Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამქრალი გოგოები“


ავტორი: სალომე ჩოხელი

არსებობასა და არარსებობას შორის გადებულ ბეწვის ხიდზე სიარული არ შეიძლება, ეს პატარა გოგოებისთვის აკრძალული ტერიტორიაა, მაგრამ პატარა გოგოებსაც ხომ ზუსტად ეს უყვართ - აკრძალული, საშიში, მიუწვდომელი რაღაცეები. პატარა მამაც გოგოებს, რომლებსაც საბოლოოდ როგორც წესი მაინც აჯერებენ, რომ მათი ცხოვრება ბეწვის ხიდის დასაწყისში მთავრდება და ფრთხილად უკეტავენ გალიის კარს. ისინიც იზრდებიან და ყველაფრის ფრაგმენტებად აღქმას იწყებენ, გისოსებიდან ყურებით ნასწავლი ცხოვრებით , ნაპირზე გამორიყული მედუზებივით დნებიან ქვებზე.

მეც დამდნარი, მასკულინური დღეების სიჭრელეში ჩაკარგული გოგოების ქვეყნიდან ვარ, სახელებ და ამბებ დაკარგული, სუსტი სქესის ქვეყნიდან.

პატარა რომ ვიყავი მახსოვს როგორ ცდილობდა გარშემო ყველა მეც იმ საძაგელ გალიაში გამოვეკეტე, როგორ ქრებოდნენ ჩემი მეგობრები, როგორ უხუდნებოდათ თმა, რა სხვანაირი ხდებოდა მათი ღიმილი, როგორი მოკრძალება ჩნდებოდა თითოეულ ნაბიჯში, თავშეკავებულობა, როგორ აღარ მომყვებოდნენ სათამაშოდ ტყეში, როგორ აღარ ვკითხულობდით ერთად პეპის.

მახსოვს როგორ იცვლებოდა ყველაფერი ჩემს ირგვლივ, მე კი, ვერაფრით გამეგო სად იკარგებოდნენ ჩემი მამაცი გოგოები, სად ქრებოდა მათი ცნობისმოყვარეობა ან როდის დაუპატარავდათ ეს უზარმაზარი სამყარო.

ისინი მშორდებოდნენ, მე მივსდევდი, მაგრამ ვერ დავეწიე,თითქმის ყველამ შემასწრო გალიაში და თოლია ჯონათან ლივინგსტონივით სულ მარტო დავრჩი ბავშვობის ცაზე.

შტაბი გვქონდა იქვე, ტყის მარჯვენა მხარეს. ვისხედით ხოლმე და ბევრს ვოცნებობდით. ზოგს ჯარისკაცობა უნდოდა, ზოგს ტყეში საცხოვრებლად გადასვლა, ზოგს ექიმობა, ზოგს კოსმონავტობა, ზოგს მასწავლებლობა, ზოგს პოლიციელობაც ან ყველაფერი ერთად, ზოგს პეპი უნდოდა გამოსულიყო. ვიცინოდით, ვხუმრობდით, ვკითხულობდით, საკუთარ წარმოდგენებში ახალ სამყაროს ვქმნიდით ემოციებით სავსე, ხშირად სახიფათო გზებით დაქსაქსულ საინტერესო სამყაროს და ჯერ არ ვიცოდით, რომ წარმოდგენები განძივით უნდა გადაგვემალა, იმიტომ, რომ ნამდვილ სამყაროს ჩვენ, ოცნებებით, მიზნებით, სურვილებით, ძლიერები და გამბედავები, არ ვჭირდებოდით.

არ მახსოვს როდის დაიწყო ყველაფერი. ერთხელაც ლილიას სახლთან დიდი ქვის გალავანი დამხვდა, დიდხანს ვაბრახუნე ჭიშკარზე პატარა ხელებით, მტკიოდა და მაინც არ ვჩერდებოდი, ბოლოს გამიღეს, მითხრეს, რომ ლილია ახლა სხვა საქმეებით იქნებოდა დაკავებული და გამაფრთხილეს აღარ შემეწუხებინა. მერე კარი ცხვირწინ მომიხურეს.

ჩამოვჯექი, დიდი მორებისგან აწყობილ კარზე დარტყმისგან დასისხლიანებულ პატარა ხელებს დავხედე და ბრაზი ვიგრძენი, აუხსნელი, უსახელო, ინსტიქტური და მივხვდი, ეს სისხლი უნდა შემყვარებოდა, ჩემი პატარა ხელების ტკივილი უნდა შემყვარებოდა, იმიტომ რომ ქუჩის გაყოლებაზე ყველა სახლის გალავანში ჩასმა მოესწროთ და წინ ბევრი დაკეტილი კარი მელოდა, სადაც ლილიასავით ჩემი სხვა მეგობრები ჰყავდათ გამომწყვდეული და მორჩილებას აჩვევდნენ, ფიქრებს ჰპარავდნენ, ოცნებებს საკუჭნაოში მიყრილ ნივთებთან უკეტავდნენ და მხოლოდ ხანდახან უღებდნენ გალიებს, უჰაერობისგან რომ არ გაეგუდათ ბავშვები ვისი დაბადებაც არავის გახარებია, პატრონს ჩასაბარებელი, დაუბინავებელი გოგოები.

ხუთნი ვიყავით, ანაბელმა გამოპარვა მოახერხა, ლილიაზე მოგიყევით უკვე, დანარჩენი ორი კი, მხოლოდ მაშინ ვნახე როცა სახლებთან ხელის სათხოვნელად მოსულ უცნობ ადამიანებს მიჰყვებოდნენ ჩემთვის უცნობ სამყაროში.

ვიჯექი და ლილიაზე ვფიქრობდი, ლამაზ და მოუსვენარ გოგოზე, რომელიც ჩვენ შორის ყველაზე სწრაფად დარბოდა, ყველაზე უკეთ ხედავდა, სიბნელეშიც კი. ყველაზე მეტს კითხულობდა და ყველაფერზე ჰქონდა პასუხი. დიდხანს იყურებოდა ხოლმე ცაში და ვერ გადაეწყვიტა კოსმონავტი რომ გახდებოდა, რომელი პლანეტით დაეწყო მოგზაურობა ჯადოსნურ გალაკტიკაში.

ლილია ახლა სხვა საქმეებით იქნებოდა დაკავებული, ლილიას ახლა სახლის საქმეების კეთებას ასწავლიდნენ. მისი პირველი პლანეტა სამზარეულო აღმოჩნდა, მეორე სამრეცხაო, მესამე აღარ ვიცი.

ერთ ღამეს გალავანთან ხვრელი გავთხარე და შევიპარე. ვერ ვიცანი, თვალებში ჩემი ლილია მოუკვდა და აღარ ვიცოდი მისთვის რა მეთქვა, კოსმონავტობაზე ვკითხე მხოლოდ და გაეცინა, დროა შენც გაიზარდოო მიპასუხა და მე მეწყინა, მიტოვებული კოსმოსი, ჩამოშვებული ხელები, მორჩილება მეწყინა და წამოვედი.

შემდეგი კესი იყო. მამამისმა დედამისი მაშინ დატოვა, როცა პატარა ბავშვით ხელში, გამოყინულ სახლში მუხლებზე იდგა და ბოდიშს უხდიდა, რომ ბიჭი ვერ გაუჩინა. გაბრაზებულმა მამამ კარი გაიჯახუნა და ალბათ მაშინ ჩამოინგრა პირველად ცა კესის თავზე. დედა ცუდად გახდა, მხოლოდ რამდენიმე დღე გაუძლო ცხოვრებას, მერე თვალები დახუჭა და კესის ბაბუამ და ბებიამ მიაკითხეს, ჩვენს ქუჩაზე მოიყვანეს დროებით, გათხოვებამდე.

კესის ექიმობა უნდოდა, პატარა გოგოების დედები რომ გადაერჩინა. სანამ მასაც გამოკეტავდნენ უთქვამთ დროა სულელურ ოცნებებს მოეშვაო და რამდენიმე დღეში ვიღაც კაცს გააყოლეს ცოლად. თავისნაირი პატარა გოგო გააჩინა, ქმარს ბიჭი უნდოდა, გაუბრაზდა და მეორედ ჩამოანგრია ცა კესის თავზე. დედამისივით რამდენიმე დღე გაუძლო, მერე თვალები დახუჭა. მეტი არაფერი ვიცი.

ალექსანდრას დედა პიანისტი იყო, ვივალდის „ოთხი სეზონი“ უყვარდა თურმე და კონსერვატორია რომ დაამთავრა ოთხ სეზონში მშობლებმა გაათხოვეს, ჩვენ უკვე მოვხუცდით და უპატრონოდ ხომ არ იქნებიო. ქმარმა ვერასდროს შეიყვარა ვერც ის და ვერც ალექსანდრა, უვლიდა ორივეს, მაგრამ არ უყვარდა, სახლშიც იშვიათად იყო, მერე მოხუცდა და ალექსანდრა გაათხოვა, ერთით ნაკლები საზრუნავი რომ დაეტოვებინა.

ალექსანდრას დიდი ლურჯი თვალები, რაპუნცელივით გრძელი თმა და დედამისივით თხელი თითები ჰქონდა, რომ შეხედავდი ნამდვილი ფერია გეგონებოდა. ჯარისკაცობა უნდოდა, ამბობდა ამ ცხოვრებაში ერთადერთი რისი კეთებაც ღირს ბრძოლააო. დედამისზე არასდროს ლაპარაკობდა, მშიშარააო ერთხელ თქვა, საკუთარი ოცნებები ვერ დაიცვაო ამბობდა.

ალექსანდრა ახალ სახლში ბნელ ოთახში გამოკეტეს და მხოლოდ მაშინ უშვებდნენ, როცა საჭმლის გაკეთების დრო მოდიოდა. მესამე დღეს ქმარმა ცემა და ალექსანდრამ ადუღებული წყალი გადაასხა. დაიჭირეს, სასამართლოში უთქვამს მე არავის ვეკუთვნი საკუთარი თავის გარდაო და მთელი ერთი წელი ლაპარაკობდნენ თურმე ქალაქში შერცხვენილ ქალზე, ლაქაზე- ოჯახის თეთრი ზეწარივით რეპუტაციას რომ დაამჩნია.

ალექსანდრას ფრთები მაინც ვერ მოაჭრეს, როგორც ჩანს ბრძოლა გადაწყვიტა და ციხიდან გაქცევისას ესროლეს, ადგილზე მოკვდა.

მეოთხე ანაბელი იყო. მაღალი, გრძელი გიშრისფერი თმით, სიამის კატის მწვანე თვალებით, მუდამ მოუხელთებელი, ოდნავ დეპრესიული, მსუბუქი სიგიჟის ელემენტებით, სევდიანი გამოხედვით და მსოფლიოში ნაპოვნი ყველაზე ლამაზი ღიმილით.

ანაბელიც გამოკეტეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა და დიდიხნის შემდეგ ერთ უცნაურ ზღვისპირა ქალაქში შევხვდით ერთმანეთს. რომ ვკითხე საიდან ჩამოხვედითქო, ალუბლების ქალაქიდანო მიპასუხა და ორი დღე მიყვებოდა მარწყვის ნაყინებიან ტროტუარებზე, ფორთხოლის ლიმონათის მდინარეებზე, ბედნიერ ადამიანებზე, სახლებზე სადაც არავის აქვს საათი, გაჩერებულ დროზე და ხელებით დაჭერილ უსასრულობაზე. მითხრა სადაც მე ვიყავი იქ არცერთ ღრუბლიდან გადმოვარდნილ წვეთს არ ენატრება დედა იმიტომ რომ მსუქანი , სიხარულით გაბერილი დედამიწა წვეთებს აგროვებს და ცაში აბრუნებსო. ვკითხე რატომ წამოხვედითქო, ქუთუთოები დამეღალა, თვალები გავახილე და ციცინათელები დამეკარგნენო. მეც აღარ გამიგრძელებია. რამდენიმე საათი ჩუმად ვისხედით, მერე გამომხედა და მკითხა ჩვენც ხომ კარგად ვიცით ადამიანი სხეულში გამომწყვდეული სიყვარულისგან გალურჯებული სამყაროა რომელსაც ასლს ვერასდროს უპოვი და მაინც რატომ ვეძებთ ჯიუტად სხვებში საკუთარი თავის ნამსხვრევებსო. პასუხი არ ვიცოდი, არც მჭირდებოდა, ანაბელის მონოლოგში მე ისეთივე რეალური ვიყავი როგორც წვერებიანი ღმერთი ღრუბლებში.

ვისხედით ასე და შუალედებში ალბათ ვცხოვრობდით. ბოლოს ბარში ვნახე. რატომღაც ლაპარაკი არ მოინდომა, ერთი ის მითხრა ჩემს საპნის ბუშტივით გახეთქილ ოცნებებზე ვფიქრობ და ვცდილობ გავიხსენო პირველად როდის დავუშვი შეცდომაო. დავიბენი და მხოლოდ ის მოვახერხე ცაში ბავშვობის სათამაშოებივით მიყრილი ვარსკვლავებისკენ გაეხედა. თმა გაიშალა, გაიღიმა, მშვიდად წამოდგა , უხეში გარეგნობის მამაკაცს მიუახლოვდა, მის დანახვაზე უცნობი დაიბნა მაგრამ მაინც თავაზიანად შესთავაზა სკამი.დიდხანს ვუყურებდი მოთამაშე შუქებით განათებულ მაგიდებს შორის, ჩემს ერთადერთ გადარჩენილ მამაც გოგოს. ბარმენმა მაილსი ჩართო, მამაკაცი იღიმოდა.. მერე ორივე წამოდგნენ, შესასვლელთან ხალხი ირეოდა და სანამ უცნობი ქურთუკის ძებნაში იყო გართული, ანაბელი სიბნელეში გაუჩინარდა.

ნაპირზე ამოსასუნთქად გამოსული ტალღასავით გაქრა, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს ვიცი ოდესმე ტკივილი ძალას დაკარგავს და ისევ ისე შეძლებს გაღიმებას, თმაშიც ბედნიერებისფრად გაეშლება საკურას ყვავილები. მე კი, ყოველ გაზაფხულზე მის სუნს გამოღებულ ფანჯრებთან მეზღვაურის ცოლის ერთგულებით დაველოდები.

***

მე ისინი ჩვენს შტაბთან ახლოს, გამქრალი გოგოების სასაფლაოზე დავასაფლავე. ფრთებმოჭრილი, ოცნებებწართმეული, ჩემი ბავშვობის მამაცი გოგოები.

არ მიტირია, პატარა ზურგჩანთას ხელი მოვკიდე და წამოვედი, ჰორიზონტისკენ, ბეწვის ხიდების გზაჯვარედინისკენ.

თავიდან რთული იყო, წონასწორობის დაცვა მიჭირდა, ფეხქვეშ გალავნებიანი სახლები მაშინებდა, მაგრამ წინ ოქროს უსასრულობას ვხედავდი, ჩემი მეგობრების ოცნებებით განათებულს და არცერთხელ მიმიხედავს უკან.

ხიდებზე სიარულით გავიზარდე. მერე ჩემით მივხვდი, პირველი ნაბიჯის შემდეგ უკან ვეღარ დაბრუნდები და ვერც ვერსად მიხვალ, სიარულია მთელი ცხოვრება, ეს საშიში და მიმზიდველი ხიდებია ყველაფერი, რისთვისაც სუნთქავ და სულაც არ ნიშნავს არაფერს ნამდვილ სამყაროს რომ არ უნდიხარ, მთავარი შენი ლამაზი ოცნებებია.

ხიდებზე სიარულით ვისწავლე, რომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რამდენი ჭაღარაც უნდა გამომერიოს თმაში, მე სულ დავრჩები გოგოდ, რომელსაც ბევრი ეტყვის, რომ სისულელეა მისი ფიქრები, რომ მიუღწეველია მიზნები, რომ დროა გაიზარდოს, მაგრამ მთავარია ყველა იმ პატარა, მამაც ბავშვს გავუფრთხილდეთ, ყველაფერი რომ აინტერესებდა, ბევრს რომ დარბოდა, ომობანასაც თამაშობდა, წიგნებსაც კითხულობდა, კითხვებსაც სვამდა და ბევრსაც ოცნებობდა.

შენც გეტყვიან, რომ არსებობასა და არარსებობას შორის გადებულ ბეწვის ხიდზე სიარული არ შეიძლება, ეს პატარა გოგოებისთვის აკრძალული ტერიტორიაა და როცა გარშემო გალავნის შენებას დაიწყებენ, სულ გახსოვდეს, რომ მამაცი გოგოები გალიებში არ უნდა ცხოვრობდნენ, არსად, არასდროს. ახალი სამყარო შენი ასაშენებელია და დიდიხანია უკვე გელოდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG