Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის სისხლიანი ტერაქტი სირიელმა თვითმკვლელმა მოაწყო


სტამბოლი
სტამბოლი

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, სტამბოლის ცენტრში, სავარაუდოდ, სირიული წარმომავლობის თვითმკვლელმა მოაწყო ტერაქტი, რომლის დროსაც, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ამ აფეთქების ფონია ქვეყნის მასშტაბით მომხდარი თავდასხმების სერია, რომელიც ოქტომბერში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერაქტით დაიწყო.

12 იანვარს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა უცხოელი ტურისტია. სულთან აჰმედის მოედანზე, სადაც აფეთქება მოხდა, განლაგებულია სტამბოლის ცნობილი ღირსშესანიშნაობები: აია სოფიას ტაძარი, ცისფერი მეჩეთი და თოფკაპის სასახლე. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა დაგმო სტამბოლის ცენტრში მომხდარი აფეთქება, მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და დაჭრილებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა:

რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

„გამოვთქვამ მწუხარებას ამ აფეთქების დროს დაღუპულთა გამო და ვიმედოვნებ დაჭრილთა სწრაფ გამოჯანმრთელებას. დაჭრილია 15 კაცი“.

12 იანვრის აფეთქების ფონია ქვეყნის მასშტაბით მომხდარი თავდასხმების სერია, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტერაქტით დაიწყო. ორი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს შარშან 100-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ქვეყნის პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმებში ბრალი ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ ედება.

თურქეთის პრეზიდენტმა 12 იანვარს სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას გამორიცხა ექსტრემისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოსა“ და თურქეთში აკრძალული ქურთ მუშათა პარტიის კვალი და განაცხადა, რომ ტერაქტი სირიელმა თვითმკვლელმა ჩაიდინა:

„ვგმობ სტამბოლის სულთან აჰმედის პარკში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელიც სირიული წარმომავლობის თვითმკვლელმა ჩაიდინა“.

ტერაქტი, რომელიც დღეს სტამბოლს დაატყდა თავს, მანამდე პარიზში, ტუნისში და ასევე თავად ანკარაში მოხდა. ესაა დღე, როდესაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა საზარელი სახე საერთაშორისო ტერორიზმისა, რომელსაც ყოველივე ადამიანური სძულს...
ანგელა მერკელი

რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, თურქეთი კვლავაც მტკიცედ იმოქმედებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მას ამ გზიდან ვერავითარი ძალადობა ვერ გადაახვევინებს. 12 იანვარს სტამბოლის ცენტრში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც ბერლინში ალჟირის პრემიერ-მინისტრს ადელმალეკ სელას მასპინძლობდა:

„უნდა აღვნიშნოთ, რომ ტერაქტი, რომელიც დღეს სტამბოლს დაატყდა თავს, მანამდე პარიზში, ტუნისში და ასევე თავად ანკარაში მოხდა. ესაა დღე, როდესაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა საზარელი სახე საერთაშორისო ტერორიზმისა, რომელსაც ყოველივე ადამიანური სძულს. იმ წუხილის გარდა, რასაც ყველანი ბუნებრივად განვიცდით, ამით კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ აუცილებელია მტკიცედ დავუპირისპირდეთ ტერორიზმს, რათა ბოლო მოვუღოთ ამ სისასტიკეს“.

თურქეთის ვიცეპრემიერ-მინისტრ ნუმან კურტულმუსის თქმით, ტერაქტი, სავარაუდოდ, 28 წლის სირიელმა მოაწყო. ხელისუფლების თქმით, სამი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG