Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Au-pair ანუ როგორ მოვხვდეთ გერმანიაში ყველაზე მარტივად?


ავტორი: მიხეილ სარჯველაძე

ევროპის ამჟამინდელ, უდიდეს გამოწვევას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან დევნილები წარმოადგენენ. მათი უმეტესობა არალეგალურად ხვდება ევროპაში და ასევე უმრავლესობის სურვილია ლტოლვილად გერმანიაში ჩაბარდნენ. ამ ყველაფრით ხელს კრიმინალური დაჯგუფებები ითბობენ, რომლებიც დევნილებს სატვირთო მანქანებით მაგ. უნგრეთიდან გერმანიაში გადასაყვანად გარკვეული რაოდენობის თანხას ახდევინებენ, თუმცა მათ ხშირად სასიკვდილოდ წირავენ. რამდენიმე ათეულობით დევნილი გაიგუდა არალეგალურად ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანისას.სატვირთო მანქანის კონტეინერში არსებული უჰაერობის გამო

მართალია მსგავს ცუდ, მაგრამ ხშირად არც თუ ისე გადასარევ პირობებში უწევთ ხშირად ქართველ ახალგაზრდებს ევროპაში ცხოვრება. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გერმანია და Au-pair-პროგრამა. გერმანია Au-pair-პროგრამის მონაწილე ახალგაზრდების მთავარი სამიზნე ქვეყანაა.Au-pair-პროგრამა ითვალისწინებს უცხო ოჯახში ახალგაზრდა ადამიანის გარკვეული პერიოდის მანძილზე ცხოვრებას. პროგრამის მონაწილეები მასპინძელ ოჯახს ეხმარებიან ბავშვების მოვლაში და საოჯახო საქმეებში. სანაცვლოდ კი ოჯახში ცხოვრობენ უფასოდ, აქვთ საკუთარი ოთახი და ყოველთვიური ჯიბის ფული (გერმანიაში 260 ევროს ოდენობით). მასპინძელი ოჯახი გარკვეულ შემთხვევებში იღებს ვალდებულებას დაეხმაროს პროგრამის მონაწილეებს ენის კურსის და მგზავრობის ხარჯების დაფინანსებაში.

Au-pair -პროგრამის მონაწილეებს ხშირად ლეგალურ მიგრანტებსაც უწოდებენ, რადგან მათი უმეტესობა არამხოლოდ ენის შესწავლის ან ახალი კულტურის გაცნობის მიზნით იწყებს ახალ ოჯახში ცხოვრებას, არამედ გაურბის გაჭირვებას საკუთარ ქვეყანაში. გაურბის არასტაბილურ გარემოს, მძიმე სოციალურ მდგომარეობას, უმუშევრობის მაღალ დონეს. შესაბამისად ეს ახალგაზრდა ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ Au-pair - ის საქმიანობისდასრულების შემდეგ არ დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ისინი პარალელურად მუშაობენ რამდენიმე სამსახურში და იწყებენ უნივერსიტეტში სწავლას, რომ ამ გზით გაიგრძელონ ვიზა. თუმცა მანამდე რთული გზაა, რადგან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ენის სერტიფიკატია საჭირო, რომლის ჩაბარებასაც ერთი წლის შემდეგ Au-pair-ების ძალიან ცოტა ნაწილი თუ ახერხებს. ხშირად ისინი ვერ ახერხებენ უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას დროის უქონლობის და სამსახურებში მძიმე დატვირთვის გამო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ახალგაზრდა ადამიანებზე 18 დან 25 წლამდე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს და ხშირ შემთხვევაში უკან არ ბრუნდებიან.

ხშირად ახალგაზრდა ადამიანების ადამიანების მთავარი რესურსი -დრო იკარგება. ის რომ მათ არ აქვთ დასრულებული სწავლა საქართველოს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის ორმაგ წვალებას ნიშნავს. რადგან ჯერ უნივერსიტეტში სწავლის დაწყების უფლება და ენის სერტიფიკატი უნდა მოიპოვონ. გარდა ამისა ისინი ხშირად არ იცნობენ საკუთარ უფლებებს, არ იცნობენ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერეს და ძალიან ცუდად იციან გერმანული ენა. გერმნული მხარე პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ითხოვს ე.წ. A1 დონეს, რომელიც ენის ცოდნის მხრივ ყველაზე დაბალი დონეა, რაც რეალურად არ არის თუნდაც საშუალო კომუნიკაციისთვის საკმარისი. ის რომ Au-pair-ები არ იცნობენ საკუთარ უფლებებს ხშირად ხდება მათი ექსპლოატაციის და ჩაგვრის მიზეზი. ხდება შემთხვევები როცა მათ ოჯახის წევრები ცემენ, ართმევენ ბანკის ბარათს ან უმალავენ პასპორტს, რომ არ დატოვოს ოჯახი. მეორე მხრივ მსგავსი შემთხვევების შემთხვევაში Au-pair ები ვერ ბედავენ უჩივლონ მასპინძელ ოჯახს, რადგან არ იციან ენა და ეშინიათ არ დააბრუნონ სამშობლოში. ეს ნეგატიური მხარეა, თუმცა გაცილებით მეტ შემთხვევაში Au-pair პროგრამა ძალიან დიდ შანსს აძლევს მონაწილეებს შეისწავლონ ენა, მასპინძელი ქვეყნის კულტურა. ასევე უამრავია მასპინძელი ოჯახი, ვინც პროგრამის მონაწილეებს ოჯახის წევრებად აღიქვამენ და ოჯახიდან წასვლის შემდეგ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ფინანსურადაც კი ეხმარებიან.

უბრალოდ მინდა ყურადღება ნეგატიურ ასპექტზე გავამახვილო, რადგან უფლებების არცოდნის, ხელშეკრულების ტექსტის არცოდნის და ალალბედზე გერმანიაში წასვლის შემთხევევები ხშირია, რაც ასევე ხშირად ახალგაზრდა ადამიანებისთვის დიდ სტრესს ნიშნავს. ისინი არ არიან ინფორმირებული იმ ქვეყანაზეც, სადაც მიდიან და აპირებენ, რომ იცხოვრონ გარკვეული დროის მანძილზე. კულტურული შოკი, საქართველოდან შორს ყოფნა ხშირად იმდენად ძლიერი ზეგავლენას ახდენს, რომ Au-pair-ების გარკვეული ნაწილი საკუთარ თავში იკეტება და აღარ ცდილობს ადაპტაციას ახალ გარემოსთან.

სხვა საკითხია სააგენტოები, რომლებიც Au-pair ებს ოჯახის მოძებნაში და საბუთების შევსებაში ეხმარებიან. ხშირად ეს სააგენტოები ერთი ადამიანის ფირმაა, რომელშიც ერთი ადამიანი პარალელურად სააგენტოს მფლობელი და თანამშრომელი მუშაობს. მათი დიდი ნაწილი თავად ყოფილი Au-pair-ია და ისინი მომავალი Au-pair-ებისგან მომსახურების თანხის სხვადასხვა რაოდენობას იღებენ. რეალურად მასპინძელი ოჯახი იხდის მომსახურების გადასახადს. როგორც წესი გერმანული სააგენტოები თანამშრომლობენ ქართულ ფირმებთან, რომლებიც თავის მხრივ იღებენ ამ შემთხვევაში Au-pair-ებისგან მომსახურების თანხას, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში არაადეკვატურია იმ მომსახურებასთან მიმართებაში, რომელსაც ე.წ. აგენტი სთავაზობს მათ. ბევრმა არც კი იცის, რომ თავად შეუძლია დაუკავშირდეს გერმანულ სააგენტოებს და ამ გზით დაზოგოს მომსახურების თანხა. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბევრი ახალგაზრდისთვის ენის არცოდნის გამო ქართული სააგენტოები ერთადერთი ხსნაა. საბოლოოდ Au-pair-პროგრამა ქვეყნის ევროპის მიმართულებით დიდი ხნით დატოვების ყველაზე მარტივი გზაა, რომლითაც რაც დრო გადის უფრო მეტი ახალგაზრდა სარგებლობს. მართალია თავად პროგრამა ერთი წლითაა განსაზღვრული, მაგრამ პროგრამის მონაწილეების აბსოლუტური უმრავლესობა პროგრამის დასრულების შემდეგ მასპინნძელ ქვეყანაში დარჩენას ცდილობს.

რა პრობლემას წარმოადგენს ეს ყველაფერი ქართული სახელმწიფოსთვის? ახალგაზრდა ადამიანების გადინება, რომლებიც პირველ რიგში რთულ სოციალურ პირობებს და უპერსპექტივობას გაურბიან, სახელმწიფოსთვის დაკარგული რესურსია და ის მტკივნეული საფასური, რომელსაც ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო იხდის. ხშირად ეს ადამიანები დროთა განმავლობაში კარგავენ ინტერესს საქართველოს მიმართ, რადგან ახალ გარემოში ცხოვრება ფაქტიურად არ ტოვებს ინტენსიური კომუნიკაციისთვის საკმარის ადგილს. გარდა ამისა მათ მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ არ იზრუნა საკმარისად იმისთვის, რომ შეექმნა მათთვის ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში არც კი იფიქრებდნენ გერმანიაში წასვლაზე. ეს პროცესი არ დაწყებულია გუშინ და დღეს. არამედ ერთ ათწლეულზე მეტია რაც მიმდინარეობს და ნუ იქნება გასაკვირი თუ ამ ყველაფერს ხანგრძლივ პერსპექტივაში ძალიან ნეგატიური შედეგები ექნება. არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ ცხოვრებასთან მიმართებაში, არამედ ასევე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარების თვალთაზრისით. რამდენიმე კარგი პროექტი, რომელიც დაიწყო საზღვარგარეთ ქართველი ახალგაზრდების მობილიზების მიზნით, მაგ. „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროგრამა“ აუცილებლად საჭიროა, თუმცა არა საკმარისი. საჭიროა გრძელვადიანი ხედვა და კონცეფცია არამხოლოდ იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც უკვე დატოვა საქართველო, არამედ უპირველოს ყოვლისა მათთვის, ვინც ფიქრობს ქვეყნის დატოვებაზე. სტაბილური და მდგრადი საგანმანათლებლო და სამუშაო გარემო აუცილებელი წინაპირობაა ახალგაზრდების ემიგრაციის შესამცირებლად. საუბარი მაქვს ემიგრაციაზე და არა სასწავლებლად ან სხვა მიზნით გარკვეული დროის მონაკვეთში საზღვარგარეთ წასვლაზე, რაც ჩემი აზრით აუცილებლად საჭირო რამაა ქართველი და არამხოლოდ ქართველი ახალგაზრდებისთვის. რადგან რაც უფრო მეტს ვიმოგზაურებთ და ვისწავლით საზღვარგარეთ, მით უფრო ობიექტურები და რეალისტები ვიქნებით საკუთარ ქვეყანასთან მიმართებაში

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG