Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლის კვალი „სტუდიო კამპუსთან“


თბილისში, მილორავას ქუჩაზე, რამდენიმე თვეა თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცე „სტუდიო კამპუსი“ გაიხსნა. ამ სივრცეში საჯარო ლექციები, კინოჩვენებები და დისკუსიები იმართებოდა. 15 ნოემბერს მეზობლად მცხოვრებმა ახალგაზრდამ ცივი იარაღით დაჭრა „კამპუსის“ დირექტორი მიხეილ ხუნდაძე. რა მოხდა „სტუდიო კამპუსში“ და რის ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება?

15 ნოემბერს, მაშინ როცა „სტუდიო კამპუსში“ ფოტოგრაფიაზე საჯარო ლექცია მიმდინარეობდა, შენობაში 3 ახალგაზრდა ბიჭი შეიჭრა და ერთ-ერთმა მათგანმა გულმკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრა „კამპუსის“ დირექტორი მიხეილ ხუნდაძე. მას ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღე რეანიმაციის განყოფილებაში გაატარა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის.

„სტუდიო კამპუსი“ რამდენიმე თვის წინ შექმნა მხატვართა და ხელოვანთა ჯგუფმა. თავისუფალ სახელოვნებო-საგანმანათლებლო სივრცეში ახალგაზრდები ფილოსოფიაზე, არქიტექტურასა და ხელოვნების სხვადასხვა დარგზე საუბრობდნენ და ერთმანეთს საკუთარ იდეებსა და გამოცდილებას უზიარებდნენ.

ვერაზე, მილორავას 8 ნომერში მდებარე ორსართულიანი შენობის კედლებზე ბევრი ნახატი, ბიბლიოთეკაში კი ასევე ბევრი და საინტერესო წიგნი იყო. „კამპუსი“, სადაც სტუდენტები, ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდები იკრიბებოდნენ, ახლა ცარიელია, კართან კი ჯერ კიდევ შეინიშნება მიხეილ ხუნდაძის სისხლის კვალი.

მე რომ დამჭრეს, მერე დაიწყეს, რომ ესენი სატანისტები არიან, რაღაცებს ასწავლიან ჩვენს ბავშვებს, მავნე ჩვევებს უნერგავენ და ახია მაგათზე. მე სისხლისგან ვიცლებოდი, ისინი ამბობდნენ, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო და ასე უნდა დამთავრებულიყო...
მიხეილ ხუნდაძე

ინციდენტამდე ლექციის ჩაშლა რამდენჯერმე სცადეს უბნელმა ბავშვებმა. „კამპუსის“ ხელმძღვანელობამ მათი შენობიდან გაყვანა მოახერხა. ბავშვებმა უფროს მეგობრებს მიუტანეს ამბავი, გამოგვყარეს და გვაგინესო.

მიხეილ ხუნდაძე ასე იხსენებს ამბავს:

„დაახლოებით, ერთ საათში სამი ადამიანი შემოვარდა. ჩემი სახელის ხსენება. გამოვედი თუ არა, ამ ადამიანმა დაიწყო ყვირილი: „ვის მიაყენე შეურცხყოფა, ვის აგინე!?“ იქვე დამარტყა დანა. ახსნა-განმარტება არც მოუთხოვია, არც უკითხავს, მოხდა თუ არა ასეთი რამ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პირი ცხელ კვალზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას. ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მიხეილ ხუნდაძე ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ იქ შეკრებილი მეზობლების ნაწილი მომხდარი ფაქტით უკმაყოფილო ან შეშფოთებული სულაც არ ყოფილა.

„მე რომ დამჭრეს, მერე დაიწყეს, რომ ესენი სატანისტები არიან, რაღაცებს ასწავლიან ჩვენს ბავშვებს, მავნე ჩვევებს უნერგავენ და ახია მაგათზე. მე სისხლისგან ვიცლებოდი, ისინი ამბობდნენ, რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო და ასე უნდა დამთავრებულიყო“.

„კამპუსში“ ვარაუდობენ, რომ მეზობლების ამგვარ დამოკიდებულებას წინ უძღოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის კოკა ბრეგაძის მიერ ჩატარებული საჯარო ლექცია ნიცშეზე. ლექციას 150-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. ხმის გამაძლიერებლების გამო „ზარატუსტრას“ ტექსტის განმარტება ქუჩაშიც ისმოდა. სახელოვნებო სივრცისადმი ნეგატიური შეფასებები პირველად სწორედ მაშინ გამოითქვა, თუმცა მეზობლების ნაწილი „კამპუსის“ საქმიანობით კმაყოფილი იყო.

მეზობელი ქეთევან შუბლაძე ჰყვება:

„ცუდი განწყობა არც სხვებისგან შემიმჩნევია და პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი. 15 წლის ტყუპები მყავს. ხშირად ადიოდნენ, ლექციებს ესწრებოდნენ. კლასელებიც მოჰყავდათ და მონაწილეობდნენ განხილვებში. თვითონ ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები იყვნენ“.

ეს ინციდენტი ასე მოხდა: უბნელმა ბავშვებმა შესჩივლეს ამ ბიჭს, დაგვეხმარე, იქ ვიღაცები გვაგინებენო. პირველ დღეს, როცა ფხიზელი იყო, ბავშვებს უთხრა, ნუ უშლით ხელს, თავი დაანებეთო. მერე მეორე დღესაც შესჩივლეს ბავშვებმა. ეს ბიჭიც ნასვამი იყო და თავი ვეღარ შეიკავა...
მზია ბოკერია

მეზობლების ნაწილს ამ თემაზე საუბარი არ სურს, ნაწილი კი მომხდარ ფაქტს „კამპუსის“ საქმიანობას არ უკავშირებს და ჰყვებიან, რომ ბრალდებული „კამპუსის“ დირექტორს საერთოდ არ იცნობდა.

მზია ბოკერია:

„ეს ინციდენტი ასე მოხდა: უბნელმა ბავშვებმა შესჩივლეს ამ ბიჭს, დაგვეხმარე, იქ ვიღაცები გვაგინებენო. პირველ დღეს, როცა ფხიზელი იყო, ბავშვებს უთხრა, ნუ უშლით ხელს, თავი დაანებეთო. მერე მეორე დღესაც შესჩივლეს ბავშვებმა. ეს ბიჭიც ნასვამი იყო და თავი ვეღარ შეიკავა. ამ შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა ეს. ისე, რამდენიმემ თქვა, რომ ძალიან მაღალ ხმაზე უსმენდნენ მუსიკას და ხმაური გამოდიოდაო“.

ბრალდებულის დედა ფატიმა რომიც აცხადებს, რომ მის შვილს ინციდენტამდე მიხეილ ხუნდაძესთან ან „კამპუსთან“ შეხება საერთოდ არ ჰქონია:

„სასამართლოზე ჩემმა შვილმა თქვა, რომ ამ კაცს საერთოდ არ იცნობს და მის მიმართ საწინააღმდეგოც არაფერი ჰქონია. მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა. დანარჩენი არაფერი ვიცით“.

„სტუდიო კამპუსის“ ფეისბუკის გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ავტორები წერენ: „ როგორც ჩანს, „უბანში“ არსებული სოციალური გარემო არ აღმოჩნდა მზად მიეღო მსგავსი ტიპის სივრცე“. „კამპუსი“ ახლა დაკეტილია, თუმცა დამფუძნებლები უკვე ეძებენ ალტერნატიულ სივრცეს, სადაც ახალგაზრდები ისევ მოახერხებენ შეკრებას, ერთად ფილმის ყურებას, ლექციის მოსმენას ან მათთვის საინტერესო თემებზე საუბარს.

XS
SM
MD
LG