Accessibility links

logo-print

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდა მთავარ პროკურორს


მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა

28 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მთავარ პროკურორს შეხვდა და, სისტემის მიმართ ღრმა უნდობლობის დემონსტრირების შემდეგ, კონსტრუქციული თანამშრომლობის იმედზე ილაპარაკა. განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა გიორგი პაპუაშვილის მიერ გახმაურებული ბრალდებები მოსამართლეთა დაშანტაჟებისა და მათზე ზეწოლის შესახებ, რის გარშემოც პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება. მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეხვდა პრეზიდენტს, რომელმაც ასევე გაახმაურა ბრალდებები სამართალდამცველთა მხრიდან კანონდარღვევისა და ზეწოლის შესახებ. ულტიმატუმის კვალდაკვალ შედგა შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს შორისაც. ექსპერტთა ერთი ნაწილი ლაპარაკობს სახელმწიფოს უმაღლესი პირების არაადეკვატურ და მიუღებელ ქმედებებზე, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტს აკნინებს.

ღიად ვილაპარაკეთ როგორც გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებულ ეჭვებსა და კითხვის ნიშნებზე, – განაცხადა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა და ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირაკლი შოთაძის მხრიდან კონსტრუქციული მიდგომები გამოვლინდა:

„ის იღებს პირადად პასუხისმგებლობას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება - ეს ერთი; მეორე ის, რომ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით თუკი რომელიმე მოსამართლემ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, საშიშროება არ იქნება მისი ოჯახის წევრებზე ან ახლობლებზე რომ ვიღაცამ შური იძიოს... ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ, ალბათ, პირადად გვექნება კონტაქტი და იმედია, რომ ასეთი რამე არ მოხდება, მაგრამ ეს შიში რომ გაქარწყლდეს...“

გიორგი პაპუაშვილი

გიორგი პაპუაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მთავარი პროკურორისგან მიიღო დაპირება ასევე იმ საკითხის გარკვევისა, თუ რატომ დარჩა უყურადღებოდ მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები პროკურორისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წელიწად-ნახევრის წინ. იქვე გიორგი პაპუაშვილმა, როგორც თავად ამბობს, მთავარ პროკურორს მიაწოდა კონკრეტული ინფორმაცია ზეწოლის კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ გამოძიების შედეგი კარგი ტესტი იქნება პროკურატურის მუშაობის შესაფასებლად.

მოსამართლეების შანტაჟსა და ზეწოლასთან დაკავშირებით გიორგი პაპუაშვილის მიერ გახმაურებული განცხადებების კვალდაკვალ, მთავარმა პროკურატურამ საგამოძიებო პროცესი დაიწყო. როგორც უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე 26 ივლისს გამოქვეყნებული განცხადება გვატყობინებს, გამოძიება დაწყებულია „საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეშიჩარევის, ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და გამოყენების შესაძლო ფაქტებზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის II ნაწილითა და 1571 მუხლის I ნაწილით)“. პროკურატურაში გამოძახებულია ყველა, მაგრამ 27–28 ივლისს გამოიკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ რამდენიმე მოსამართლე.

ირაკლი შოთაძე

ირაკლი შოთაძე

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ასევე საქართველოს პრეზიდენტის სიძის - „მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილით)“.

გამოძიება დაიწყო პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადების საფუძველზე. უკვე გამოიკითხა მინდია გოგოჭური და მისი მეგობრები.

დღეს პროკურატურა გადაქცეულია პოლიტიკურ იარაღად „ქართული ოცნების“ ხელში და, ბუნებრივია, როდესაც პაპუაშვილი ამბობს, რომ ის ჯერ დაელაპარაკება პრემიერს და არა პროკურატურას, ეს ლოგიკურია...

მთავარ პროკურორთან შეხვედრამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯერ პრეზიდენტს შეხვდა, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრს. გიორგი პაპუაშვილის მიერ წამოყენებული იყო მკაცრი პირობა, რომლის მიხედვითაც, პრემიერთან შეხვედრამდე ის არ შეხვდებოდა მთავარ პროკურორს, რადგანაც სწორედ პრემიერისგან ელოდებოდა გარანტიების მიღებას გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით.

გიორგი პაპუაშვილის ეს გეგმები მოიწონეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. მაგალითად, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებები სამთავრობო წნეხის არსებობიდან გამომდინარეობს:

„დღეს პროკურატურა გადაქცეულია პოლიტიკურ იარაღად „ქართული ოცნების“ ხელში და, ბუნებრივია, როდესაც პაპუაშვილი ამბობს, რომ ის ჯერ დაელაპარაკება პრემიერს და არა პროკურატურას, ეს ლოგიკურია, რადგან ელაპარაკებიან მას, ვისაც ეს იარაღი უჭირავს და არა იარაღს“.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასეთმა მიდგომამ უკმაყოფილო დატოვა თავად პრემიერ-მინისტრი. მოგვიანებით აღარ განუმარტავს, მაგრამ ეს უკმაყოფილება კარგად ჩანს გიორგი კვირიკაშვილის 27 ივლისის კომენტარში, რომელიც გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა. პრემიერი გვარების დაკონკრეტების გარეშე აღნიშნავს, რომ ვიღაცები მიზანმიმართულ გეგმებზე ლაპარაკობენ:

„პროკურატურა არ არის მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაქვემდებარებული ინსტიტუცია. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ამ დამოუკიდებლობის საფუძვლები ჩვენ შევქმენით ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მივიღეთ მნიშვნელოვანი რეფორმატორული ცვლილებები, როცა ის (პროკურატურა) არის ანგარიშვალდებული პარლამენტთან. ეს მინდა, რომ შევახსენო. რატომღაც ჩნდება ასეთი შთაბეჭდილება და ქმნიან ამას მიზანმიმართულად, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა მართავდეს მთლიანად ამ პროცესებს. ეს ასე არ არის“.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ულტიმატუმის შემცველი განცხადებების შემდეგ (რომ მთავარ პროკურორს მხოლოდ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ შეხვდებოდა) მას აღარ უნდა შეხვედროდა პრემიერ-მინისტრი, ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც შეშფოთებითა და სინანულით აკვირდება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ყველაზე დიდ პრობლემას მთელ ამ სიტუაციაში მისთვის ის ფაქტი წარმოადგენს, რომ სახელმწიფოს უმაღლესი პირები ერთმანეთს ანგარიშს არ უწევენ და ეს ქმნის უპატივცემლობის განცდას სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ:

„შეიძლება, რომ სახელმწიფოს ერთმა ინსტიტუციამ მეორე ინსტიტუციას ბოიკოტი გამოუცხადოს ან რაიმე პრეტენზია წამოუყენოს? რას ნიშნავს ეს? და როდესაც ასეთი რამეები ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოში ინსტიტუციები არ ფუნქციონირებენ და მათი პირველი პირები თავადვე არ სცემენ ინსტიტუციებს პატივს. აი, ეს არის პრობლემა“.

ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ იმ ფაქტების არსებობა, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი ლაპარაკობენ, მართლაც დადასტურდეს, მაგრამ ექსპერტისთვის მიუღებელია, როდესაც კანონდარღვევის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფოს უმაღლესი პირები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს და ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციით არ ეძებენ პრობლემების დაძლევის რეალურ გზებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG