Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეჩერების მოლოდინში


პრესკონფერენცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში
პრესკონფერენცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში

არასათანადო სამუშაო პირობები და ამორტიზებული შენობა, სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილი ვიდეო-აუდიო-ფოტო არქივი, რეგიონალური ოფისების არარსებობა, მწირი ტექნიკური აღჭურვილობა, არამიზნობრივად დახარჯული რამდენიმე ასეული მილიონი ლარი - ეს ის პრობლემებია, რომელთა გადასაჭრელადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სამწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო საზოგადოებას - გეგმა, რომელიც, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, გადაცემების შეჩერებას გულისხმობს, იმისათვის რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთლიანად არ შეწყვიტოს ფუნქციონირება.

შეჩერების მოლოდინში
please wait

No media source currently available

0:00 0:06:15 0:00
გადმოწერა

ამ ეტაპზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არც ერთი გადაცემა არ დაიხურება. არც შეჩერდება. ის 102 გადაცემა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სხვადასხვა პლატფორმაზე გადაიცემა, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას - ოღონდ იმ დრომდე, სანამ მაუწყებლის სამეურვეო საბჭო არ დაამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნისა და განვითარების სამწლიან სამოქმედო გეგმას, რომელიც 6 თებერვალს წარუდგინა საზოგადოებას მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ და რომელიც, სხვა ჩანაფიქრებთან ერთად, რამდენიმე ათეული გადაცემის შეჩერებას გულისხმობს:

ჩვენც გვაქვს ეს შეკითხვები: რას ნიშნავს გადაცემების გაჩერება? როდის უნდა გაჩერდეს? რომელი უნდა გაჩერდეს? ყველა უნდა გაჩერდეს? რა თანამიმდევრობით? რატომ უნდა გაჩერდეს? რა თანხები გამოთავისუფლდება? ამ თანხებით რა შედეგს მივიღებთ? დამიჯერეთ, მილიონი კითხვაა...
გია ნიჟარაძე

„საჭიროა ფინანსები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა და ამისათვის საჭიროა, რომ 2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. აქ რაზეა საუბარი, - ჩვენ კი არ ვაჩერებთ გადაცემებს, ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. აი, ეს არის ჩვენი გეგმა. ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა და, ამავე დროს, ვხსნით კარს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ მარტო ჩვენ კი არ დაგვისვან ეს კითხვები, არამედ წარმოადგინონ თავიანთი რეკომენდაციები, თავიანთი საექსპერტო დასკვნები და მე ძალიან გამიხარდება და ჩვენს გუნდს ძალიან გაუხარდება და ადგილსაც დავუთმობ დიდი სიამოვნებით, თუ ვინმე შეძლებს მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანას და კრიზისში რომ ვართ, მგონი, ამაზე ვთანხმდებით. მე სიამოვნებით მოვისმენ კრისიზიდან გამოსვლის ისეთ გეგმას, რომელიც არც გადაცემების შეჩერებას გულისხმობს და დღეს არსებული თანხებით ტექნიკის ყიდვასაც შევძლებთ. მე ამ გეგმას სიამოვნებით მოვისმენდი და არამხოლოდ ფეისბუკის ლანძღვის რეჟიმში“.

ანუ, მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის მიხედვით, იმისათვის რომ კრიზისში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებელი მდგომარეობიდან გამოვიდეს, 2018 წლამდე უნდა შეჩერდეს ყველა გადაცემა, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა. გეგმის მიხედვით, უნდა განხორციელდეს, ასევე, თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარი, გამოთავისუფლებული თანხები კი მოხმარდება მაუწყებლის მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის განახლებას. ვასილ მაღლაფერიძე არ აკონკრეტებს, თუ რამდენი თანამშრომელი შეიძლება მოექცეს ოპტიმიზაციის ველში და ამბობს მხოლოდ იმას, რომ სამოქმედო გეგმა არის საფუძველი დისკუსიის დაწყებისთვის. ამასვე ამბობს ვასილ მაღლაფერიძის მრჩეველი ია ანთაძეც, რომლის თქმითაც, საბოლოო სიტყვა გეგმის დამტკიცების შემდეგ ამ გეგმის მიხედვით დასახული ამოცანების შესრულების თაობაზე სამეურვეო საბჭოს ეკუთვნის:

„ამიტომ არ ვლაპარაკობთ ამ გეგმის კონკრეტულ შედეგებზე. ამიტომ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ შევთავაზეთ სამეურვეო საბჭოს, რომ მან ჩვენთან ერთად, საზოგადოებასთან ერთად, დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად გადაწყვიტოს, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური გზა საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანისა. რადიკალური ღონისძიებებია გასატარებელი. როდესაც კონკრეტულ სახეს და შინაარსს მიიღებს ის ღონისძიებები, რაც აქ უნდა გატარდეს, მერე ვისაუბროთ კონკრეტულ შედეგებზე“.

როდის, რა ვადებში განიხილავს სამეურვეო საბჭო წარმოდგენილ გეგმას - ამ პროცესს კანონმდებლობა არ არეგულირებს. ანუ, ვასილ მაღლაფერიძის სიტყვებით, პროცესი შესაძლოა დიდხანს, უსასრულობამდე გაიწელოს. ამ კითხვაზე პასუხი არც სამეურვეო საბჭოს წევრებს აქვთ. ერთადერთი, რასაც ისინი ამბობენ, არის ის, რომ საკითხი ერთ და ორ კვირაში ვერ გადაწყდება და სამოქმედო გეგმის განხილვა ხანგრძლივი პროცესი იქნება, რომელიც ფართო ჩართულობასა და დისკუსიას გულისხმობს. არაფერს ამბობენ ისინი არც დეტალებზე, რადგან, ისევე როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭომაც 6 თებერვალს შეიტყო ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შინაარსი. გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილი პრესკონფერენციით გამოეხმაურა. მათ შორის იყო გია ნიჟარაძე, რომელიც ამბობს, რომ, ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მსგავსად, მათაც ბევრი შეკითხვა დაუგროვდათ, შეკითხვებზე პასუხები კი დისკუსიების შედეგად უნდა გამოჩნდეს:

„ჩვენც გვაქვს ეს შეკითხვები: რას ნიშნავს გადაცემების გაჩერება? როდის უნდა გაჩერდეს? რომელი უნდა გაჩერდეს? ყველა უნდა გაჩერდეს? რა თანამიმდევრობით? რატომ უნდა გაჩერდეს? რა თანხები გამოთავისუფლდება? ამ თანხებით რა შედეგს მივიღებთ? დამიჯერეთ, მილიონი კითხვაა. ბევრად მეტი კითხვა გვაქვს ჩვენ, ვიდრე თქვენ. ასე რომ, აქედან გამომდინარე, ძალიან რთული პროცესია ეს, მაგრამ კარგია, რომ ეს ადამიანი და ეს ჯგუფი ამბობენ, რომ ეს არის მათი ხედვა, მაგრამ ისინი არ არიან ლურსმნებით დაჭედებულები. ვიმსჯელოთ ყველამ ერთად. იქნებ უკეთესი წინადადებები იყოს, იქნებ კომპრომისული ვარიანტები მივიღოთ“.

ბევრი კითხვა აქვს გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს კიდევ ერთ წევრს, სულხან სალაძეს. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სალაძე ამბობს, რომ იმგვარი სახით შემუშავებულ გეგმას, რომელიც რადიკალურ გადაწყვეტილებას და გადაცემების შეჩერებას გულისხმობს, ის მხარს არ დაუჭერს. მისი ვარაუდით, მას არც სამეურვეო საბჭო დაუჭერს მხარს, თუკი მის გადაწყვეტილებაზე გარე ფაქტორებმა არ მოახდინა გავლენა:

„ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძალიან მცირეა შანსი, შეიძლება არც იყოს შანსი, რომ საბჭომ ამ დოკუმენტს დაუჭიროს მხარი, თუკი არ იქნება გარედან მცდელობა, რომ საბჭოს საქმიანობაში ვინმე ჩაერიოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით და ვის მიერ, დიდი ალბათობით, ეს პროცესი საბოლოოდ ისეთ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეს, რომელიც მიახლოებული იქნება რეალურ გამოწვევასთან და არა მხოლოდ ის, რომ 101 გადაცემა დავხუროთ ერთ დღეს და ადამიანები გავუშვათ სახლში. ახლა ლაპარაკობენ გადაცემების შეჩერებაზე, მაგრამ ეს შეჩერება არ არის თავისი არსით, ეს არის დახურვა“.

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე

„უპასუხისმგებლო კონცეფცია“ - ასე აფასებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. მისი თქმით, საარჩევნო წელს და კონსტიტუციური ცვლილებების მიმდინარეობისას საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატებისა თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შეჩერება - ეს არის უარი იმ ვალდებულებებზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობით აკისრია:

„წელს მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის 0,14 % საქართველოს საზოგადოებამ გაიღო სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებისთვის და არა იმისთვის, რომ ეთერში ისმოდეს შიშინი. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე ამ გადაცემების ნაცვლად გავა ძველი, არქივის გადაცემები, მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმები. ეს, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, უტოლდება იმ შიშინს, რომელიც არაფერს არ მისცემს საზოგადოებას. საზოგადოებას მაუწყებლისგან სჭირდება მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ანალიზი“.

აღსანიშნავია ისიც, რომ, სამოქმედო გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს ახალ შენობაში გადასვლას, რეგიონალური ოფისების გახსნასა და არქივის გაციფვრას, რისთვისაც 45 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც 6 თებერვალს ვასილ მაღლაფერიძემ მიაწოდა ჟურნალისტებს, ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯს, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში 410 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც, მისი თქმით, ტექნიკური აღჭურვილობისათვის მხოლოდ 5 % დაიხარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG