Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განუკითხაობა აჭარის პლაჟებზე


ავტორი: მაია გერაძე

დილის 8 საათამდე თუ მიასწრებთ, თორემ მერე გონიოს სანაპირო ზუსტად ასე გამოიყურება:

ცარიელი შეზლონგების უსასრულო მწკრივი ზუსტად იქ იწყება, სადამდეც ტალღა ამოდის. შეზლონგებს შორის 15-20 სმ სიგანის გასასვლელებია დატოვებული და ზღვაზე ჩასასვლელად გვერდულად უნდა გაძვრეთ (სხეულის ფორმების მიხედვით). მაგრამ თუ გაკადნიერდით და ზღვიდან ამოსულს, პლაჟზე წამოკოტრიალება და ზღვის ყურება მოგინდათ ან, კიდევ „უარესი“, გინდათ დაჯდეთ და ზღვაში მოთამაშე თქვენს შვილს უყუროთ, მაშინ ?

სწორია – 3 ლარი!

თუ არა, მაშინ ან რომელიმე დამსვენებლის ფეხებს უყურებთ ან, უკეთეს შემთხვევაში, ცარიელ შეზლონგს. აბა, გაბედეთ და ცარიელი შეზლონგის გადაადგილება სცადეთ – დიდ აყალ-მაყალს ვერ ასცდებით, რისთვისაც ნამდვილად არ ხართ განწყობილი, რამდენიმე დღით ზღვაზე ჩასული.

თუმცა, ჩვენ მაინც გავბედეთ და ჩვენთვის სამყოფი ადგილი მოვითავისუფლეთ (საწყალ სომეხ ტურისტებს თურმე სულ კუდით ქვა ასროლინეს).

აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი: შეზლონგები რამდენიმე ადგილობრივ მკვიდრს ეკუთვნის, მათ შორის ერთი ქალი გახლავთ:

„მითხარი, ნენა, თუ არ გაქვს ფული, მთხოვე ადამიანურად და ისე დაგაწვენ!“

როგორ მოგწონთ?

საქმე ის არის, რომ პირველ დღეს ზღვაზე გასულებმა, სიტყვით რომ ვერას გავხდით, შეზლონგები მართლაც ვიქირავეთ. მეორე დილით, დავინახეთ თუ არა, რომ ცარიელი შეზლონგების რიგი ეწყობოდა, იმ ადგილს ორი ასეული მეტრით მაინც მოვშორდით, იქით გადავინაცვლეთ, სადაც გონიო თითქმის მთავრდება, ყოველ შემთხვევაში, პლაჟისპირა სახლების ზოლი.

მოგვიახლოვდნენ, დაგვიფარეს ზღვა და აგრძელებენ...

ჯერ ადამიანურად ვუხსნით, რომ ამის უფლება არ აქვთ, რომ ეს უკანონობა და სანაპირო ზოლის მისაკუთრებაა.

კაცი დარწმუნებულია, რომ ტენდერი აქვს მოგებული და „ამ ადგილში“ 200 ლარამდე გადახდილი იჯარა უფლებას აძლევს, სანაპირო ზოლი ისე გამოიყენოს, როგორც მოესურვება.

უკვე აღარ ვიცი, რა ვუპასუხო, როცა კაცი გულუბრყვილო სახით მეუბნება:

„რა ვქნა, ქალბატონო, რომ არ დავდგა, მერე ისე დაწვები და...“

კიდევ ერთხელ გახსენებთ: საუბარია პლაჟზე, ზღვისპირა კურორტზე, მეგობრებო, და ერთი ადამიანი მეორეს ეუბნება, ზღვაზე ისე ხომ ვერ წამოგაწვენ, ფული რომ არ გადაგახდევინოო.

პოლიციის გამოძახება გვიწევს. პოლიციას ვუხსნი, რომ თბილისიდან ზღვაზე ჩამოსულს, ერთადერთი მოთხოვნა მაქვს: ზღვასთან ახლოს დაწოლა და ზღვის ყურება მინდა ცარიელი შეზლონგის გარეშე. ეს არის და ეს (გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი სასტუმრო „მგზავრების“ წინა ტერიტორიიდან მოშორებით ხდება, სასტუმროების წინ მდებარე პლაჟები აბსოლუტურად ხელშეუხებელია და ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა).

„ბიჭო, შენ სტუმრის და დამსვენებლის პატივისცემა არ იცი? მიეცი ამ ხალხს უფასოდ მაი სკამები და ცხელ ყავაზეც დაპატიჟე კიდო!“ – „აგვარებს“ საქმეს გონიო-კვარიათის პოლიცია და ხელს მაწერინებს, რომ „ადგილზე გამეწია დახმარება“?!

მესამე დილა – იგივე. ისევ ვრეკავ პოლიციაში, მოსვლით მოვალთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ კონფლიქტზე რეაგირების უფლება გვაქვს, მაგ პრობლემას ჩვენ ვერ მოვაგვარებთო.

კარგი, ბატონო!

იჯარის ხელშეკრულებას ვითხოვ, მოიტანეს.

შავით თეთრზე წერია, რომ მხარეს 50 კვადრატული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვს აღებული იჯარით, თუ არ ვცდები, სანაპირო ზოლში. სრულიად უშედეგოა ახსნა-განმარტება, რომ ის ადგილი, სადაც მათ შეზლონგები უწყვიათ, ვერაფრით იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწა.

ყვირილი, წივილი...

გადავწყვიტე, სანამ ბულვარის ადმინისტრაციას დავუკავშირდები, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციაში შევიარო, იქნებ ამ ხალხს ვინმემ არასწორად განუმარტა კონტრაქტის პირობები, შეცდომაში შეიყვანა და მეც ტყუილად ვეჩხუბები, ძაღლის თავი კი სულ სხვაგანაა დამარხული.

მერის ახალგაზრდა მოადგილე, ქალბატონი ნათია ძნელაძე მართლაც გულისყურით მისმენს, მე მართლაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ჩემს სატკივარს იზიარებს და არავის უფლებებისა და მოვალეობის შეხსენება არ სჭირდება.

„იმ ხელშეკრულებაში მათივე ბუნგალოების მიმდებარე 50 კვადრატულ მეტრზეა საუბარი, ნაპირის მისაკუთრების უფლება მათთვის არავის მიუცია“, მიხსნის და სათანადო რეაგირებას მპირდება.

მეორე დღეს?

სწორია! – იგივე.

უკვე თბილისში ჩამოსული ვიგებ, რომ გონიოს პლაჟი სულაც არაა გამონაკლისი. იგივე ხდება აჭარის სხვა პლაჟებზეც და არც პირველი წელი არაა, რაც ქართველი ცხვარი ამას იტანს (თუ მამაჩემს დავუჯერებთ, რომელიც თბილისს ზღვას სტუმრობს დილაობით, აქაც დაახლოებით იგივე ხდება, თუმცა ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს).

დიახ, დიახ, ცხვარი, იმიტომ რომ იმ გარუჯულ დამსვენებლებს, სეირის საყურებლად რომ შეგროვდნენ, შეიძლება თვითონ ვერ ხედავენ მაგრამ, ცხვრის თავები ადგათ და როცა შეეკითხები, თქვენ არ გაწუხებთ ან არ გეხებათ ეს ამბავიო, სულ „მეე-მეეს“ ზმუილით გარბიან იქიდან.

ცალკე დითირამბებს იმსახურებს შავსათვალიანი, ღიპგადმოგდებული და რქებჩაგრეხილი ქართველი ცხვარი, რომელიც საქმის მცოდნის იერით დაგარიგებს: სირცხვილია, უხერხულია, სტუმრები ვართ მაინცო...

იქნებ თქვენ, ვინც საკუთარ ქვეყანაში სტუმრად არ თვლის თავს და მიაჩნია, რომ ხე არ უნდა მოიჭრას, კორპუსი არ უნდა ჩაიდგას, შეზლონგი არ უნდა დაიდგას იქ, სადაც ერთი ადამიანი ჯიბეს ისქელებს მეორის უფლების გათელვით, გამომეხმაუროთ, მომაწოდოთ თქვენი ან ზღვაზე მყოფი თქვენი ახლობლების მიერ გადაღებული ფოტომასალა და ერთად მივხედოთ ამ უმსგავსობას?

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG