Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი გუბერნატორი, შეზღუდული რესურსებით


ანდრო ბარნოვი
ანდრო ბარნოვი
შიდა ქართლის ახალი გუბერნატორის, ანდრო ბარნოვისთვის თანამდებობაზე დანიშვნა რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს არ მიულოცავთ. პრეზიდენტის რწმუნებული თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. მან განსაკუთრებული ყურადღება თვითმმართველობებთან თანამშრომლობას დაუთმო. მისი თქმით, იგი პატივს სცემს მოსახლეობის არჩევანს, მზადაა საკრებულოების თავმჯდომარეებსა და გამგებლებთან თანამშრომლობისთვის და ხელს შეუწყობს თვითმმართველობების უფრო მეტად განვითარებას. იგი პირობას დებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებს ზეწოლის, დევნისა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების არც ერთ შემთხვევას, კონტროლს გაუწევს საბიუჯეტო პროცესებს და არ დაუშვებს ნეპოტიზმს.

ბარნოვის დანიშვნა მოულოდნელი იყო ადგილობრივ ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის წარმომადგენლებისთვის. ქალაქში გავრცელებული ხმებით, მომავალი გუბერნატორი ამჟამინდელი პარლამენტის წევრი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი თამაზ შიოშვილი უნდა გამხდარიყო და ეს გუბერნატორის დანიშვნის წესში ცვლილების შეტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ პრეზიდენტმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ანდრო ბარნოვი აცხადებს, რომ იგი მზადაა ხელისუფლებაში მყოფ კოალიციის წარმომადგენლებთან სათანამშრომლოდ. მისი აზრით, გუბერნატორს პრეზიდენტი უნდა ნიშნავდეს.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გუბერნატორთან თანამშრომლობისთვის მზადაა. მისი აზრით, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. ის, რაც არჩევნებამდე ხდებოდა, როცა გუბერნატორის კარნახით იმართებოდა თვითმმართველობის ორგანოები, ახლა წარმოუდგენელია. რაზმაძე ფიქრობს, რომ საკრებულოს თანამშრომლობა პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ გუბერნატორთან უფრო უკეთესად გამოუვიდოდა.

პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ ბარნოვის დანიშვნით საქართველოს პრეზიდენტმა, პირველ რიგში, ყოფილი გუბერნატორი სულხან სიბაშვილი დასაჯა, რომელმაც არჩევნებიც წააგო და თვითმმართველობის, სადაც უმრავლესობას ნაციონალები წარმოადგენდნენ, „ქართული ოცნებისთვის“ უხმაუროდ გადაბარებაც დაუშვა. ტლაშაძის აზრით, გუბერნატორი ახლა საკუთარ დებულებას ვერ გასცდება და საკმაოდ შეზღუდული უფლებებით ისარგებლებს. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ბარნოვის მმართველობა დიდხანს არ გაგრძელდება, ვინაიდან კოალიცია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ რეგიონალურ მმართველობაზე კონტროლის აღებას აპირებს.

გორში ჩამოსულ ანდრო ბარნოვს კი რესურსები, მართლაც, შეზღუდული დახვდა. სამხარეო ადმინისტრაციის შემცირებულმა ბიუჯეტმა შესაძლოა მალე გადაადგილების პრობლემაც კი შეუქმნას. გარდა ამისა, სამხარეო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფ სამაშველო სამსახურს საწვავის 10 დღის მარაგიღა დარჩა, თანამშრომლებს კი ფორმები არ გააჩნიათ. ბარნოვის აზრით, რეგიონში პოლიტიკურ ძალებს შორის ხელების გადაგრეხის პოლიტიკა უნდა დასრულდეს. ახალი გუბერნატორი აპირებს პრესასთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები რეგულარულად გამართოს.
XS
SM
MD
LG