Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქველმოქმედება? ვის ვეხმარები?!


ავტორი: ანა ვაშაყმაძე

ალბათ ყველას შეგინიშნავთ სატრანსპორტო საშუალებებში პატარა ყუთებით მოსიარულე ხალხი. ყუთზე უმეტესად ბავშვის სურათებია მიწებებული, რომლებიც გადასხმებში არიან გახლართულები, ცხვირზე სასუნთქი საშუალება აქვთ მიმაგრებული, თვალებით კი შველას გთხოვენ. რამდენიმე თეთრს გთხოვენ, იმისათვის, რომ ხვალ ერთხელ მეტჯერ ჩაისუნთქონ და ამოისუნთქონ. ადამიანების ქველმოქმედებას საზღვარი არა აქვს, ქველმოქმედების ჩადენის სურვილს კი მითუმეტეს. მსურს დავეხმარო ყველას ვისაც უჭირს. არ მინდა ბავშვს ტკიოდეს მუცელი და ამის გამო ტიროდეს. არ მიყვარს მეტროში ჩასვლა, არ მინდა გავიარო გადასასვლელ ხაზზე, არ მინდა გავიარო ხელგამოშვერილი ადამიანების დერეფანში და კიდევ ერთხელ ვიგრძნო თუ რა გაუმაძღარი ვარ, რომ ჩემ მოთხოვნებსა და სურვილებს საზღვარი არა აქვს და კიდევ ერთხელ გამიაროს ზიზღის მაგვარმა გრძნობამ გულსა და ტვინში ერთდროულად. მომინდეს აი, იმ ჯინსის გახდა, რომლის შერჩევას მთელი ჩემი ენერგია, დრო და ფული შევალიე.იმ ტელეფონის გადაგდება, რომელიც ხელში მიჭირავს და გმირულად მემსახურება, არა და ჩემი ტელეფონის საფასურით ეს ადამიანები ცოტა ხნით მაინც არ იგრძნობდნენ, რომ შიათ და ცივათ. იგრძნობენ რომ ისინი არიან ადამიანები და არა არსებები, რომლებიც მთელი დღე სხედან ხელგამოშვერილი და ცდილობენ იმდენი მაინც იშოვონ, რომ მშიერი კუჭით არ დაიძინონ, გაუგონ გემო თბილ პურს და იმ დროს მაინც იგრძნონ ცხოვრებისგან მინიჭებული სიამოვნების გემო.

პატარა ყუთებით მოსიარულე ხალხი გამოჩენის დღიდან ნდობით სარგებლობდა, დროის გასვლასთან ერთად კი ნდობის მაჩვენებელი ნელ ნელა იკლებს. ჩემში კი სრულიად გაქრა. როგორ უნდა ვენდო ადამიანს, რომელიც დგას ყუთით ხელში და სასმელის სუნი ასდის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ინფორმაციის მიღების ერთ–ერთი საუკეთესო საშუალებაა. ერთხელ მაინც დაინახავთ ყუთით ამოსულ ადამიანს, რომელსაც მეორე ხელში პოლიეთილენის პარკი უჭირავს, რათა ჩასვლისთანავე ყუთი მასში მოათავსოს და დამალოს. დიახ, დამალოს. ქველმოქმედება როდის მერე იკრძალება ჩვენ ქვეყანაში?! ან არის კი ამ მხრივ გაცემული თანხა ქველმოქმედება? არ ვარ დარწმუნებული, რომ თანხა, რომელსაც იმ პატარა ყუთში ჩავაგდებ, იმავე ყუთზე გამოსახული ბავშვის დასახმარებლად დაიხარჯება.

იცით რას მოხმარდება ჩემი თანხა? აი, იმ შავგვრემანი ქალის ფერუმარილის ყიდვას, ფულის ჩაყრის იმედით რომ ამოვიდა ავტობუსში, თან თავის პარტნიორს დაუძახა ცოტას ვიშოვი და დავბრუნდებიო. სწრაფად მოთავსდა ავტობუსის უკანა სკამზე. ყუთზე ჩანთიდან ამოღებული დიდი სარკე და კომპაქტური პუდრი მოათავსა და ნელ ნელა შავი სახე სულ გაიშავა. პუდრი პომადამ შეცვალა, პომადა თვალის ტუშმა. ქალმა მაკიაჟი გაიკეთა, ბუსუსებიან ვარდისფერ სვიტრზე ბრჭყვიალა შარფი მოიხვია, ყუთი აიღო და დაკისრებული მოვალეობის შესრულება დაიწყო. ნელ ნელა წინ მიიწევდა, თხოვნითა და მუდარით. სასაცილოა ან უფრო სატირალი. ვის ვუყრი ფულს? ნასვამ მამაკაცს, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გაიგონებს ყუთში ჩაგდებული ხურდის ხმას. ქალს, რომელიც ქველმოქმედების მისაღებად ზის, მაკიაჟს იკეთებს, პარტნიორს ჰპირდება, რომ ფულს იშოვის, თუ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს, რომლებიც მთელი ხმით ყვირიან, რომ აი იმ ბავშვს დახმარება სჭირდება და თუ ფულს ჩააგდებენ ღმერთი მას დალოცავს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ხანდახან მგონია, დამღლელი დღის შემდეგ ერთად შეიკრიბებიან და დაითვლიან შემოსავალს. გაიყოფენ ან არ გაიყოფენ, ყველა იმას დასჯერდება რაც მიიღო და სახლებისკენ წავლენ, ან გზად მაღაზიაში შეივლიან, სიგარეტს იყიდიან, დახლიდან არყის ბოთლსაც ჩამოიღებენ და მოემზადებიან შემდეგი დამღლელი დღისთვის იმის იმედად, რომ აი იმ შებოლილ თევზსაც იყიდიან არაყს რომ მიაყოლონ.

ადამიანების ქველმოქმედებას საზღვარი არ აქვს–მეთქი და ვიმედოვნებ ზღვარი არასდროს გაჩნდება. აი, იმ ყუთში არ ჩავყრი ფულს, მაგრამ შინაგანად ეჭვის გრძნობა მაინც გამიჩნდება იქნებ მართლა იმ ბავშვს ეხმარებიან. ჩავდივარ მეტროში, სწრაფი ნაბიჯით მივდივარ იმის იმედით, რომ მალე ჩავივლი და არ დავინახავ გამოწვდილ ხელებს, ნაღვლიან თვალებს და აი იმ პატარა ბავშვს, რომელიც არც თუ ისე პატარაა. ჩემ თვალწინ გაიზარდა, დედის კალთაში კითხულობს წიგნს, წერს დავალებას და უბრალოდ ეხუტება მას, ვინც მთელი დღე ხელგამოწვდილი ზის.

სწრაფად გაივლი გადასასვლელ ხაზს, თავში ათასი აზრი გიტრიალებს, გეცოდება, დახმარება გინდა მაგრამ მაინც სწრაფად მიდიხარ. ფიქრებით აფეთქებული, ვაგონში შედიხარ, ვაგონი იძვრის, გესმის – „ პატარა გიორგის ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია, გთხოვთ დავეხმაროთ.“ ხედავ აი, იმ ნაცნობ ყუთებს სხვადასხვა გამოსახულებით. ქველმოქმედება?ვის ვეხმარები?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG