Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტორი: ქეთევან დავითაშვილი

შემოხაზეთ ერთ-ერთი:

  • პაციენტს აწუხებდა ხელი
  • ფეხი
  • თავი
  • გული
  • ღვიძლი
  • იყო მძიმე მდგომარეობაში
  • მსუბუქში
  • უშველა სასწრაფომ
  • პაციენტი მოკვდა

მოკვდა! რამდენჯერ შემივსია სასწრაფო დახმარების ექიმის მოწოდებული ეს ბლანკი, და არც ერთხელ არ დავფიქრებულვარ, როგორ შემოხაზავს ადამიანი ბოლო პუნქტს. თურმე, არც არანაირად - ექიმები იტყვიან, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო, წაავლებენ ხელს ათასი ნემსით და აბით გატენილ ჩანთას, და ერთმანეთის მიყოლებით, სასწრაფოდ გავლენ ოთახიდან. შეიძლება ცოტა ხნით შემოსასვლელში შეყოვნდნენ და იქ შეკრებილ მეზობლებს გადახედონ.

თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთმა შეიძლება ესეც კი უთხრას მეზობელს:

- გინება რომ გამოსავალი იყოს . . . რაღა ჩვენ ვართ განტევების ვაცები. მეცოდება რა, თორე პატრულს დავაყენებდი ეხლა ამას და ისინი მოუვლიდნენ კარგად.

ადამიანს დედა უკვდება. გარეთ მზიანი ამინდია, ხალხი თავის საქმეზე მიიჩქარის, ბანკის წინ დაცვის თანამშრომლები რაღაცაზე ხუმრობენ. დახურულ კარს მიღმა კი შენი ერთადერთი დედა კვდება.

არავის უთქვამს შენთვის, ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცე. სკოლაში არ უსწავლებიათ. წიგნშიც არ წაგიკითხავს. შეიძლება, რეალურობის განცდა სრულიად დაგეკარგოს, მობილიზებულმა დარეკო 112- ზე, და მშვიდად დაელოდო, რომ შემდეგ ექიმების მითითებები მორჩილად შეასრულო. შეიძლება, სრულიად დაკარგო მოქმედების უნარი, როგორც ლობოტომიის შემდეგ, ისე იყო გაშეშებული, გაყინული მზერით. ის, რაც მოხდა, სრული სიცხადით მოგვიანებით დაგატყდება თავს, ერთბაშად ან თანდათან, ტალღისებურად.

ისიც შეიძლება, რომ ხმის ჩახლეჩამდე იღრიალო. სთხოვო დედას, ეხვეწო, რომ ბოლომდე იბრძოლოს - ის ხომ მაგარია. დარეკო სასწრაფოში, მეორედაც დარეკო, ყვირილით უმეორო, დროზე მოვიდნენ - დედა ხომ სისხლისგან იცლება. ითხოვო, აგინო, მივარდე შეშლილი სახით ადამიანს, რომელიც ექიმი გგონია - დედა ხომ ჯერ კიდევ სუნთქავს, ფეთქავს. მისი გადარჩენა შეიძლება.

თუ ყველაფერს იაზრებ, და რელობასთან კავშირს არ დაკარგავ, იმაზეც დაიბღავლებ აივნიდან, ექიმები რომ სასრაფოს მანქანიდან აუჩქარებლად გამოდიან და, თურმე, ლიფტში შებიჯებამდე პირველ სართულზე ნაცნობ მეზობელს უკაკუნებენ, მოიკითხავენ.

ბოლოს ადიან, შედიან, ერთი სისხლიან ქალთან იმუხლება - გუგებს უსინჯავს, გულს ხელის გულით უზელს, ამბობს - აუ, ეს იქით გაიყვანეთ რა - და შვილიც უკვე გვერდით ოთახში აბრახუნებს და ღრიალებს.

ხოდა, ამ ექიმს „ეცოდება რა, თორე პატრულს გამოუძახებდა“.

იქნებ მეზობელმა გაახსენოს ექიმებს, მათ ძალიან დიდხანს რომ ელოდნენ და დედის სიკვდილისას სიტყვებზე ფიქრის დრო რომ არ არის. თუმცა, თუ ეს მეზობელი ექიმს სახეზე შეხედავს, მიხვდება, რომ აზრი არ აქვს ლაპარაკს, და სასწრაფოდ უნდა გაეცალოს, თორემექიმი უკვე რაღაც იაფფასიან ფურცლებს ეძებს - საბუთებს, მტკიცებულებებს, რამდენ წუთში მოვიდა.

ქმარი ექიმების გვერდით დგას.

- სხვა რამე რომ სცადოთ? აი ის, დენი? ცოტა ხნის წინ ოპერაცია გავუკეთეთ. კარგად უნდა ყოფილიყო.

პასუხია ბევრი სამედიცინო ტერმინი, გუგებზე და სისხლზე, და ოთახიდან გასვლა.

მეორე შვილს ექიმისთვის მისაღები რეაქცია აქვს - ტირის და ამბობს, რომ დედა ენატრება.ხოდა, ექიმიც გოგოს ენის ქვეშ დასადებ წამალს აძლევს, და პატივს სდებს, დეტალურად მოუყვეს, რამდენლიტრიან გუბეში მწოლიარე დახვდა დედამისი, რამსიწვრილე გუგებისას არაა ცოდო გვამის კანი დენით დასაწვავად, და გულის მასაჟის დროს როგორ ასხამდა სისხლი. გოგო გაფართოებული თვალებით, გაოცებული უყურებს, და მეორე ტაბლეტს აწვდიან. მის ძმას, წუთების წინ, მეზობლების თხოვნის მიუხედავად წამალი არ მისცეს - თვითონ დაწყნარდებაო. აბა, უცენზურო სიტყვა ახსენდა და რაის წამალი.

  • პაციენტი მოკვდა

თურმე, ამის შემოხაზვა მაინც აუცილებელია, და ამ საბუთზე ხელმოწერაც არის საჭირო. ექიმი დეტალურად ავსებს ბლანკს, გადაიკითხავს, შესწორებებს შეიტანს, პერიოდულად შვილის და მეზობლების საუბარში კომპეტენტურად ერთვება - მსჯელობს დედის პირში სისხლის დატევაზე, სააბაზანოში შესვლის წუთებზე.

ბოლოს გადის. პაციენტი მოკვდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG