Accessibility links

logo-print

მერიასა და „სითი პარკს“ შორის კონტრაქტის გაწყვეტის საკითხი აქტუალობას არ კარგავს


პარკინგი თბილისის ქუჩაში

პარკინგი თბილისის ქუჩაში

შესაძლებელია თუ არა კომპანია „სითი პარკთან“ თბილისის მერიის მიერ დადებული ხელშეკრულების გაწყვეტა, კომპანიისთვის საავტომობილო პარკინგის მონოპოლიის ჩამორთმევა და მერიის სატრანსპორტო სამსახურის დაქვემდებარებაში სპეციალური მუნიციპალური სერვისის შექმნა? - ეს მოთხოვნები კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ალეკო ელისაშვილს და დავით ზურაბიშვილს ეკუთვნით. ისინი ფიქრობენ, რომ ამ მოთხოვნებით თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილის მოსაზრებებს გამოხატავენ და გამოთქვამენ იმედს, რომ მათ ინიციატივას შესაბამისი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვება როგორც საზოგადოების, ისე საკრებულოს სხვა წევრების მხრიდან.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, დავით ზურაბიშვილისა და ალეკო ელისაშვილის, მოთხოვნებს შორისაა ისიც, რომ ხელშეკრულების დარღვევის პირგასამტეხლოს თანხა, 25 მილიონი ლარის ოდენობით, დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში ჩაიდოს და პარკირება თბილისში ერთი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ მართოს. დეპუტატებმა 10 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კალკულაცია ეფუძნება დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის თანხა ჩარიცხა თბილისის ბიუჯეტში კომპანია „სითი-პარკმა “ 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდში:

“ასეთი მონაცემებია, რომ ორი წლის განმავლობაში „სითი-პარკმა“ ამოიღო 62 მილიონი ლარი. აქედან 18 მილიონი ლარი გადაურიცხა მერიას, 43 მილიონი - თითქმის 44 მილიონი - წაიღო სახლში. მერიამ უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი, ამის პირგასამტეხლო უნდა გადავიხადოთ 25 მილიონი და მე მოვუწოდებ თბილისის მერს, რომ ბიუჯეტში ეს 25 მილიონი ჩაიდოს. და ამის შემდეგ რა თანხაც შემოვა, ყველაფერი უნდა მოხმარდეს პარკირების ინფრასტრუქტურის შექმნას“.

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია „სითი პარკი“ მერიასთან კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2025 წლამდე, მოსახლეობის ჯიბეებიდან კიდევ 270 მილიონი ლარის ამოღებას შეძლებს. მისივე თქმით, თბილისში ავტომობილების პარკირების ორგანიზებისთვის „სითი პარკს“ თავისი არსებობის 9 წლის განმავლობაში არ აუშენებია არც ერთი ავტოსადგომი, პარკირების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის არ დაუხარჯავს თეთრიც კი და ის წარმოადგენს მხოლოდ ჯარიმაზე ორიენტირებულ კომპანიას.

„სითი პარკის“ ჯარიმების სიმძიმისა და თბილისში ავტომობილების პარკირების ორგანიზების პრობლემას აღიარებს თბილისის მერი დავით ნარმანიაც. ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში მან განაცხადა, რომ კომპანიას ჩამოერთმეოდა „თბილისის ქუჩებში მოსახლეობის ძარცვის“ უფლება. ამჯერად კი მისი კომენტარები შედარებით ფრთხილი და მოზომილია. თბილისის მერი ამბობს, რომ საჭიროა მეტი გაანგარიშება და არგუმენტაცია, რათა ქალაქი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი განცხადებების მსხვერპლი არ გახდეს:

“ათეულობით მილიონი ლარის გადახდამ არ უნდა მოუწიოს. ამიტომ არის, რომ ჩვენ - ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევისთვის - თავს ვიკავებთ „სითი-პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისგან. თუ ჩვენ ძალიან, ასე ვთქვათ, მკაცრ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს, შესაძლოა, ერთი მხრივ, კარგი იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ რამდენიმე წლის განმავლობაში მოგვიწია ჩვენ ათეულობით მილიონის გადახდამ ამისთვის, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ყველაზე კარგი არ იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში მოგვიწევს თანხა მოვაკლოთ ან ჯანდაცვას, ან სოციალურ უზრუნველყოფას ქალაქში, ან გზებს, ან სხვა რაღაცას“.

რაც შეეხება პარკირების გადასახადს და ჯარიმებს, ამასთან აქვს წვდომა თბილისის მერიას. შესაბამისად, ის, რომ რაღაც კონტრაქტით გაწერილი პირობები არ სრულდება, ან, უფრო მეტიც, ამხელა განსხვავებით რჩება „სითი პარკში“, არ შეესაბამება რეალობას და ეს თავად მერიისთვისაც ცნობილია...

ეს განცხადება თბილისის მერმა 10 ნოემბერს გააკეთა, ხოლო მოგვიანებით დააზუსტა, რომ „სითი პარკის“ დამფუძნებლებს სამჯერ შეხვდა, მაგრამ შეთანხმებას ვერც ერთ საკითხზე ვერ მიაღწია, 2007 წელს დადებული კაბალური ხელშეკრულების ძალით კი, ცვლილებების შეტანა ხელშეკრულებაში ცალმხრივად, კომპანიის თანხმობის გარეშე, შეუძლებელია. დავით ნარმანია ამბობს, რომ კომპანიის ქმედებები და მოსაზრებები საღ აზრს მოკლებულია და შეუძლებელი აღმოჩნდა მათგან გონივრული თანხმობის მიღება.

თავის მხრივ, კომპანია „სითი პარკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ტაბიძე შენიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „სითი პარკის“ შემოსავლებსა და თბილისის ბიუჯეტში გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, ლევან ტაბიძე აზუსტებს, რომ ალეკო ელისაშვილისა და დავით ზურაბიშვილის მიერ დასახელებული რიცხვები ახლოსაც კი არ არის რეალობასთან და, შესაბამისად, გაუგებარია რა სქემით მოხდა კალკულაცია:

„ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ეს არ არის რეალური თანხები, აქ აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ყველანაირი ტრანზაქცია და, ვთქვათ, შემოსავლები და ასე შემდეგ, რაც შეეხება პარკირების გადასახადს და ჯარიმებს, ამასთან აქვს წვდომა თბილისის მერიას. შესაბამისად, ის, რომ რაღაც კონტრაქტით გაწერილი პირობები არ სრულდება, ან, უფრო მეტიც, ამხელა განსხვავებით რჩება „სითი პარკში“, არ შეესაბამება რეალობას და ეს თავად მერიისთვისაც ცნობილია. რაც შეეხება კონტრაქტის გაწყვეტას, კომპანია „სითი პარკი“ ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას პირნათლად. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი და საფუძველი, რომ მოხდეს კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტა. პლუს ამას, გავიხსენებდით რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულ დასკვნას „ერნსტ ენდ იანგის“, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით შესრულდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტისა, ვინაიდან კომპანია ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას“.

ლევან ტაბიძე ამბობს, რომ კომპანიას არასდროს ჰქონია მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების მოწყობის ვალდებულება და კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს პირნათლად ასრულებს, კერძოდ, ახორციელებს ავტომანქანების პარკირების ოპერირებას და დარღვევების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას. ოპერირების გარდა, კომპანია, ლევან ტაბიძის თანახმად, ასევე ვალდებულია მერიის მიერ მითითებულ ტერიტორიებზე მოხაზოს პარკირების ადგილები და დაამონტაჟოს საგზაო ნიშნები.

კონტრაქტს, „სითი პარკის“ ოპონენტების გარდა, კაბალურად მიიჩნევს ეკონომიკური ექსპერტი იოსებ არჩვაძეც, თუმცა იგი კონტრაქტისა და, შესაბამისად, სახელმწიფოს პრესტიჟის შენარჩუნების მომხრეა:

“ხელშეკრულება, რომელიც არის დადებული, თუ სახელმწიფო თავის თავს პატივს სცემს, ის უნდა შეასრულოს. „თავს სინანული სჯობია, ბოლოჟამს დანანებასაო“, ნათქვამია, „ხვნაში პირობა სჯობია, მკაში პირობასო“. ქართული მჭევრმეტყველება და ფოლკლორი გვასწავლის წინდახედულობას და ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ კომპანიას რეპუტაციაზე შავი პიარი გავუკეთოთ. ამის უფლება ნამდვილად აქვთ, მორალურიც და იურიდიულიც“, ამბობს იოსებ არჩვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ვალდებულება სამოქალაქო სექტორმა უნდა იტვირთოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG