Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს სამაშველო და სამძებრო სამუშაოები


ზოოპარკიდან გამოქცეულ ბეჰემოტს დასაძინებელი ნემსი ესროლეს (რეიტერის ფოტო)
ზოოპარკიდან გამოქცეულ ბეჰემოტს დასაძინებელი ნემსი ესროლეს (რეიტერის ფოტო)

გაიზარდა სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან მაშველებიც. ვრცელდება ინფორმაცია დაკარგულთა შესახებ. უსახლკაროდ დარჩა ათობით ოჯახი. "პირველი ეტაპის სამუშაოები, რაც სამაშველო სამუშაოებს და ადამიანების გადარჩენას გულისხმობდა, თითქმის სრულდება, თუმცა რამდენიმე ადამიანს ამ დრომდე ვეძებთ. ზოგიერთ შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მსურს, ისინი ვანუგეშო და ვუთხრა, რომ თბილისის მერია მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ამ ოჯახებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სტიქიის შედეგად დაიღუპა თბილისის ზოოპარკის სამი თანამშრომელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ.

წყალდიდობამ გაანადგურა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. „თავშესაფარი სრულად განადგურდა. სტიქიას გადაურჩა 100-მდე ძაღლი. სასწრაფოდ გვესაჭიროება უსაფრთხო ადგილი მათ დასაბინავებლად! გვჭირდება თქვენი დახმარება!!“ - წერია თავშესაფრის ფეისბუკის გვერდზე.

​დატბორილია მდინარე ვერეს ხეობაში არსებული სასაფლაოს ნაწილი. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, ადიდებულმა მდინარემ საფლავების ნაწილი წაიღო.

ვითარება ძალიან რთულია და ზარალი საკმაოდ სოლიდური, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა სამსახურს, მათ შორის მერიის სამსახურებს, სამინისტროებს მიეცათ დავალება შექმნან სამუშაო ჯგუფები. ამასთან პრემიერის თქმით, მან სთხოვა მთავრობის პიარსამსახურს, რომ მოსახლეობის ინფორმირება მოახდინონ მაქსიმალურად დროულად. შექმნილი ვითარების გამო საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქში, განსაკუთრებით გმირთა მოედნის, ზოოპარკის, ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიებზე გადაადგილებისგან.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ პრეზიდენტი და მთავრობის წევრები. გიორგი მარგველაშვილმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. "დაძლევადია ყველაფერი, გზაც აღდგენადია. ბუნებრივია, ასეთ მომენტში ის, რაც ძალიან გამძიმებს ადამიანს არის ადამიანური მსხვერპლი, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ, გვაქვს. მუშაობენ სამსახურები და ჩვენ ჩავერთვებით სამუშაოებში მერიასთან ერთად და დავეხმარებით დაზარალებულებს, თუმცა გარდაცვლილებს ვერ დავაბრუნებთ და ეს ძალიან მძიმეა", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტთან ერთად სიტუაციას ადგილზე გაეცნო ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სრული დატვირთვით მუშაობს. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს წყნეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე. დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკში ვოლიერების დაზიანება და ცხოველების გარეთ გამოსვლა გამოიწვია. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამინისტრო ურჩევს მოსახლეობას თავი შეიკავოს ქუჩებში გადაადგილებისგან და თუ კი ვინმე შეამჩნევს რომელიმე ცხოველს, დაუყონებლივ დარეკოს 112-ზე და შეატყობინოს სამართალდამცველებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ წყალდიდობის გამო თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა და რიგ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თავდაცვის სამინისტრო. მობილიზებულია სპეცტექნიკა. სტიქიის ზონაში მუშაობს საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა. სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენებითაც ხორციელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG