანდელი 139-ე ადგილიდან 111-ე ადგიზე დაწინაურდა.
ყველაზე ცუდ პოზიციაზე საქართველო იყო 2010 წლის ინდექსში, როცა ქვეყანამ 141-ე ადგილი დაიკავა სულ 148-წევრიან სიაში. წელს ერთმანეთთან, როგორც უკვე ვთქვით, 162 ქვეყანაა შედარებული და ამ სიაში საკმაოდ არასახარბიელო 152-ე ადგილზეა რუსეთი. უკრაინა 142-ე ადგილზე გავიდა, აზერბაიჯანი - 123-ე ადგილზე. სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მხოლოდ სომხეთმა აჯობა და ის 97-ე ადგილზე გავიდა.
ქვეყნის სამშვიდობო პოტენციალს ქმნის ბევრი დადებითი ფაქტორი. მათ შორის არის: ინსტიტუციები, წარმატებით მოქმედი მთავრობა, კორუფციის დაბალი დონე და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, რასაც ჩვენ მშვიდობის საყრდენ ბოძებს ვუწოდებთ...
სტივ კილელე


წელს, პირველად, ანგარიში მოიცავს ერთგვარ საპროგნოზო მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში გაუარესდეს მშვიდობის მდგომარეობა. საპროგნოზო მოდელი აანალიზებს მათ შორის სტატისტიკურ მაჩვენებლებს, 1996 წლიდან მოყოლებული, და პარალელს ავლებს მსგავსი ინსტიტუციური მახასიათებლების მქონე ქვეყნებთან. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მოდელის ისტორიული სიზუსტე 90%-ს შეადგენს. საქართველოსთან ერთად რისკ-ჯგუფში მოხვდნენ: ზამბია, ჰაიტი, არგენტინა, ჩადი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ნეპალი, ბურუნდი, ლიბერია და ყატარი.

როგორც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე სტივ კილელე აღნიშნავს, საპროგნოზო სიზუსტე არსებით მახასიათებლებს ეყრდნობა:

”ქვეყნის სამშვიდობო პოტენციალს ქმნის ბევრი დადებითი ფაქტორი. მათ შორის არის: ინსტიტუციები, წარმატებით მოქმედი მთავრობა, კორუფციის დაბალი დონე და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, რასაც ჩვენ მშვიდობის საყრდენ ბოძებს ვუწოდებთ. ეს მოდელები არსებითია ქვეყნების რისკის შეფასებისას”.

საქართველოს შემთხვევაში მშვიდობის გაუარესების რისკ-ფაქტორებს რუსეთს უკავშირებს საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე, მიუხედავად იმისა, რომ, ანგარიშის თანახმად, საქართველომ გააუმჯობესა სამშვიდობო ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან:

”პირველ რიგში, ეს ეხება საგარეო ფაქტორს - რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ოკუპაციას, რაც შესაძლოა ეხებოდეს საოკუპაციო ხაზის კიდევ უფრო გადმოწევას, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. შესაძლოა, ეს ასევე დაკავშირებული იყოს რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით გაზრდილ პროვოკაციებთან. ესეც მოსალოდნელია”.

იმას, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგა გარკვეული ეკონომიკური და კულტურული კავშირები, სტაბილური კეთილმეზობლობის დასაწყისად არ მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე. ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, ისიც თვლის, რომ ეს მშვიდობა მოჩვენებითია და რომ რუსეთი კვლავაც აგრესორად რჩება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG