Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური არტ-ივიზმი


ავტორი: ევაგრე გვარდიელი

თითქოს რაღაც ძალიან მოძველდა დემოკრატიული პროცესის შიგნით.

21-ე საუკუნის დასაწყისში, ელექტრონული ქსელის საშუალებით მანამდე არნახული რაოდენობით მობილიზებული მასების მიერ რევოლუციური ცვლილებების განხორციელების ილუზია წარსულს ჩაბარდა. გლობალური ეკონომიკური კრიზისებით გამოწვეული, გადაუჭრელი სოციალური პრობლემებით დატვირთული „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ მოქალაქეები მოულოდნელად აღმოჩნდნენ ასევე „კეთილდღეობის“ მაძიებელი, ოღონდ განსხვავებული კულტურული ღირებულებების მქონე უამრავი ადამიანის ძალიან საშიშ გარემოცვაში. ბოლოს, როდესაც თითქმის ყოველ კვირაში საფრანგეთის დროშის ფერებში სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული სიმბოლოების განათების პრაქტიკამ სოლიდარობის ეს კეთილშობილური აქტი ლამის ფარსად გადააქცია და BREXIT-იც სრულიად რეალური მოვლენა შეიქნა, მაშინ კი დაისვა ცოტა დამაბნეველი, მაგრამ მაინც უბრალო და ლოგიკური კითხვა: შემდეგ რა?

სლავოი ჟიჟეკი, ნამდვილი ვარსკვლავი თანამედროვეობის სააზროვნო სივრცეში, ერთ-ერთი პირველი სვამს ამ კითხვას გამოცემა Open Democracy-ის რედაქტორთან საუბრისას. ერთი შეხედვით შეკითხვა თითქოს რიტორიკულია ანუ მხოლოდ შეკითხვისთვის არსებობს. თუმცა, ჟიჟეკს საკითხის ასეთი ფორმით დასმა ლიტერატურული კეკლუცობისთვის ნამდვილად არ სჭირდება. არა, კეკლუცობისთვის ახლა ყველაზე ნაკლებად სცალიათ დასავლელ ინტელექტუალებს და მითუმეტეს დემოსს.

საუბრის მიმდინარეობისას პროცესების ანალიზსს ჩიხში შეყავს სლოვენიელი ფილოსოფოსი და ზუკოტი პარკის, თაჰრირის, „სირიზასა“ თუ BREXIT-ის გადასახედიდან თვალი ძალაუნებურად „უკან“ გაურბის და მისი კუმირის, ჰეგელისეული „დასასრულის შეგრძნებით“ აყალიბებს ახალ „ევროპულ კონტრიბუციას“: განთავისუფლება არა ჩაგვრისგან, არამედ თვითონ პოლიტიკისგან!

პარადოქსული იდეაა, მაგრამ „რიტორიკული“ შეკითხვის პათოსი ამით თითქოს დაიძლია. თუმცა, იქვე თავისთავად გაჩნდა ახალი დილემა: როგორ?

ვივარაუდოთ, რომ ჟიჟეკს ამ ახალ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობითარ აქვს, ყოველ შემთხვევაში Open Democracy-ის რედაქტორთან საუბარში თემას მეტად აღარ განავრცობს. ამიტომ, ინტელექტუალის „პაუზით“ ვისარგებლოთ და დისკურსი ცოტა სხვა მიმართულებით წავიყვანოთ.

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მასშტაბური ტიპის მოვლენა ძირითადად მსოფლიოს მეგაპოლისებში მიმდინარეობდა. ერთადერთ „გამონაკლისად“ შეიძლება BREXIT-ი განვიხილოთ, როდესაც ბრიტანეთის რეგიონებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ევროპის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე რეფერენდუმის შედეგებზე. ამ ფაქტმა აშკარად გამოკვეთა ფასეულობათა ის კრიზისი, რომელშიც იმყოფება სწორედ „პროვინციულ რეალიზმსა“ და კაპიტალისტურ-კორპორაციულ მმართველობას შორის უიმედოდ გაჭედილი „ბიურგერი“.

მიუხედავად ამისა, მომავლის „კურსის“განმსაზღვრელად ჯერ ისევ რჩება ქალაქი და მისი სოციალურად აქტიური სივრცეები: მოედნები, ქუჩები, სკვერები და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ასეთი ადგილები სხვადასხვა პოლიტიკური აქციების მონაწილე ადამიანებისთვის იმედგაცრუებასთან ასოცირდება, მაგრამ რადგან უკვე გამოიკვეთა „პოლიტიკისგან განთავისუფლების“ ტენდენცია, ალტერნატივის ძიებაში შეიძლება ფრანგ სოციოლოგსა და ფილოსოფოსს ჰენრი ლეფერბვეს მივადგეთ, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების რევოლუციური მოძრაობების საფუძველზე ქალაქის მოდერნიზების ახალ კონცეფციას გვთვაზობს.

თავის „ურბანულ რევოლუციაში“ ლეფერბვრე წერს: „ქუჩა არის ადგილი თამაშისა და სწავლისათვის. ქუჩა არის ქაოსი“. ასეთ მდგომარეობაში შესაძლებელია თანამედროვე ხელოვნების (Art) ელემენტების შემოტანით მოხდეს ტრადიციულად დამკვიდრებული ურთიერთობების ტრანსფორმირება, რაც გამოიწვევს გარკვეული ტიპის პროცესს, მიმართული იქნება სხვა პარალელურად არსებული „დისციპლინების ინტერვენციისკენ“ და გახდება ალტერნატიული სოციალური მოვლენების კატალიზატორი.

ჰ. ლეფერვბრესა და ფრანგი „სიტუაციონისტების“ (Situacionist Internacional)უნდა ეფექტურად ეხმიანება სლავოი ჟიჟეკის მიერ დე-პოლიტიზების მიზნით „აგორებულ“ დისკურსს და ჩვენც, უბრალო ადამიანებიც თითქოს კმაყოფილი ვართ მსგავს ილუზიურ პერსპექტივასთან თანაარსებობით. თუმცა, ხელოვნებაში „რეალობის პარადოქსი“ მხოლოდ ამით არ ამოიწურება.

არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ საჯარო სივრცეში ხელოვნების მიერ ინიცირებული პროცესები დროთა განვმალობაში თვითონვე ჩამოყალიბდნენ როგორც ინსტიტუცია და გადაიქცნენ სამომხმარებლო ურთიერთობების შემადგენელ ნაწილად, ამიტომ, ხელოვნება თავისი აქტიური ფუნქცის შესანარჩუნებლად კურსს იღებს რეალობის „ტაბუირებული“ და „მარგინალური“ სფეროების ასათვისებლად.

ასეთ ვითარებაში მინიმუმამდე მცირდება ილუზორულობის პერსპექტივა და ხელოვნება უშუალოდ გადის რეალიზმის ზღვარზე. „აქ ილუზიონოზმი მოჩვენებითი ფორმებით კი არ ფარავს რეალურს, არამედ, უცნაური, შემაშფოთებელი საგნებით აშიშვლებს მას“ (პოლ ფოსტერი). ეს ისეთი მდგომარეობაა, როდესაც „მშვენიერის“ გაგებას თავისთავად ენაცვლება „უხეში“, ხოლო „ლამაზი“ „სექსუალური“ ხდება, მსგავსად ცნობილი პოპ-ვარსკვლავის ლედი გაგას შემოქმედებისა, რომელიც ცალსახად Sexy/Ugly (სექსუალური/უხეში) ესთეტიკის ნიშნით არის განსაზღვრული.

შესაბამისად ვითარდება მოვლენები ხელოვნების ნიშნებით წარმოდგენილი სოციალურად აქტიური პროცესის შიგნით, სადაც „მარგინალიზაციის“ ნიშნები ასევე მკვეთრად შესამჩნევია. პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან პრაქტიკულად უშედეგო ბრძოლით გადაღლილი, ილუზიებისაგან განთავისუფლებული ადამიანები უკიდურესად უხეში ქცევებითა და რიტორიკით მართლაც „უცნაურად“ აშიშვლებენ საკუთარ თავს.

ქართული სოციალური აქტივიზმის ერთ-ერთი ფლაგმანი „პარტიზანული მებაღეობა“ ბრძოლის მეთოდებს პერმანენტულად სხვადასხვა ფორმებით წარმოადგენს და პიკეტირებისა თუ შიმშილობის აქციებს ხელოვნების ნიშნებს უნაცვლებს ხოლმე („არტ-იზანული მოძრაობა“). საბოლოოდ კი იძულებულია საკუთარი „ლიბიდარული რესურსი“ გახსნას და ლამის ეროტიკულობამდე მისული, აქამდე„აკრძალული“ მესიჯების პრეზენტაციით დაგვამახსოვროს თავი.

საბოლოოდ, „პოლიტიკისგან განთავისუფლებულ“ ადამიანს უკვე ხელოვნება უჩვენებს იმ გზას, რომელზეც თეოდორ ადორნო ასე ეფექტურად საუბრობს თავის „ნეგატიურ დიალექტიკაში“: „ანტირიტორიკული მომენტი უკავშირდება იმ სიველურეს, რომლის იქითაც მთავრდება სამოქალაქო საზოგადოება“.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG