Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაფორმალური განათლება თვითგანვითარებისთვის


ავტორი: ანა კვიჟინაძე

თითქმის ორი წელია რაც სტუდენტებთან აქტიურად მიწევს მუშაობა, ძირითადად არაფორმალურ სივრცეში, არაფორმალური განათლების მიმართულებით. ხშირად ვმართავთ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა აქტივობებთან დაკავშირებით, სტუდენტებს ეძლევათ საშუალება დასვან კითხვები და მოისმინონ პასუხები. სტუდენტთა უმრავლესობას ერთ კითხვაზე აინტერესებს პასუხი და ეს კითხვაა: „სერტიფიკატი თუ იქნება?“.

სამწუხაროა, რომ სტუდენტთა უმრავლესობა არაფორმალურ აქტივობებში მონაწილეობას იღებს არა იმიტომ, რომ დამატებითი უნარ-ჩვევები გამოიმუშაოს არამედ იმიტომ, რომ ჰქონდეს სერთიფიკატი. ალბათ, გინახავთ საჯარო ლექციები, რომელსაც არც ისე ბევრი ადამიანი ესწრება, რატომ? იმიტომ, რომ საჯარო ლექციებზე, შეხვედრებზე სერტიფიკატებს, ხშირად, არ აძლევენ დამსწრეებს და არც ქულას წერენ.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდები ვერ აცნობიერებენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობას და როლს კარიერულ თუ პროფესიულ წინსვლაში.

ადამიანი დაბადებიდან ზრდასრულობის ასაკამდე ფორმალური განათლების სისტემასთან ურთიერთქმედებს, რაც წარმოშობს პრობლემებს, რადგან „პირდაპირ ურთიერთქმედებებსა და სკოლაში შეძენილ ცოდნას შორის არასასურველი ნაპრალი წარმოიქმნება“.

დღეს, არაფორმალურ განათლებას ფორმალური განათლების ალტერნატივად მიიჩნევენ. ჩვენს თანამედროვეობაში, არაფორმალური განათლების კერები, მოკლევადიანი სასწავლო კურსები, ტრენინგ ცენტრები, ღია-ონლაინ ლექციები, საჯარო დისკუსიები და ა.შ. აქტუალური გახდა.

სამწუხაროდ, საქართველოში, აქტუალური არა იმიტომ, რომ არაფორმალური განათლება გვაძლევს თვითგანვითარების შესაძლებლობებს, არამედ იმიტომ, რომ „სერტიფიკატს“ გვაძლევენ.

არაფორმალური განათლება ნებაყოფლობითია, ხელმისაწვდომია ყველასთვის. განვითარება, უნარ-ჩვევათა გამომუშავება და პროფესიული დახელოვნება ინდივიდის მოტივაციაზეა დამოკიდებული. არაფორმალური განათლება არის ის რაც ადამიანს ანიჭებს განათლებით მოგვრილ თავისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ის არ გაქცევს ჩარჩოებში, არ გზღუდავს.

არაფორმალური განათლება საშუალებას აძლევს ადამიანს ნებისმიერ ასაკში გაიაროს მოკლე ვადიანი სასწავლო კურსები, დაესწროს ტრენინგებს. სხვადასხვა საშუალებით აიმაღლოს კვალიფიკაცია მისთვის სასურველი მიმართულებით. არაფორმალური განათლება უზრუნველყოფს განათლების უწყვეტობას მთელი სიცოცხლის მანძილზე.

არაფორმალური განათლების აქტუალობას, უნდა განაპირობებდეს ის, რომ დღეს, საქართველოში, უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარებაზეც ორიენტირებული არიან ფორმალური განათლების ორგანიზაციები (სკოლა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები), არ არის ორიენტირებული მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ადამიანების აღზრდაზე და უნარები, რომელსაც ავითარებენ არ არის მიმართებაში დასაქმების, ბაზრის მოთხოვნასთან. (განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის კლევა).

ინდივიდმა უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზე, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ სწავლებებში, ტრენინგებში, საჯარო ლექცია-სემინარებში, დისკუსიებში, დებატებში, დისტანციურ სწავლებაში, შეიძინოს კონტაქტები, ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიმუშაოს უნარ-ჩვევები, იმისთვის, რომ ჰქონდეს შესალებლობა შეივსოს დანაკლისი, რაც გამოწვეულია ფორმალური განათლების მოუქნელი პოლიტიკით.

და ბოლოს...

სერტიფიკატი უბრალო, უხარისხო ფურცელია, ვიყოთ ორიენტირებული თვითგანვითარებაზე, დამატებით უნარ-ჩვევათა გამომუშავებაზე, ასე უფრო მარტივია იყო რეალიზებული ადამიანი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG