Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარლიყის უნივერსალიზმი


ავტორი: ასტამურ ჯიხაშვილი

როცა უცხოელთა მომსახურების განყოფილების სუფთა, მაგრამ პატარა, სამმაგიდიან ოთახში შედიხარ და თითს აჭერ ღილაკს სახელით “Visum”, ამ დროს კი ვიდეოკამერა მარცხენა, ზედა კუთხიდან თვალის ჩაკვრით გეუბნება: Hey, Cyclops is watching You, უკვე გადახარისხებულის განწყობით ელოდები რიგის ბილეთს; აიღებ და იქვე მაგიდასთან ჯდები. ფანჯარასთან, დუნაისა და მასში არეკლილ ციხასიმაგრეზე მოცურავე დიდ სასეირნო ხომალდებს რომ გადაჰყურებს, შავი გიბონი კონწიალობს – ერთხელ ჩამოვიდა ჩინეთიდან, ერთხელვე დასჭირდა საბუთების მომზადება და მეტი აღარც შეუწუხებიათ ქაღალდომანიით. ესაა, რომ “სივიმ” დიდი გასაქანი არ მისცა და იძულებულია აქ იმუშავოს, ამ ოთახში, სადაც დაბრუნების არანაირი სურვილი არ ჰქონდა; იმათთან, ვისაც გამოექცა. პირობები… რა გითხრათ, ემიგრანტია, ენა ცოტათი უჭირს (თუმცა, უცხოელ ბავშვებთან კონტაქტის დასამყარებლად ეს დიდი პრობლემა არაა), ამიტომ ანაზღაურებაც დაბალი აქვს – მხოლოდ ღამის გასათევით უზრუნველყოფენ და მგონი თვეში ერთხელ აბანავებენ კიდეც. კამერა ახლა ორივეს გვიყურებდა, მაგრამ არაფერი გაუგია – არავერბალური კონტაქტი გვაქვს მე და ჩემს მეზობელს – იმიტომ, რომ ზოგჯერ ემიგრანტები უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს. ერიკე (ანგ ფაი გუ ჰქვია სინამდვილეში, ერიკე მისი ევროპული სახელია) პასაუში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს, მაგრამ იარლიყი “Made in China” მერიის თანამშრომლებს არ მოუჭრიათ, ისევ აბია. ჩემი ჯერი დადგა – რაღაც მეც უნდა მეთქვა, იმას კი – ემპატივით ეგრძნო: “არავის უგრძნობინებია ჩემთვის, რომ ჩამოსული ვარ. თითქმის. ორ-სამჯერ თუ მკითხეს სასწავლებლად ჩამოსული სამშობლოში თუ ვაპირებდი დაბრუნებას. ერთხელაც ევროკავშირის არჩევნებზე ვიგრძენი თავი ხეიბრად – ჩემ ირგვლივ ყველა ევროპის ბედზე სწუხდა, ძლიერი ევროპის შექმნაზე ოცნებობდა, მე “აფსაიტში” დავრჩი. უცნაური გრძნობა იყო, რადგან მეც ევროპის ნაწილად ვგრძნობდი თავს და თანამონაწილეობის შინაგანი მოთხოვნილება მღრღნიდა.” დავფიქრდი. უკვე პასაუს კარგად მოცილებულმა და სადღაც საქართველოსთან ახლოს მყოფმა ზარი გავიგე – ჩემი რიგი იყო. “ერიკე, იცი, ჩვენთან, უფრო გაგიჭირდებოდა-მეთქი ცხოვრება” ვუთხარი მეორე ოთახში შესვლის წინ და დავტოვე.

ჩანთიდან ამოვიღე საბუთები და ფართე მაგიდაზე დავალაგე. მერიის თანამშრომელმა გადაავლო თვალი, ასლს გადავუღებო და წავიდა. აქ რამდენჯერაც მივედი, სულ ასეთი ადგილებისათვის შეუსაბამო ადამიანები მემსახურებოდნენ – თბილები, თავაზიანები და ზრდილობიანები. ჩემთვის ზრდილობა უკვე გერმანელების სინონიმია. ვიზა 18-მდე გამიხანგრძლივეს.

გარეთ, რბილად რომ ვთქვა, ცხელა. ევროპის შუა გულში მირაჟებია. ყველაფერი ირყევა. ვცდილობ ვიწრო შუკებით ვიარო, სადაც ჰაერი უფრო გრილია. შესახვევმა ტაძრამდე მიმიყვანა, თანაც ყველაზე დიდ ტაძრამდე ქალაქში. სქელი კედლებიდან ყრუდ ისმოდა ბახის ტოკატა და ფუგა. გავიფიქრე: დაღლილ ემიგრანტივით მივალ ორღანთან-მეთქი და ნაბიჯს მოვუჩქარე. თბილი მყინვარივით აღმართული თეთრი კედელი არ დამთავრდა. სადღაც შუაში დიდ კარს ჩავუარე, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა სქელ კედლებთან ბძოლაში დაღლილმა მელოდიამ ამ კარს მოაშურა და შემომეტმასნა, ცხელ ამინდში გაღებული მაცივრიდან წამოსულ სიცივესავით. იმ წამს მხოლოდ ორნი დავრჩით ამ ქვეყანაზე – მე და იმ კარის სახელური, რომელიც ბახს მაშორებდა. წინგაწვდილი ხელებით ერთ წამში უკვე კარებთან ვიყავი და.. მივხვდი, რომ სხვა კარები უნდა მეპოვა. გავიქეცი. მთავარი ფასადის სამ უზარმაზარ რკინის კართან ხმა უკვე ბევრად უკეთესად ისმოდა და იქ უკვე მივხვდი, რომ ეკლესიაში ვეღარ შევაღწევდი. ბახსა და ჩემს შორის იდგა ის, რაც არ უნდა მდგარიყო – კედელი, თუნდაც ეკლესიის კედელი, კარები, თუნდაც ლამაზი კარები. წვიმაში გარეთ გაგდებულ კატასავით ავიტუზე შესასვლელთან და ვუსმენდი ბოლო აკორდებს, თან ხელში ერიკეს იარლიყს ვათამაშებდი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG