Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 ნოემბრიდან ყვითელი ავტობუსები კვლავ გამოჩნდებიან


ყვითელი ავტობუსები თბილისის ქუჩებში 13 ნოემბრიდან ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ. ამის შესახებ 12 ნოემბერს განაცხადეს თავად ავტობუსების მძღოლებმა. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე არც ერთი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, მოთხოვნები ქალაქის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კვლავაც ძალაში რჩება. 12 ნოემბერს გამართული მძღოლების თათბირის შემდეგ გაირკვა, რომ სატრანსპორტო კომპანიაში მიმდინარე პრობლემების გამორკვევას ისინი სპეციალურად შექმნილ სახელმწიფო კომისიას აბარებენ. თავის მხრივ, განცხადებას ავრცელებს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რომელიც მძღოლების ბრალდებების გასაბათილებლად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მიმართავს, რათა მოხდეს კომპანიის არაგეგმიური საგადასახადო შემოწმება.

ყვითელი ავტობუსების 1300 მძღოლის ხუთდღიანი გაფიცვა დასრულებულია. თბილისის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებმა გაფიცვის შეჩერება 12 ნოემბერს, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ, მძღოლების განცხადებით, ყვითელი ავტობუსები თბილისის ქუჩებში 13 ნოემბრიდან ჩვეულ რეჟიმში გამოჩნდებიან, მათი მოთხოვნა ქალაქის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კვლავაც ძალაში რჩება. ძალაში რჩება მოთხოვნა ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებითაც. ყვითელი ავტობუსის ერთ-ერთი მძღოლის, მამუკა რუხაძის თქმით, ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” არსებულ დარღვევებსა და ამის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს სპეციალური სახელმწიფო კომისია შეისწავლის:
ნახეთ, დააფიქსირეთ დეკემბრის თვე. ჯარიმების სახით გადახდილია 16 000 ლარი. ეს ის 16 000 ლარია, რაზეც ქვითარი არ არის გამოწერილი ...
სოსო ჯაჭვლიანი

”13 ნოემბრიდან ტრანსპორტი ამუშავდება. ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პატივსაცემად ვაკეთებთ. ჩვენ ხალხს ვერ გადავახტებით, მაგრამ სულ მალე თქვენ თვითონ ნახავთ, რაც მოხდება კომისიის გადაწყვეტილებით”, - ამბობს მამუკა რუხაძე.

სახელმწიფო კომისიას წარუდგენენ მძღოლები იმ ჯარიმების ნუსხას, რომელიც ჟურნალისტებს სოსო ჯაჭვლიანმა გააცნო. მისი თქმით, ჯარიმებმა მხოლოდ ერთ თვეში ავტობუსების ნომერ მეორე ავტობაზაზე 16 ათასი ლარი შეადგინა. სოსო ჯაჭვლიანი ირწმუნება, რომ აღნიშნული ჯარიმები მძღოლებმა ქვითრის გამოწერის გარეშე გადაიხადეს:

”ნახეთ, დააფიქსირეთ დეკემბრის თვე. ჯარიმების სახით გადახდილია 16 000 ლარი. ეს ის 16 000 ლარია, რაზეც ქვითარი არ არის გამოწერილი. თქვენ წარმოგიდგენიათ რა თანხებზეა ლაპარაკი?”

აღნიშნულის საპასუხოდ, 12 ნოემბერს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია მძღოლების ხელფასებსა და გაურკვეველი წარმოშობის ჯარიმებთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. კომპანიის განცხადებითვე, იმისათვის რომ გამოირიცხოს მომავალში მსგავსი მანიპულაციები, სატრანსპორტო კომპანია იწყებს დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნებას მძღოლების მიერ 2012 წელს ფაქტობრივად გამომუშავებული შრომის ანაზღაურების შესახებ. გარდა ამისა, კიდევ ერთი განცხადების მიხედვით, რომელიც ასევე 12 ნოემბერს სატრანსპორტო კომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ვკითხულობთ: იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ წერილობითი განცხადებით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რათა მოხდეს კომპანიის არაგეგმიური საგადასახადო შემოწმებაო.

ის, რომ ყვითელი ავტობუსის მძღოლებს ჯარიმის სახით ხელფასი ხშირად ექვითებათ, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყვითელი ავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი, კოტე მეტრეველიც ამბობს. მისივე თქმით, მხოლოდ ჯარიმები არ არის ის ერთადერთი პრობლემა, რომელსაც მძღოლები ყოველდღიურად მუშაობის პროცესში აწყდებიან. როგორც მისი ნაამბობიდან ირკვევა, მძღოლები ავტობუსის შეკეთების ფულსაც საკუთარი ხელფასიდან იხდიან:
ჩვენ ვთხოვთ ცენტრალურ მთავრობას მთელი კომპანია წაიღოს მუნიციპალური საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, მათ ექნებათ საშუალება დანიშნონ კომპანიის ხელმძღვანელად ახალი ადამიანი ...
გიგი უგულავა

”თვეში ძალიან ბევრი ჯარიმის გადახდა გვიწევს. პირდაპირ ხელფასიდან გვაჭრიან. ამ ჯარიმებზე ქვითარი ხომ უნდა გამოიწეროს, მაგრამ ვინ გვიწერს?! არ გვიწერენ. სად მიდის ეს თანხა? ან ვის ჯიბეში? ნაწილებს რაც შეეხება, მარტო ”პაკრიშკებით” და სალიარკით არის ეს მანქანა?! ჩვენი ფულით ვაკეთებთ ამასაც”, - ამბობს კოტე მეტრეველი.

სიცრუეს უწოდებენ მძღოლები თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებას, თითქოს მათი ხელფასი 800-დან 1200 ლარამდე მერყეობდეს. როგორც ისინი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, მათი ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ 500-დან 600 ლარამდე აღწევს:

რასაც ამბობენ, იმისი ნახევარი თანხაც ძლივს გვიგროვდება.
500 ლარს თუ გადავაცილე, ოჯახში სანთელს ანთებენ, ”მალადეც” შენო.

აქვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ თბილისის მერის გიგი უგულავას ერთი განცხადება, რომელიც მან 11 ნოემბერს, მუნიციპალური ავტობუსების გაფიცვიდან მეოთხე დღის ბოლოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა. მან საქართველოს მთავრობას შპს ”სატრანსპორტო კომპანიის” მართვა შესთავაზა.

„ჩვენ ვთხოვთ ცენტრალურ მთავრობას მთელი კომპანია წაიღოს მუნიციპალური საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, მათ ექნებათ საშუალება დანიშნონ კომპანიის ხელმძღვანელად ახალი ადამიანი. იმედი მაქვს, რომ ცენტრალური მთავრობა დასთანხმდება ჩვენს წინადადებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ, უბრალოდ, კოლიზიაში შევალთ”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცენტრალური მთავრობა ამ შეთავაზებაზე არ დათანხმდა. მეტიც, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში დაადანაშაულა. სამინისტრომ თბილისის მერის შეთავაზებიდან რამდენიმე საათში სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" და თბილისის მეტროპოლიტენი მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტებია. "შესაბამისად, დედაქალაქის მერია ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება. ამდენად, თბილისის მერის მიერ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.
XS
SM
MD
LG