Accessibility links

logo-print

17 ოქტომბერს მსოფლიოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი ძირითადი აქცენტების თანახმად, სიღარიბე მხოლოდ დაბალშემოსავლიანი ადამიანების პრობლემა არ არის და ის მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის უფლებებთანაც. „საქსტატის“ ბოლო მონაცემების თანახმად, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 10%-ზე მეტი ცხოვრობს. რამდენი ადამიანია დარჩენილი საარსებო შემწეობის იმედად საქართველოში და რით ეხმარება მათ სახელმწიფო?

თუკი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს დავეყრდნობით, 2015 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 10,1% ირიცხებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა სია 480 ათასზე მეტ პირს ითვლიდა და ეს პირები 145 900-ზე მეტ ოჯახს წარმოადგენენ. საარსებო შემწეობების მიღების რაოდენობა ყოველთვიურად იცვლება – ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ ტატა გამყრელიძე – სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და ქულების მიხედვით შემწეობის გამოთვლის ამჟამად მოქმედ მექანიზმზე ლაპარაკობს. მისი განმარტებით, სოციალური აგენტი მჭიდროდ თანამშრომლობს ბენეფიციარებთან, რომელთა ქონებისა და შემოსავლების შესაფასებლად სპეციალური კითხვარის შევსებაა საჭირო. შემწეობის მასშტაბი ქულების მიხედვით გამოითვლება:

სახელმწიფო ვერ გასწვდება ყველა იმ ოჯახს, რომელიც თავს გაჭირვებულად თვლის, ამიტომ, ვთქვათ, თუ ორ გაჭირვებულ ოჯახზე ვლაპარაკობთ, სახელმწიფოს მიზანია – დაეხმაროს იმ ოჯახს, რომელსაც უფრო სჭირდება დახმარება იმისათვის, რომ იარსებოს...

„30 ათასი ქულის ქვემოთ ოჯახის თითოეული წევრი იღებს 60 ლარს; 30-დან 57 ათას ქულამდე ოჯახის თითოეული წევრი იღებს 50 ლარს; 57-დან 60 ათას ქულამდე ოჯახის თითოეული წევრი იღებს 40 ლარს; 60-დან 65 ათას ქულამდე ოჯახის თითოეული წევრი იღებს 30 ლარს. 65 ათასი ქულის ზემოთ აღარ გაიცემა საარსებო შემწეობა. თუმცა, 65-დან 100 ათას ქულამდე ვისაც აქვს და ბავშვები ჰყავთ ოჯახში, ისინი იღებენ თითოეულ ბავშვზე 10-ლარიან დანამატს“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში არ იზიარებენ ოპონენტთა კრიტიკას იმის თაობაზე, რომ ამჟამად უსამართლოდ ხდება ქულების გამოანგარიშება ამა თუ იმ პირისთვის საარსებო შემწეობის მისანიჭებლად. როგორც ტატა გამყრელიძე ეუბნება „რადიო თავისუფლებას“, მთელი სისტემა და მეთოდოლოგია მოწოდებულია, რომ რაც შეიძლება სამართლიანად განისაზღვროს შემწეობათა მოცულობა ამა თუ იმ პირისა თუ ოჯახისთვის. ამჟამად საარსებო შემწეობის მსურველთა ნუსხა 1 200 000-ზე მეტ ადამიანს ითვლის.

„სახელმწიფო ვერ გასწვდება ყველა იმ ოჯახს, რომელიც თავს გაჭირვებულად თვლის, ამიტომ, ვთქვათ, თუ ორ გაჭირვებულ ოჯახზე ვლაპარაკობთ, სახელმწიფოს მიზანია – დაეხმაროს იმ ოჯახს, რომელსაც უფრო სჭირდება დახმარება იმისათვის, რომ იარსებოს“, –ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ტატა გამყრელიძე.

ქვეყანაში, სადაც საშუალო ფენა განუვითარებელია, დახმარების მთხოვნელთა მაღალი მაჩვენებელი არ უკვირს გაზეთ „რეზონანსის“ ეკონომიკური დამატების მთავარ რედაქტორ ზვიად შვანგირაძეს. მიზეზებზე მან „რადიო თავისუფლების“ გადაცემა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას ისაუბრა და საკითხი ლარის გაუფასურების ჭრილშიც განიხილა:

ზვიად შვანგირაძე

ზვიად შვანგირაძე

„2015-2016 წლებში ლარის დევალვაციამ ძალიან რთულ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო მოსახლეობის დიდი ნაწილი, რადგანაც ამ ოჯახების ძირითადი ნაწილის შემოსავალი ემსახურება ვალს, სესხს, რომელიც მათ აქვთ გამოტანილი უცხოურ ვალუტაში... უმეტესად ასეა. 70%-ია დოლარიზაციის კოეფიციენტი ქვეყანაში. ბოლო ორ წელიწადში მათ, პრაქტიკულად, თანხა აღარ რჩებათ იმისათვის, რომ, დავუშვათ, იკვებონ ნორმალურად, განათლება მიიღონ, მომსახურება მიიღონ – სხვადასხვა სერვისით ისარგებლონ. და ეს ადამიანები, როგორც ჩანს, ასე მალე ვერც გამოვლენ ამ სიტუაციიდან, რადგანაც, ჯერჯერობით, არც ლარის კურსის დასტაბილურების პირობები ჩანს და არც მათი შემოსავლების მატებაა ისეთი, რომ ამ ყველაფერს გაუძლონ“.

როგორც უკვე ვთქვით, ბოლო მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 10,1 პროცენტი ირიცხება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი საკითხს მოსახლეობის აღწერის ახალი მონაცემების კონტექსტში განიხილავს და „რადიო თავისუფლებასთან“ – ღარიბთა რიცხვის კლების ტენდენციაზე ლაპარაკობს. ეკონომიკის საკითხების ექსპერტი ასეთი ტენდენციის სავარაუდო მიზეზებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. ბოლო 4 წელიწადში კერძო სექტორში შეიქმნა დამატებით 55 ათასი სამუშაო ადგილი და ეს, ცხადია, პირდაპირ გავლენას ახდენს სიღარიბის აღმოფხვრაზე. გარდა ამისა, ბოლო წლების ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტია და ეს ცალკე ფაქტორია იმისთვის, რომ მოსახლეობაში შემცირდეს სიღარიბის დონე. ასევე, ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებას აქვს ე.წ. ინკლუზიური ეკონომიკის გატარების პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს ჰქონდეს წვდომა იმ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და პრეფერენციებზე, რაც, ზოგადად, არსებობს ქვეყანაში“.

რაც შეეხება საარსებო შემწეობას, ანდრია გვიდიანი, მემარჯვენე ხედვების გათვალისწინებით, არ ემხრობა საარსებო შემწეობის ბენეფიციართა რიცხვის ზრდის იდეას, რადგანაც ეს აუცილებლად გამოიწვევს ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების შეფერხებას. ეკონომისტის განმარტებით, სიღარიბესთან ბრძოლის მთავარ იარაღს წარმოადგენს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც რეალურად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG