Accessibility links

logo-print

შეთავაზება აფხაზებსა და ოსებს - ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ფონზე


ენგურის ხიდი

ენგურის ხიდი

რას უნდა მოელოდეს საქართველო, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმებისგან და რას სთავაზობს ეს შეთანხმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს? 27 ივნისს ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აფხაზეთსა და ცხონვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს საგანგებოდ მიმართა და განაცხადა, რომ მათ ყველა იმ სიკეთით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, რასაც ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოება მოიტანს.

"ევროკავშირთან დაახლოება ახალ შესაძლებლობას უხსნის მთელ საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს. ამიტომ, მინდა აქედან მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ! თქვენ დღეიდან ჩვენთან ერთად ამ პროცესის თანაზიარი ხართ! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს - ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის თუ მრავალი სხვა" - ასე მიმართა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს 27 ივნისს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია. დოკუმენტი ამბობს, რომ მხარეები ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით, ასევე კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისა და შერიგებისაკენ მიმართული ძალისხმევის ერთობლივად ხელშეწყობის თაობაზე და რომ „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა მხარეთა შორის, ასევე სხვა შესაბამის საერთაშორისო აქტორებთან დიალოგისას“.

მაგალითად, ახალგაზრდებისათვის ეს ნიშნავს უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირში - ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეებისათვის, ეს მათთვისაც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს; უკეთეს ჯანდაცვას...

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირთან ინტეგრაციას და მის შემადგენელ ნაწილს -ასოცირების შესახებ შეთანხმებას - კონფლიქტების მოგვარების გასაღებს უწოდებს, პირველ რიგში, იმიტომ რომ ასოცირებით გათვალისწინებული ყველა სარგებელი თანაბრად შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და, მისი განცხადებით, ხელისუფლება დღეს სწორედ იმაზე მუშაობს, რომ ეს სარგებელი აფხაზებისა და ოსებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს შეთავაზება?

„მაგალითად, ახალგაზრდებისათვის ეს ნიშნავს უკეთესი განათლების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირში - ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეებისათვის, ეს მათთვისაც შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს; უკეთეს ჯანდაცვას, თანამშრომლობას მეცნიერების, ტექნოლოგიების სფეროში, ტრანსპორტისა თუ ენერგეტიკის სფეროებში. ცხადია, ამ შეთანხმებას აქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაწილიც, რაშიც ვგულისხმობთ იმას, რომ საერთოდ ეს არის ჩვენთვის განვითარების მოდელის არჩევანი - დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფლება, მართლმსაჯულება და ზუსტად ეს არის ის, რა სივრცეშიც ჩვენ დღეს გავაფორმეთ საქართველო“.

გარდა ამისა, ქეთევან ციხელაშვილი კონფლიქტის მოგვარების საქმეში ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოთამაშის, როლსაც გამოყოფს:

ხელისუფლება ამოვარდნილია ამ სიტუაციიდან და არ იცის ეს საერთაშორისო ბერკეტები - იგივე ასოცირების ხელშეკრებულებით თუ ჟენევის ფორმატით გათვალისწინებული უპირატესობები - როგორ გამოიყენოს...

„უკვე დღეს არსებულ ყველა ფორმატში ევროკავშირია ის ერთობა, რომელიც წამყვანი გახლავთ, დაწყებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიდან, სადაც ის ერთ-ერთი და მთავარი თანათავმჯდომარე გახლავთ, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით, რომელიც ერთადერთი სადამკვირვებლო წარმომადგენლობაა ადგილზე. სამწუხაროდ, ჩვენს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ სანახევროდ არის ეს განხორციელებული, რადგან მეორე მხარეს ის ჯერჯერობით ვერ შედის. გარდა ამისა, მას აქვს ჩართულობისა და არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა უჭერს მხარს. ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და გათვალისწინებულია გარკვეული ჰუმანიტარული პროექტების განსახორციელებლად და, რაც მთავარია, ევროკავშირი მხარს უჭერს ნდობის მშენებლობის პროექტებს“.

ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი შოთა მალაშხია კვლავაც თავის აზრზე რჩება და აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ოკუპანტის შევიწროებაზე აქცენტს არ აკეთებს. ამიტომ მას, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პირობებშიც, პირველ რიგში, მიდგომის შეცვლისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, წარმოუდგენელია ერთდროულად დასავლური კურსის ერთგულიც იყო და რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმშიც დარჩე. თუმცა ისიც აღნიშნავს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ამ ხელისუფლების მთავარი მიზანი უნდა იყოს და ამისათვის საერთაშორისო ბერკეტები სწორად გამოიყენოს:

„ხელისუფლება ამოვარდნილია ამ სიტუაციიდან და არ იცის ეს საერთაშორისო ბერკეტები - იგივე ასოცირების ხელშეკრებულებით თუ ჟენევის ფორმატით გათვალისწინებული უპირატესობები - როგორ გამოიყენოს. რაც შეეხება პრემიერის მიმართვას აფხაზებისა და ოსების მიმართ, ცხადია, რომ ყველა, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, საქართველოს მოქალაქეა და მათ მიმართაც ზუსტად ისეთი უნდა იყოს მიდგომა, როგორიც არაოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების მიმართ არსებობს. მაგრამ ამისთვის არ უნდა არსებობდეს შერიგების სამინისტრო. უნდა არსებობდეს რეინტეგრაციის სამინისტრო და ის დოქტრინა, რაც რეინტეგრაციის სამინისტრომ თავის დროზე შეიმუშავა კიდეც. ვგულისხმობ ჩვენი პასპორტების მიცემას, ნეიტრალური პასპორტების მიცემას და როდესაც ეს საკითხები საერთაშორისო დონეზე განიხილება, ოკუპანტი ვერ დაიწყებს საუბარს, რომ გალში, მაგალითად, შესაძლოა ეთნოწმენდის ახალი ტალღა განხორციელდეს“.

სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფორჩხიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც თავისთავად საქარველო-ევროკავშირის ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს ქმნის, კონფლიქტებს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ შექმნის სივრცეს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ თანამოქალაქეებს მნიშვნელოვანი მესიჯები გაუგზავნოს:

„მაგალითად, ვიზების ლიბერალიზაციის თემა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი კოზირია, რადგან ქართული პასპორტი ხდება უპირატესი, ვიდრე ყველაფერი ის, რაც შეიძლება წარმოედგინა ყველა იქ მცხოვრებს. ეს ქმნის ბიძგს, რომ მათ აიღონ ეს პასპორტი. თავის დროზე ნეიტრალური პასპორტის მიმართაც ასეთი სკეპტიციზმი იყო, მაგრამ ხალხი მაინც იღებდა ამ დოკუმენტს, ანუ ხალხი მაინც ილტვის უკეთესი შესაძლებლობებისაკენ“.

ირაკლი ფორჩხიძე საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, რაც შეიძლება ინტენსიურად გზავნონ ეს მესიჯები კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ხალხის მისამართით და, რაც მთავარია, ხშირად შეახსენონ, რომ მათ შეუძლიათ გახდნენ ასოცირების შეთანხმების შედეგად მიღებული სიკეთეების მომხმარებლები.

XS
SM
MD
LG