Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეხსიერებაში ჩალექილი კადრები ომის არქივიდან


ავტორი: ნინო ჩიბჩიური

ძნელია, გააგრძელო პროფესიული მოვალეობა საკუთარ ქალაქში, როცა კამერის ობიექტივში აფეთებისა და კვამლის კადრებს ხედავ. რეალური სურათის აღქმა ძალიან გამიჭირდა, თავი კოშმარში მეგონა. მაშინ 23 წლის ვიყავი, არც თუ ისე პატარა, თუმცა საომარი მოქმედებების პირისპირ დგომისთვის და ასეთ ვითარებაში ჟურნალისტობისთვის ალბათ ძალიან პატარა.

ყოველი წლის აგვისტოს, ჩემდაუნებრურად კვლავ მახსენდება ის საშინელებები, თუმცა რაც დრო გადის ამ თემაზე მით უფრო მეტი კითხვა მიჩნდება..
7 აგვისტოს დილა, თბილისი, სასტუმრო ,,დავითი“. ,,ინტერნიუსის“ ტრენინგები დასრულდა და კოლეგებს იმ პერიოდისთვის ბოლო საუზმე გვაქვს ერთად. ტელევიზორი ჩართულია და დაჭრილებისა და ცეცხლის გახსნაზე ინფორმაციები ვრცელდება.

-ნახე თქვენსკენ რა ამბებია, სად მიდიხარო- მითხრეს. ეს მე ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვი, ის რაც ბოლო პერიოდში ხშირად ხდებოდა და რასაც თითქმის ყოველდღე ვაშუქებდი. ავტოსადგურემდე ვიდრე მივედი ხალხში რაღაც ქაოსი შევნიშნე, ყველა ტელეფონზე საუბრობდა და თითქმის ანალოგიური ტექსტები მესმოდა, სად ხართ ახლა, წამოდი, ბავშვები გამოარიდე და ა.შ. ჯერ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. ჩავჯექი გორის მიკროავტობუსში და ვცდილობ გავიგო მგზავრები რას იტყვიან. მძღოლი კი გვამშვიდებდა პანიკებს ხელოვნურად ქმნიან ჩვეულებრივ ვმოძრაობ მთელი დღეა გორი-თბილისის ხაზზეო. ცოტა დავმშვიდდი. მახსოვს გზადაგზა ყოველ ათმეტრში თითო ჯარისკაცი მაინც იდგა. რა ხდებათქო ხმამღლა გავიფიქრე და მალევე მივიღე პასუხი. -ალბათ ვინმე მიდის ხეობაში და ესკორტის გადაადგილებისას სულ ასეაო. მაგრამ მანამდე, ჩემი 3 წლიანი ჟურნალისტობის პერიოდში, რომლის დიდ ნაწილს მაშინ ლიახვის ხეობაში ვატარებდი, სამხედროებით სავსე გზები და ხიდები არ მინახავს. როგორც იქნა გორში ჩამოვაღწიეთ და ავტოსადგური, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო და იქვე მდებარე ბაზარი სრულიად დაცარიელებული დამხვდა.

მხოლოდ ერთი ადამიანი ვნახე იქ (ჩემი ერთერთი კოლეგა) რომელმაც მითხრა რომ წავსულიყავი ქალაქიდან, რადგან ბომბები ცვიოდა. ვთხოვე ჩანთებით ვარ დატვირთული და იქნებ ტელევიზიამდე მომეხმაროთქო, მაგრამ იმდენად შეშინებული და აღელვებული იყო ბოდიშის მოხდით უარით დამშორდა. ტელევიზიამდე მარტოს მომიწია მისვლა, ეს ერთადერთი ადგილი აღმოჩნდა, რომლის ეზოც ჟურნალისტებით და ოპერატორებით იყო სავსე. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა იქ პარლამენტარები და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები რომ ტრიალებდნენ.

როგორც აღმოჩნდა გორის ტელევიზიაში მედიაცენტრი მუშაობდა და ყველა იქ იყო შეკრებილი. პირველი ინფორმაციაც განვითარებული მოვლენების შესახებს წორედ იქ შედიოდა.ერთერთმა რადიომ პირდაპირეთერში ჩართვა და ვითარების მოყოლო მთხოვა, სორედ ამ დროს გორი კიდევ ერთხე დაიბომბა და მაშინ მივხვდი რომ საქმე მთლად ისე არ იყო, როგორც მეგონა და გაცილებით რთული სიტუაცია იყო ჩემს გარშემო.

ცოტა მოვწესრიგდი და ისევ ტელევიზიაში გავიქეცი ჩემს კოლეგებთან . იქ გავათენეთ ყველამ. გვეუბნებოდნენ რომ ქართველი ჯარისკაცები უკვე ჯავაში არიან და მალე ყველაფერს დავიბრუნებთ და გავიმარჯვებთო. ამ იმედით ვხვდებოდი დღეებს და ის ცეცხლი რასაც ვხედავდი და აფეთქებები, რომლებიც მესმოდა, მეგონა ცხინვალში ხდებოდა და ქართველი ჯარისკაცები წინ მიიწევდნენ, თურმე ყველაფერი პირიქით ყოფილა. რუსმა ჯარისკაცებმა მალე კარალეთამდე მოაღწიეს. მახსოვს, ქართველი ჯარისკაცები რკინიგზის სადგურზე, ნებისმიერ მიმავალ მატარებელზე ხტებოდნენ და გადიოდნენ გორიდან. ტელევიზიაში კი რეზერვისტები მოდიოდნენ და გვიყვებოდნენ რომ პური და წყალიც აღარ ჰქონდათ.

რუსულ მოიერიშე თვითმფრინავებს გორის ცაზე განუწყვეტლივ ვხედავდი. მაგრამ ის მომენტი წაუშლელადაა ჩალექილი ჩემს მეხსიერებაში. ,, სუ-25-ები“რამდენიმე წუთი ტელევიზიის სახურავთან ძალიან ახლოს წრიულ მოძრაობებს აკეთებდნენ. ჩვენ ყველა გარეთ ეზოში გამოვედით და ყველამ მაღლა დავიწყეთ ცქერა. რუსული ვერტმფრენები რამდენიმე წუთი არ მოგვცილდა თავიდან. იმ დროს მახსოვს ჩემი ოპერატორის კამერაში ვუყურებდი კადრს, რომელიც იმ მომენტს ასახავდა. კამერას თვალი მოვწყვიტე და რეალურად დავინახე სახეები. ყველას ფერი ეცვალა, მათთან ერთად მეც მეგონა, რომ ეს სიცოცხლის უკანასკნელი წუთები იყო.

როცა გადაადგილდნენ და სხვა ადგილი დაბომბეს, ცოტა გამოვფხიზლი და ახლა იმაზე ვფიქრობდი ვინმე ახლობელს რამე ხომ არ დაუშავდათქო.

ჩემი კოლეგები როცა მედიაცენტრიდან წავიდნენ მე ამ დროს სახლში ვიყავი. ისევ გავედი სამუშაოდ მაგრამ იქ მხოლოდ ხელმძღვანელობა დამხვდა. მითხრეს რუსები შემოდიან ქალაქში და ყველა გავიდაო. ნაწილი გორის გასასვლელთან იდგა და ქალაქში არ უშვებდნენ. რამდენიმე დღეც და სახლიდან ტელევიზიამდე უკვე რუსული საგუშაგოს გავლა მიწევდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მშობლიურ ქალაქში გადაადგილებას მიზღუდავდნენ. საბუთებს მიმოწმებდნენ და მაკონტრელობდნენ სად და რა მიზეზით მივდიოდი.

ხალხი, რომელიც ხეობიდან გამოიქცა, ჩემსავით დაბნეული, შეშინებული და როგორც ჟურნალისტს ახლობლების მოძებნაში დახმარებას მთხოვდნენ. მაშინ სოციალური ქსელები ასე გავრცელებული არ იყო. მე კი არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მაშინაც კი როცა ვიცოდი რომ ზოგიერთი მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო- ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი შოკი. ადამიანები, რომლებიც ახლა დევნილებად ცხოვრობენ ფიქრობდნენ, რომ რამდენიმე დღე სადმე გაათენებდნენ და კვლავ შეძლებდნენ უკან დაბრუნებას, მაგრამ ამაოდ..

ტელევიზიის ანძა ააფეთქეს, ეთერში ვეღარ გავდიოდით, ელექტროენერგიაც გაითიშა, აფეთქებები, დაღუპულები რუსული ტანკების მოძრაპობა ქალაქში დაბომბილი კორპუსები და ყველა საშინელება იმ დროს ქართლს დაატყდა თავს..
რუსებმა რამდენიმე დღეში ქალაქიდან გასვლა დაიწყეს, ტელევიზიის ხელმძღვანელმა წაგვიყვანა მაშინ გადაღებაზე. ოპერატორთან ერთად მანქანით უკან მივყვებოდით რუს ჯარისკაცებს, გარდა იმისა, რომ ნაღმების სახით ,,სიურპრიზები“ დაგვიტოვეს, მინდვრებს გზად საწვავს ასხამდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. ჩვენ კი მხოლოდ ჩვენი საქმის კეთება შეგვეძლო და შემდეგ ამ კადრების ხალხისთვის ჩვენება და ისტორიისთვის შენახვა.

მალე გორში,,კარვების ქალაქი“ გაიშალა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, დევნილებისთვის ელემენტარული პირობების შექმნას და დაპურებას ცდილობდნენ. იმ პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებით ასევე უცხოელებით კვლავ გაივსო ჩემი ქალაქი, მაგრამ მათთვის ალბათ იმდენ ემოციებს არ იწვევდა ეს ყოველივე, რასაც ჩემში და ჩემს თანამოქალაქე კოლეგებში.

დღეს კი, როცა არქივის კადრებს ვთიშავ და რეალობას თვალს ვუსწორებ ისევ გაურკვევლობა მეუფლება. რატომ, რისთვის ამდენი მსხვერპლი, ზარალი და შიში.. ერთი კითხვა წლევანდელ აგვისტოსაც პასუხგაუცემელი მრჩება. შეიძლებოდა თუ არა და როგორ- ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG