Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებით დასრულებული მშრომელთა საერთაშორისო დღე


1 მაისის აქცია
1 მაისის აქცია
დასაქმებულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მშვიდობიანი მსვლელობა აქციის მონაწილეთა დაკავებით დასრულდა. მართალია, სამართალდამცავებმა ისინი დაკავებიდან ორ საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მაგრამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 მაისს გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც გადაწყდება, თუ რა ტიპის ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული აქციის მონაწილეთა მიმართ. აქციის მონაწილეთა დაკავებამდე დასაქმებულთა საერთაშორისო დღე, პირველი მაისი, პროფკავშირების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მშრომელთა სოლიდარობის აქციებით აღნიშნეს. ისინი შრომის ახალ კოდექსში დასაქმებულთა ინტერესების მაქსიმალურ გათვალისწინებას მოითხოვენ. რა მოთხოვნები აქვთ სტუდენტებსა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს და რას სთავაზობს მათ შრომის კოდექსი, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია?

სტუდენტებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მშვიდობიანი მსვლელობის დროს, რომელშიც 300-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას, სამანქანო გზა გადაიკეტა, შენობებზე კი აქციის მონაწილეებმა შრომითი უფლებების დაცვის შინაარსის შემცველი წარწერები შავი საღებავით გააკეთეს.

ანა-მარია ბრაგვაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და აქციის მონაწილე, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე მას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ:

”რუსთაველის გამზირზე რომ ამოვედით, უკან მოგვყვებოდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და გვერდით მოგვყვებოდნენ ქვეითი პოლიციელები. უცებ დავინახე, რომ ჩოჩქოლი ატყდა. ჩემს ერთ მეგობარს, „ლაბორატორია 1918-ის“ წევრს სანდრო ცაგარელს, ექაჩებოდნენ მანქანაში, ურტყამდნენ. მეც იქ მივედი. ამ დროს უკნიდან თმაზე მომწვდა პოლიციელი, მომითრია, დამაგდო და ზურგი და ხელი დავარტყი”.
აქციის მონაწილის დაკავება
აქციის მონაწილის დაკავება

აქციის მონაწილეები ორსაათ-ნახევარში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს აქციის რამდენი მონაწილე იყო დაკავებული. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ დაკავებულთა და მოგვიანებით გათავისუფლებულთა რიცხვმა რამდენიმე ათეული შეადგინა. აქციის დაკავებულ მონაწილეთა შორის იყო სტუდენტი გურამ ჩხიკვიშვილი. მან სამგორის რაიონის პოლიციის განყოფილებაში თითქმის ორი საათი გაატარა. გურამი სამართალდამცავებისა და სტუდენტების დაპირისპირების მიზეზებზე გვესაუბრება:

”თავიდან, რა თქმა უნდა, იყო გაფრთხილება, გადადით სავალი ნაწილიდან და ბორდიურზე გადადითო, მაგრამ ამას მოჰყვა ჩვენი პროტესტი, რომ რატომ ბორდიურზე, როცა ჩვენი უფლებაა, რომ ვიაროთ ტრასაზე და თან, რაც მთავარია, ბევრნი ვიყავით. ამის საფუძველზე მოხდა შეხლა-შემოხლა და წამოგვიყვანეს განყოფილებაში”.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი ოფიციალური განმარტებები აქციის მონაწილეთა დაკავების თაობაზე 8 საათზე გააკეთა. განცხადების თანახმად, აქციის მონაწილეთა ნაწილმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია და ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს:

”აქციის მსვლელობისას დაზიანდა ერთ-ერთი მოქალაქისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე მანქანა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა აქციის მონაწილეები სამართალმდაცავებს არ დაემორჩილნენ, რის შედეგადაც, კანონის ფარგლებში მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება. აღნიშნულ ფაქტზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება, ხოლო ამ დროისათვის ყველა დაკავებული პირი გათავისუფლებულია ხელწერილით. 2 მაისს გაიმართება სასამართლო პროცესი, სადაც გადაწყდება, თუ რა ტიპის ადმინისტრაციული ღონისძიება იქნება გატარებული აქციის მონაწილეთა მიმართ”.
აქციის მონაწილის დაკავება
აქციის მონაწილის დაკავება

დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ისინი მიმართავენ სამართალდამცველ ორგანოებს იმოქმედონ კანონის შესაბამისად, არ შეუშალონ ხელი მედიის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში და დროულად განუმარტონ საზოგადოებას, რა სამართლებრივი საფუძველი ედო ჟურნალისტების დაკავებას.

აქციის მონაწილეთა დაკავების კადრების ყურების შემდეგ, ვახუშტი მენაბდე, იურისტი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რამაც გამოიწვია შეკრება- მანიფესტაციების უფლების დარღვევა:

”როდესაც სავალი ნაწილის დაკავება ხდება, უნდა მოხდეს წინასწარი გაფრთხილება. ჩემთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ეს გაფრთხილება იყო თუ არა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ იყო იმის საჭიროება, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ თუნდაც მაშინ, რომ ახალგაზრდებს დაერღვიათ მანიფესტაციების კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები. პოლიციელების მოქმედებები აშკარად იყო ძალის გადამეტება”.

რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე კი სტუდენტებმა მშვიდობიანი შეკრება დასაქმებულთა საერთაშორისო
პირველი მაისი გახდეს დასვენების დღე. ეს იქნება სიმბოლური აქტი, რომ სახელმწიფო და საზოგადოება პატივს მიაგებს შრომის უფლებას. ასევე გამოიძებნოს მექანიზმები მუშების და ზოგადად დაქირავებულების მონაწილეობისა მენეჯმენტში...
ლევან აბაშიძე
დღის აღსანიშნავად და მშრომელთა უფლებების დასაცავად უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაიწყეს. უნივერსიტეტის სახურავიდან დიდი ბანერი, წარწერით ”თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა”, სტუდენტებმა ზუსტად 3 საათზე გადმოფინეს.

დასაქმებულთა საერთაშორისო დღის, პირველი მაისისთვის მზადება სტუდენტებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ქალაქის ქუჩებში მრავლად შეხვდებოდით სტიკერებს, წარწერით: ”საათები შრომისთვის, წამები ცხოვრებისთვის”, ”შენ არ გჭირდება ბოსი, ბოსს სჭირდები შენ”, ”ჩვენი უფლებების დაცვა ჩვენს ხელშია”. ამ შინაარსის ლოზუნგები პირველ მაისს უკევ თავად სტუდენტებს ეკიდათ გულზე, ეჭირათ ხელში და ამით სოლიდარობას უცხადებდნენ მასწავლებლებს, ექიმებს, მაღაროელებს, მძღოლებს, რკინიგზელებს, მეეზოვეებს და სხვებს.

როგორც სტუდენტური გაერთიანება ”ლაბორატორია 1918”- ის წევრმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან აბაშიძემ გვითხრა, სტუდენტების მთავარ მოთხოვნებს შორისაა ახალ კოდექსში დასაქმებულთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება, თუმცა, ამას გარდა, სტუდენტებს სხვა მოთხოვნებიც აქვთ:

”პირველი მაისი გახდეს დასვენების დღე. ეს იქნება სიმბოლური აქტი, რომ სახელმწიფო და საზოგადოება პატივს მიაგებს შრომის უფლებას. ასევე გამოიძებნოს მექანიზმები მუშების და ზოგადად დაქირავებულების მონაწილეობისა მენეჯმენტში, იქნება ეს კონსულტაციური, ადმინისტრაციული თუ გადაწყვეტილების მიღების დონეები. დასაქმებულების გარდა, ძალიან დიდი პრობლემაა უმუშევრობა. და ჩვენი დღევანდელი მოთხოვნაა, რომ დაწესდეს დროებითი კომპენსაციები უმუშევრებისთვის”, - ამბობს ლევან აბაშიძე.
აქციის მონაწილეები
აქციის მონაწილეები

სტუდენტთა აქციას შეუერთდა პირველ მაისს ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. ”არა სექსისტურ შრომის კოდექსს” - ასეთი იყო მათი სოლიდარობის მთავარი გზავნილი. ისინი ახალ შრომის კოდექსში, რომელიც ამ ეტაპზე პარლამენტში განხილვის პროცესშია, სწორედ დასაქმებულ ქალთა უფლებების მაქსიმალურად გათვალისწინებას მოითხოვენ. ფემინისტთა ჯგუფის წევრმა მარიამ გაგოშაშვილმა გვითხრა, რომ არსებული შრომის კოდექსი ქალთა დისკრიმინაციის რეალურ შესაძლებლობას იძლევა:

”თუ დამქირავებელს უნდა, რომ ქალი გაუშვას სამსახურიდან ან არ აიყვანოს სამსახურში იმის გამო, რომ ის ფეხმძიმედაა ან იმიტომ, რომ მას პატარა შვილები ჰყავს ან ლესბოსელია, ფაქტობრივად, არსებული შრომის კოდექსი მას ამის საშუალებას აძლევს. ასევე დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით ძალიან ცუდი პირობებია კანონმდებლობაში. არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ ირღვევა დეკრეტული შვებულების უფლება და შვებულების უფლება უწევთ ქალებს იმისათვის, რომ ხელფასი შეუნარჩუნდეთ”.

დასაქმებულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს პირველ მაისს გაერთიანებულმა პროფესიულმა კავშირებმაც. რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეიკრიბნენ მეხანძრეები, პედაგოგები, ექიმები, რკინიგზელები, მძღოლები. მათ მოთხოვნებს შორის იყო: უსაფრთხო შრომის პირობები, გაზრდილი ხელფასები, უვადო ხელშეკრულებები, ანაზღაურება ზეგანაკვეთურ მუშაობაზე და ა.შ. გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიუხედავად, კვლავაც რჩება საკითხები, რომელთა მოგვარებაც დასაქმებულთათვის მნიშვნელოვანია:
პროფკავშირების აქცია
პროფკავშირების აქცია

”დღეს დაყენებული საკითხები დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით, ღამის საათების დროს შეღავათებთან დაკავშირებით, კონტრაქტებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი საკითხები და დღესვე უნდა დაიწყოს დიალოგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად”.

შეგახსენებთ, რომ მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოს შრომის კანონმდებლობის შეცვლისა ახალმა ხელისუფლებამ არჩევნებში გამარჯვებისთანავე გამოხატა. არასამთავრობო სექტორთან თითქმის ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი წარმოადგინა. დასაქმებულის ინტერესების გაზრდა, მათი უფლებების დაცვა, თუმცა, ამასთანავე, დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესების ბალანსის შენარჩუნება - ასე განმარტავენ უწყებაში შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიზანს.
XS
SM
MD
LG