Accessibility links

logo-print

საგანმანათლებლო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კოალიციას ქმნიან და სკოლის დირექტორთა არჩევის წესს აპროტესტებენ. ისინი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ აგვისტოს ბოლოს ჩატარებულ სკოლის დირექტორთა გასაუბრებას და 5 სექტემბერს სკოლებში გამართულ არჩევნებს ეხმიანებიან და ამბობენ, რომ ზოგადი განათლების კანონში წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადებულ მანკიერ დებულებას განათლების მინისტრი სკოლებში ავტორიტარიზმის დასამყარებლად იყენებს.

38 წლის ქეთევან სეფიაშვილმა, ფიზიკის პედაგოგმა, სკოლის დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდები შარშან წარმატებით ჩააბარა, 92 ქულა დააგროვა და ის სკოლებიც შეარჩია, სადაც სამეურვეო საბჭოებს მისი კანდიდატურა უნდა განეხილათ და, მოწონების შემთხვევაში, ექვსი წლის ვადით აერჩიათ. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აგვისტოს მეორე ნახევარში აამოქმედა ჯერ კიდევ 2011 წელს მიღებული ცვლილება სკოლის დირექტორად არჩევის წესის შესახებ და ნაცვლად იმისა, რომ სკოლების სამეურვეო საბჭოებს პირდაპირ აერჩიათ დირექტორები, კანდიდატებს კიდევ ერთი ბარიერის გადალახვა - სამინისტროში არსებულ სპეციალურ კომისიასთან გასაუბრება - მოუწიათ. ქეთევან სეფიაშვილის მოლოდინი დირექტორად არჩევის თაობაზე სწორედ იქ დასრულდა. კომისიამ სკოლის განვითარების სტრატეგიის მისეული ხედვა არ მოიწონა: „ხედვა არც კი ამომაღებინეს ჩანთიდან. დღემდე ჩანთაში მიდევს, „ფლეშკაზე“ ჩაწერილი. მქონდა ზოგადი ხედვაც, სკოლის სტრატეგიული განვითარებისა და ასევე, კონკრეტულად, 52-ე სკოლის განვითარების გეგმაც. ჩვეულებრივი გასაუბრება იყო. გამოცდილება მკითხეს, სად მიმუშავია აქამდე. ისეთი განსაკუთრებული არაფერი უკითხავთ. გასაუბრება გაიმართა 27 აგვისტოს, 29 აგვისტოს კი გამოქვეყნდა სია, რომელშიც არ აღმოვჩნდი“, - ჰყვება ქეთევან სეფიაშვილი.

სამინისტროს არ გაუკეთებია არანაირი დოკუმენტი შეფასებისა, რომლითაც ისარგებლებდა კომისია და ობიექტურს და გამჭვირვალეს გახდიდა გასაუბრების პროცესს...

ქეთევანის მსგავსად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებულმა კომისიამ კიდევ სხვა 90-მდე სერტიფიცირებული დირექტორი დაიწუნა და, შედეგად, თბილისში 331 სერტიფიცირებული პირიდან სამინისტრომ სკოლებში 254 კანდიდატი წარადგინა. ამან კი კიდევ ერთი პრობლემა წარმოქმნა: სამინისტრომ თბილისში არსებული საჯარო სკოლების 60 %-ს დირექტორთა უალტერნატივო, ანუ თითო კანდიდატი შესთავაზა. კიდევ 26 სკოლაში სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატები არ მოიწონა. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კანონით დადგენილი დისკრეციის უფლება გამოიყენა და იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოებმა დირექტორები ვერ აირჩიეს, მან თავად დანიშნა დირექტორები, მათ შორის, სამეურვეო საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატებიც.

სწორედ ეს ფაქტორები გახდა მიზეზი იმისა, რომ 11 სექტემბერს საქართველოში მოქმედი განათლების საკითხებზე მომუშავე 18 არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა, შეიქმნა კოალიცია და მათი სახელით კოალიციის თანათავმჯდომარემ, განათლების ლიდერთა ლიგის წარმომადგენელმა მარიამ რამინაშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, სამინისტრო უხეშად არღვევს სისტემის მართვის დემოკრტიულ პრინციპებს და მინისტრის მიერ დირექტორთა დანიშვნის ერთპიროვნული გადაწყვეტილება არაერთი ეჭვის საფუძველს იძლევა. ის ასევე ეჭვქვეშ აყენებს იმ კომისიების ობიექტურობას, რომლებთანაც აგვისტოს მიწურულს სერტიფიცირებულმა დირექტორებმა გაიარეს გასაუბრება: „სამინისტროს არ გაუკეთებია არანაირი დოკუმენტი შეფასებისა, რომლითაც ისარგებლებდა კომისია და ობიექტურს და გამჭვირვალეს გახდიდა გასაუბრების პროცესს“, - ამბობს მარიამ რამინაშვილი.

პროცესი წარიმართა კანონის სრული დაცვით და კანდიდატების მიერ წარდგენილი სკოლების განვითარების სტრატეგიულ ხედვას პროფესიონალებით დაკომპლექტებული ხუთი კომისია აფასებდა...

შალვა ტაბატაძე, სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ხელმძღვანელი და ექსპერტი განათლების საკითხებში, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო სერტიფიცირებული დირექტორების კანდიდატებთან დამატებითი გასაუბრების ჩატარება და ამ გზით კანდიდატების გადარჩევა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც, მისი თქმით, ისედაც მწირი იყო სერტიფიცირებული დირექტორების რაოდენობა. სწორედ ამიტომ თბილისში არსებული 174 სკოლიდან 95 სკოლას თითო კანდიდატი წარედგინა: „საეჭვო იყო თითო-თითო კანდიდატების წარდგენა. იგივე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, იგივე 53-ე სკოლაში, სადაც დირექტორობის მსურველების რაოდენობა იყო ხუთი და ექვსი. და როცა ასეთ დროს წარადგენ მხოლოდ ერთ კანდიდატს და სამეურვეო საბჭოს არჩევანის უფლებას არ აძლევ, ეს, რა თქმა უნდა, ეჭვებს ბადებს, რომ აქ იყო კონკრეტული ინტერესი ჩადებული“, -ამბობს შალვა ტაბატაძე.

„პროცესი წარიმართა კანონის სრული დაცვით და კანდიდატების მიერ წარდგენილი სკოლების განვითარების სტრატეგიულ ხედვას პროფესიონალებით დაკომპლექტებული ხუთი კომისია აფასებდა“, - ასე უთხრა რადიო თავისუფლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატა ასათიანმა. სწორედ ამიტომ, მას გაუმართლებლად მიაჩნია ის პრეტენზიები, რომლებიც კომისიების მიმართ აქვთ როგორც დაწუნებულ კანდიდატებს, ისე განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს: „თითოეულ კანდიდატს ჩვენ ვთავაზობდით თავიანთი გასაუბრების ვიდეოჩაწერას და თუკი მათ აქვთ პრეტენზია კომისიის წინაშე, მათ შეუძლიათ გაასაჯაროონ თავიანთი გამოსვლა და ნათელი გახადონ საზოგადოებისთვის დავის საგანი“, - ამბობს ნატა ასათიანი.

თავის მხრივ, განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არ მისცეს საშუალება განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძეს, სკოლის დირექტორთა კონკურსი ნეპოტისტური მისწრაფებების ასპარეზად აქციოს. გარდა ამისა, კოალიცია უახლოეს მომავალში მიმართავს პარლამენტს ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანომ ამოიღოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის 42-ე მუხლის მე-6 თავი, რომელიც გულისხმობს სამინისტროს მიერ სკოლის დირექტორის სამეურვეო საბჭოს გვერდის ავლით დანიშვნას, რადგან, მათი აზრით, ეს მუხლი აკნინებს სკოლის ავტონომიას.

XS
SM
MD
LG