Accessibility links

ავტორი: ეკატერინე

ერთ საათში ჩატეული ბედნიერების ამბავი თბილისის სტიქიის მეორე დღეს დაიწყო, ანუ 14 ივნისს... მაღაზია, სადაც ვმუშაობ 22:00 სთ_ის ნაცვლად 21:00 სთ_ზე გადაკეტეს. შესაბამისად, სახლში ერთი საათით ადრე დავბრუნდი და მოვასწარი ჩემს შვილთან ერთად ჩაის დალევა: ვუყურებდი, როგორ ხვრეპდა ცხელ სითხეს და დროის შესაძლებლობებზე ვფიქრობდი.

სტიქია რომ არა, მარტოს მოუწევდა სამზარეულოში შესვლა, მანამდე მთელი სახლის განათება, სიბნელე რომ არ ეგრძნო და ვახშმის მომზადება, მარტოს მოუწევდა ლოგინის გადაშლა და დაწოლა, შემდეგ თავის დაძალება და დედის ლოდინი, ჩაძინება.

ერთ საათში ყველაფერი მოვასწარი: ჩაის დალევა და მასთან საუბარი, დღის ამბების გაანალიზება, მეორე დღის დაგეგმვა, ტელევიზორს თვალი შევავლე, წასაკითხი წიგნები გადავათვალიერე... კარგად ვიცხოვრე ის ერთი საღამო.

ერთი საათი აღარ იყო მხოლოდ დრო, ის იყო ბევრი შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, მეორე დღეს ისევ 22:00 სთ_ზე გადაკეტეს და სახლში ერთი საათით გვიან დავბრუნდი. ჩემს შვილს გადახდილს ეძინა, შევუსწორე და ჩემს ოთახში შევიკეტე, ვერ ვიხსენებ, რას ვაკეთებდი და როდის ჩამეძინა...

გერმანიაში ყოფნის ეპიზოდი დამესიზმრა: წარსულში ვერ ვხსნიდი, რატომ არ მუშაობდა გვიან საღამოს და კვირას მაღაზიები, რატომ არ ცხვებოდა პური, რატომ არ შეიძლებოდა ღამის 10 საათზე გაგხსენებოდა, რომ ძეხვის ჭამა გინდოდა, გაქცეულიყავი და გეყიდა, როგორ და რატომ მივიდა ეს ქვეყანა ასეთ სისტემამდე?

ახლა კი ავხსენი: იქ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, საღამოები და შაბათ-კვირა ოჯახის წევრებთან ერთად გაატარონ, წავიდნენ კინოში და თეატრში, დაკავდნენ სპორტით და არ დაივიწყონ ჰობი. იცხოვრონ ჩვეულებრივი, ადამიანური და არა მომსახურე პერსონალის ცხოვრებით.

ჩემი ახლანდელი სამსახურიც სწორედ გერმანული გამოცდილების ბრალია; მეგონა, მცირედით დავიწყებდი და ნელა წავიდოდი წინ, ხელფასსაც მივიღებდი და გამოცდილებასაც. სასტიკად ვცდებოდი, როცა ვფიქრობდი, ჩემს მონდომებას ოდესმე ვინმე დაინახავდა და დააფასებდა, სასტიკად ვცდებოდი მაშინაც, სხვა სამსახურის ძიება სხვა სფეროებში რომ დავიწყე, კონსულტანტად რომ მუშაობ და ერთხელ დათანხმდი, სულ ამ სფეროში უნდა დარჩე თურმე... მისჯილივით. მაშინაც შევცდი, სრულიად სამეგობროს რომ გავაგებინე და სტატუსებად დავწერე ჩემი პრობლემები, აქამდე სად იყავიო, სადაა გამოცდილება და კვალიფიკაციაო, გვეგონა ბედნიერი იყავიო, არ ვიცოდით, სად მუშაობდიო, ცუდი სამსახური რომ გქონდაო...

მე კი ვიღიმებოდი...

აქ საყიდლებზე დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში დადიან, შუაღამეს ვახშმობენ და დღის პირველი ნახევარი გამოფხიზლებას უნდებიან, შემდეგ გვიან ღამემდე მუშაობენ და როცა შივდებათ 24 საათიან მაღაზიებს აკითხავენ. ღამის საათებში გაყიდვები პიკს აღწევს იქ დამდგარი, გამოფიტული, უძილო, დაღლილი, 200 ლარიანი ხელფასის გამო ალბათ მშიერი გოგონების ხარჯზე... და მერე რა?

საქართველოში მაღაზიები ადრე რომ დავკეტოთ ბიზნესმენები დაზარალდებიანო, ოღონდ ბიზნესი განვითარდესო, ოღონდ ვინმე ინვესტორი ჩამოვიდეს და ინვესტიცია ჩადოსო, ოღონდ პურის ფული გვქონდესო, 24 საათიან სამუშაოს რა უჭირსო...

წლები რომ გავიდა, შევამჩნიე რომ ვეღარ ვიღიმები, ჩემს დაღლილობას გრძნობს ყველა, რიგითი მომხმარებლით დაწყებული, ჩემი შვილით დამთავრებული... დასასვენებლად წასვლაც კი ოცნებების რიგს მიემატა ჩემს გონებაში და ძალიან გვიან , მაგრამ ვაცნობიერებ, რომ მსხვერპლი ვარ...

ჩვენ ყველა ვართ მსხვერპლები, საოჯახო ბიზნესების, უმუშევრობის, უპერსპექტივობის

თუნდაც საქართველოში ბიზნესის განვითარების, მაგრამ მაინც მსხვერპლები.

ისიც ვიცით, რომ ჩვენ თუ უარს ვიტყვით სხვა სიამოვნებით დათანხმდება ამგვარ გრაფიკს, სხვა უმუშევარი და ნებისმიერი სამუშაოს მომლოდინე სხვა, რომ არ იცის, რამდენი დროა 21:00 სთ_დან 22:00 სთ_მდე ის სხვა, რომ არ იცის რა ძალა აქვს იმ ერთ საათს... ის სხვა...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG