Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტავ, ფეხით წასვლა შემეძლოს


ავტორი: შორენა ღვინიანიძე

„მარშუტკას“ ვაჩერებ და ავდვარ. ყურსასმენებიც ადგილზეა. აკვიატებულ სიმღერას უკვე მერამდენედ ვაწყებინებ თავიდან აღარ მახსოვს. ალბათ, მალე შემზიზრდება. საბედნიეროდ, ადგილიც არის და მყუდროდ ვკალათდები ფანჯარასთან. 135-იც თითქმის ცარიელია და გურამიშვილის გამზირზე საშინლად ინჯღრევა. უცბად, გვერდზე შეხებას ვგრძნობ, იმდენად შეუმცნევლად, რომ ყურადღებას არ ვაქცევ. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მეორდება. გვერდზე ვიხედები და უკან მჯდომი კაცის ხელი ჩანს. ხელზე ეტყობა, ასაკიანი მამაკაცი უნდა იყოს, ვიფიქრე, საშინელი გზების გადამკიდე, ეტყობა სკამს ეჭიდება- მეთქი და ცოტა გავიწიე. ცოტა ხანში იგივე მეორდება, ისევ გავიწიე და ხელს დავუწყე ყურება, ხელით არაფერს არ ეძჭიდება, უბრალოდ, ცდილობს, უფრო შორს გამოწიოს ფანჯრის მხრიდან ხელი, რომ როგორმე შემეხოს. დავიბენი, შემეშინდა, ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა, მხოლოდ იმით შემოვიფარგლე, რომ საზურგეს მოვშორდი. მამაკაცი ახლა ჩემს პარალელურ სკამზე გადაჯდა და წინ მჯდომი გოგონასთვის დაიწყო იგივეს გაკეთება. გოგონა გაწითლდა, გაიწია, მაგრამ ჩემსავით ვერც მან ამოიღო ხმა. დაჟინებით ვუყურებდი ამ კაცის სახეს, ვერაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ მინდოდა მოეხედა და დაენახა როგორ მეზიზღებოდა, მას არ მოუხედავს, თუმცა, ეჭვი მაქვს გულს არ ატკენდა ჩემი მზერა. წინ ადგილი გათავისუფლდა და გოგო იქ გადაჯდა. ცოტა ხანში მამაკაცმა ისევ შეიცვალა ადგილი და ახლა შედარებით ასაკიანი ქალის გვერდით დაჯდა და იგივეს კეთება დაიწყო. მინდოდა ამ ქალს მაინც ეყვირა, ეჩხუბა, ერთი სიტყვა მაინც ეთქვა, მაგრამ ვერც მან გაბედა, ან უბრალოდ ჩხუბს აარიდა თავი, ზიზღნარევი მზერით გახედა მამაკაცს და სხვა ადგილზე გადაჯდა.

„მარშუტკიდან“ ჩავედი, თავს საშინლად ვგრძნობდი. თითქოს მთელი გვერდი მტკიოდა, სადაც ის ამაზრზენი ხელი შემეხო. მინდოდა მეტირა, მეჩხუბა, მეყვირა. თავს უსუსურად და დაუცველად ვგრძნობდი და ეს გულს მირევდა.

არ ვიცი, ვინ რას უწოდებს ძალადობას, მაგრამ მე ძალადობის მსხვერპლი გავხდი, ისეთი ძალადობის, რომლისთვისაც არავის სჯიან, ისეთი ძალადობის, რომლელსაც ძალადობად არ თვლიან, ისეთის, რომელზეც არ ლაპარაკობენ. თუმცა, საქართველოში ზოგადად იშვიათად ლაპარაკობენ ძალადობაზე და უფრო იშვიათად თვლიან ამას პრობლემად. ყოველდღიურად უამრავი ქალს უწევს აიტანოს უცხო მამაკაცების არასასურველი შეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. სამწუხაროდ, მათ შორის ხშირად ბავშვებიც არიან, რომლებისთვისაც დიდი ფსიქოლოგიური სტრესია ასეთ სიტუაციაში მოხვედრა.

ამასწინად, ერთ ნაცნობს ბიჭს ვეკამათებოდი, რომელიც თავისი მეგობრის ისტორიას მიყვებოდა, როგორ აწუხებდა ჰომოსექსუალი მამაკაცი და ამის გამო სცემა. როცა ავუხსენი, რომ შეწუხება თავისთავად ცუდი ფაქტი იყო, მაგრამ ყოველდღიურად განვიცდიდით უამრავი ქალი თუ გოგო ძალადობას ქუჩაში, ტრანსპორტში და იმ ბიჭისგან განსხვავებით ასეთ ქალთა უმრავლესობას თავის დაცვაც კი არ შეუძლია და ამას არავინ მიიჩნევდა ძალადობად და არავის აწუხებდა, მიპასუხა, რომ ქალები ხართ და აბა როგორ გინდათ, ეგ ბუნებრივიაო.

ისევ მაგვიანდება ლექციაზე. მეტრომდე ფეხით ჩავდივარ. მეტროდან, ალბათ, უნივერსიტეტამდეც ფეხით მივალ.

ნეტავ, მთლიანად ფეხით წასვლა შემეძლოს...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG